მთავარი > სხვადასხვა > მრავლისმეტყველება

მრავლისმეტყველება


18-08-2013, 00:04
მრავლისმეტყველება   ენა თავის თავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც.

 

* * *

   ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: ნამეტნავისაგან გულის იტყუან ბაგენი (I, 432-433).

 

* * *

   ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *

   ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავისმოწონება სჩვევია.

 

* * *

   მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტი სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამთრგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

 

* * *

   შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობენ. მე ევუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 105).

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი

 

 

* * *

   უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა. გახსოვდეს დედ - მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენ დაბადების დღეს დაწყევლი. ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოსწორდება.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 23-24

 

 

* * *

   ღობის გარეშე დარჩენილი ბაღი გაითელება და გაჩანაგდება; ამგვარადვე დაღუპავს თავის სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოიზღუდავს თავის ბაგეთ.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

   ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა" „ეშმაკის" სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა, ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობრიობას ეთამაშება. მის დაღუპვას დასცინის, ამიტომაც ხუმრობას მიჩვეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანატისტი ქმნის ერთგვარ „რეალობას", ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება.

 

* * *

   მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცუნს ადარებდა, რომელიც არ ათბობს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი, რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა - ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მიმსგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფარს ხდის. ეს ამპარტავნების წარმონაშობია: დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრაფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს. როცა ხუმრობა გვესმის, კმაყოფილებას ვგრძნობთ სწორედ იმიტომ, რომ ის ჩვენში დაგროვილი ბოროტების პოტენციალს განმუხტავს.

 

* * *


   მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავლისმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავლისმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს, არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღებამისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებს. ჭეშმარიტად - „სიტყვები განაბნევენ, მდუმარება კრებს". მრავალსიტყვაობის ბოლო სულის დაცარიელება და მადლის დაკარგვაა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


უკან დაბრუნება