მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ექსტრასენსები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ექსტრასენსები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


21-05-2023, 09:13

 

 

 

"ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ" (მათ. 24.4.) 

 

   მაცხოვრის სასწაულებს თუ ყურადღებით წავიკითხავთ, გავარკვევთ, რომ ადამიანის ყველა უბედურებისა და სნეულების მიზეზი ცოდვაა. ამიტომაც ეკლესია ადამიანს, პირველ ყოვლისა, ცოდვებისაგან კურნავს. შედეგად სულიერი სიმშვიდე ეუფლება ქრისტიანს. შემდეგ იგი ჯანსაღ სულისკვეთებას სხვა ადამიანებსაც გადასცემს.

  დღეს, სულიერი სიდუხჭირის პირობებში, მეტად დაშორებულნი ვართ ღმერთს. ამიტომ ხშირად უძლურნი და უსუსურნი ვრჩებით ამა სოფლის ნაირსახოვანი გამოწვევების წინაშე. ეშმაკის ცრუსასწაულების კიდევ ერთი სახეს ექსტრასენსები გვთავაზობენ. ისინი ბიოველებით, ენერგიის მიწოდებით "მკურნალობენ” თავიანთ პაციენტებს. ამ საკითხის მკვლევარებს, აღმოსავლური რეფლექსოთერაპიის მუშაკებს აქვთ მონაცემები. ირკვევა, რომ ყოველი ადამიანი ფლობს სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ მარაგს, რომელიც სისხლის მიმოქცევის მსგავსად წრიულად მოძრაობს, ცირკულირებს განსაზღვრულ ენერგეტიკულ მერიდიანზე. თუ ორგანიზმის რომელიმე მონაკვეთში ენერგეტიკული საცობია, ან ენერგეტიკული უკმარისობა ჩნდება, მაშინ შესატყვისი მერიდიანის ორგანო სნეულდება. საჭიროდ მიიჩნევა ჯანმრთელი ორგანოების ენერგიის გადატანა ავადმყოფში. სწორედ ამ რეფლექსოთერაპიის მეთოდს იყენებენ ჯადოქრები და ექსტრასენსები. ისინი ენერგიას გადასცემენ პაციენტს, მაგრამ ეს ენერგია მფლობელის (ექსტრასენსები) სრული ინფორმაციის მატარებელია. შესაბამისად ყველა მისი სულიერი მანკიერებაც პაციენტს გადაეცემა. ა.სპირკინის ლაბორატორიის კვლევის დასკვნებში წერია: "მაგალითად, შიზოფრენიით დაავადებულს სხვისი კურნების არანაირი უფლება არა აქვს. მისი დასნეულებული ენერგოინფორმაცია შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც გადაეცეს."1

  ამრიგად, როდესაც ექსტრასენსი დარბაზში ან ტელევიზიით გამოდის, მისი ენერგოინფორმაცია შედის მსმენელებში, იწვევს მათი ორგანიზმის ნგრევას, შინაგან მოშლილობას. მაგალითად: თუ ექსტრასენსი ვნებიანი ადამიანია, ეს ვნებიანობა ავადმყოფსაც გადაეცემა. გადადის ინფორმაცია იმ სნეულებებისა, რომლითაც ავადაა ექსტრასენსი. შესაძლოა უკუპროცესებიც — ავადმყოფის სნეულებანი ექსტრასენსს გადაეცეს. საბოლოო ჯამში, თავად ექსტრასენსები ძლიერ სნეულდებიან, ხოლო "განკურნებული" პაციენტები კვლავ ავადდებიან.

  ექსტრასენსებს ენერგიის მიღების სხვა წყაროც აქვთ. როგორც თავად ამბობენ, ,,ენერგიას კოსმოსიდან” იღებენ. კოსმოსი მეტად აბსტრაქტული ცნებაა, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებლურ ჭრილში ვცადოთ მისი გაანალიზება. ექსტრასენსები ამბობენ, რომ სეანსების დროს მათზე ზეციდან გადმოდის ენერგია და ისინი მას იყენებენ. იბადება კითხვა: საიდანაა ეს ენერგია? თუ ენერგია გადმოეცემა, შესაბამისად არსებობს ისიც, ვინც მას აწვდის. ვინ არის ის?

  როგორც სახარება ბრძანებს: "...ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს” (მათ. 12.33). იაკობ მოციქულიც მოწმობს იმავეს: "ერთი წყარო მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოაცენებს... ხოლო უკუეთუ შურ მწარე გაუქუნდეს და ხდომათ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არ არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქვეყანისაი, მშვინვიერი და საეშმაკო”. (იაკ. 3.12.14-15)

  ამრიგად, თუ ექსტრასენსული ნიჭის მქონე ადამიანი შურიანი და სხვა მრავალი ცოდვის მქონეა, შესაბამისად, მისი ნიჭიც დემონური ხასიათისაა; ეს კი დამანგრეველად მოქმედებს მასზეც და მის პაციენტებზეც.

  ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) წერილსაც მოვიშველებთ: ,,თავად ჰიპნოზიორები არ მალავენ, რომ ე.წ. აღმოსავლური  სისტემებით სწავლობდნენ. მაგრამ რა არის ეს აღმოსავლური სისტემა? ოკულტიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული სწავლება.

  მაცხოვრის სიტყვისამებრ, ცრუ სასწაულებით ეშმაკი შეეცდება მთელი კაცობრიობის ცდუნებას. ამ ცდას რჩეულნიც კი ძლივს გადაურჩებიან. (იხ. მათ. 24.4.) რჩეულნი – ეს მართლმდიდებული ქრისტიანებია, ვინც ჭეშმარიტ გზაზე დგას, ეზიარება წმიდა საიდუმლოთა; მათ ცდუნებასაც ლამობს სიცრუის სული. ის ხილული სიკეთეებით, "კურნებებით” და მსგავსი საცთურებით ესწრაფვის ადამიანთა მოხიბლვას. მაგრამ ეს კურნებანი, როგორც ყოველივე ბნელი ძალების მიერ განხორციელებული,  არამყარი და მოჩვენებითია. ამას ურწმუნონიც კი ამჩნევენ. ბულგარეთში გამოიკვლიეს მსგავსი სეანსები და რა? სეანსის მსველობისას მართლაც ნაკლები ზარი გაისმა სასწრაფოში, მაგრამ ამან მცირე ხანს გასტანა. შემდეგ სნეულებებმა ახალი ძალით იფეთქა და თვითმკვლელობების მრავალი ფაქტიც დაფიქსირდა.

  ცხადია, ეს არ არის კურნება, ეს არის ტკივილის შენელება. მორფი აყუჩებს ტკივილს ცოტა ხნით. ამ დროს ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის განიკურნა. მორფის მოქმედების ვადა სრულდება და დაავადება კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით ბრუნდება. იგივე ითქმის ექსტრასენსებზეც. მაგრამ აქ მოჩვენებითი განკურნება არა ილუზიურ, არამედ რეალურ სულიერ ნგრევას იწვევს.2

   დავასკვნათ: ექსტრასენსებისა და მსგავსი "მკურნალების" რწმენა გვაშორებს ქრისტეს ეკლესიას, ღვთის მადლს. ის ფიზიკურადაც და სულიერადაც ასნეულებს ადამიანს, ერთი სიტყვით, დემონურ მარწუხებში ამყოფებს მას. (გაგრძელება...)

 

 


1 იქვე. გვ.490.

2 Арх. Рофаил (Карелин), Путь Христианина М. 2005. გვ.481.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება