მთავარი > სხვადასხვა > წმინდანნი და წმინდა ცხოვრება
წმინდანნი და წმინდა ცხოვრება20-09-2013, 00:02 |
ბავშვობაში, წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი,
თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა
და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა,
ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ
შორდებოდა.
ბერი ფილოთეოსი
* * * გზა წმინდანობისა მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებით განეწმიდათ გონება ყოველგვარი წარმოსახვებისაგან; წმინდანები ამბობდნენ: „მე დავიტანჯები ჯოჯოხეთში" და ამას ამბობდნენ მიუხედავად იმისა, რომ თუ სული მიუსჯის თავის თავს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამასთანავე იმედი ექნება ღმერთის გულმოწყალებისა, მაშინ ძალა ღვთისა მოდის სულში და სულიწმიდა ნათლად დაამოწმებს ხსნას. თვითგმობით სული მორჩილი ხდება და უკვე არ არის მასში არავითარი ზრახვა. იგი წმიდა გონებით წარსდგება ღმერთის წინაშე. აი, სიბრძნე სულიერი.
* * * მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთქმედების ძალას, ისინი კურავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვით გადმოჰყავდათ ციდან წვიმა, მე კი მინდა ვისწავლო მხოლოდ მორჩილება და ქრისტესმიერი სიყვარული, რათა არავის ვაწყენინო, არამედ ვილოცო ყველასათვის, როგორც საკუთარი თავისათვის.
* * * წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყვეტელ გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.
წმიდა სილუანი
* * * დაუახლოვდი მართალთ და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები.
წმიდა ისააკ ასური
* * * კეთილი მაგალითი თითქოსდა ნიმუშია, რომელსაც სხვებიც გადაიღებენ.
ნეტარი იერონიმე
* * * კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თვისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.
წმიდა ანტონი დიდი
* * * მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მოდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.
წმიდა გრიგოლ სინაელი
* * * სხვაგვარნი იყვნენ წარსულის წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოცვით მოიკრიბება.
ბერი იოანე სამებელი (ტროიცკი)
* * * ღვთაებრივ მადლს შეიძლება ღვთაება უწოდო. წმინდანი ღვთაებრივი მადლის ზიარი ხდება, ხოლო იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ღვთაებრივი ბუნებისაგან განუყოფელია და განუშორებელი, წმინდანები ერთგვარი მიუწვდომელი და გამოუთქმელი სახით ამ ბუნების თანაზიარი ხდებიან და ამავდროულად ბუნებით სხვანი რჩებიან.
გრიგოლ განმანათლებელი
* * * წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს - ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?!... ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად აქცია ღმერთმა.
* * * წმიდანის პატივისცემას შეადგენს მისდამი მიბაძვა.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * წმინდანები გვეხმარებიან, როცა მართლაც არსებობს ამის საჭიროება და არა მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ ამის აუცილებლობაა. ანუ ისინი გვეხმარებიან მაშინ, როცა ეს ჩვენვე გვარგებს.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * * წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი, - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი - ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწყინებული სხივია.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) უკან დაბრუნება |