მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > სულიწმიდის მადლი
სულიწმიდის მადლი23-12-2022, 17:28 |
ეკლესია გვასწავლის,
რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან,
ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან,
სიცოცხლე სიცოცხლისაგან.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
* * * იცოდე: როცა სულიწმიდის მადლი წაერთმევათ, მაშინ ლიტურგიასა და ლიტანიას აღასრულებენ დიდ შარაგზაზე კუნტრუშით, როგორც ახლა დასავლეთში ხდება. ერთმანეთს დაუგზავნიან ნაირნაირი შინაარსის ეპისტოლეებს, მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ, ანუ ბერმონაზვნები ხელს მიჰყოფენ ლიტერატურას, სამეცნიერო და პოლიტიკური საკითხების კვლევას, ხოლო მათი განწყობა კი სულიერი მადლიდან ამაოებისაკენ მიიქცევა მთლიანად.
წმიდა მამა ნილოს მირონმდინარე
* * * იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმინდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია.
ღირსი იოანე სინელი
* * * სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა - განათლებისა... იგი გონიერი არსია, ძალით - უსასრულო, სიდიადით - უსაზღვრო არსი, რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით, საუკუნეებით.
* * * სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.
* * * სულიწმიდისაკენ ისწრაფვის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიოს. იგი სხვებს სრულყოფს, თავად კი არაფერს საჭიროებს. იგი ჰგიებს განახლების გარეშე და არის ცხოვრების მომნიჭებელი... იგი მატების გზით კი არ აღორძინდება, არამედ იმთავითვე და მარადის აღსავსეა, ყოვლადსრულია, საკუთარ თავზეა დაფუძნებული და ყველგან ჰგიებს. რამეთუ სული იყო უწინარე ყოველთა საუკუნეთა, იყო და მარადის არის მამისა თანა და ძისა თანა. ხოლო თუკი რაიმეს წარმოიდგენ საუკუნეთა მიღმა, გულისხმაჰყოფ, რომ იგი სულის შემდეგაა. თუკი ქმნილებას წარმოიდგენ, მიხვდები, რომ ზეციური ძალები სულიწმიდით დაემკვიდრნენ. სულიწმიდისაგან მოემადლა ზეციურ ძალებს თანაზიარობა ღმერთთან, მიუდრეკელობა ცოდვისაკენ და ნეტარებაში ყოფნა.
წმიდა ბასილი დიდი
* * * სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა გარკვეული ზომით ყველა ადამიანში ცხოვრობს და მით უმეტეს ქრისტიანში, მაგრამ არაა საჭირო მადლის ეს მცირე გამოცდილება გავაზვიადოთ და კადნიერად ამოვიდეთ იქედან. სულიწმიდა, რომელიც ყოველთვის რეალურად იმყოფება ეკლესიაში, მოთმინებით და თვინიერად ეძებს და ელოდება ყველა სულს, მაგრამ თვითონ ადამიანი არ აძლევს მას თავისუფლებას იმოქმედოს მასში და ამიტომ რჩება ნათლის გარეშე, რჩება სულიერი ცხოვრების საიდუმლოებების შეცნობის გარეშე.
* * * ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შევიცანით მადლი სულიწმიდისა...
* * * სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმიდანის სულზე და აქ, დედამიწაზე ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; იცნობს მას ჩემი სული; მაგრამ აღწერა მისი შეუძლებელია. იგი თვინიერია და მორჩილი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთის და მოყვასის სიყვარულით; თვითონაც ხდება თვინიერი და მორჩილი, მაგრამ თუ ადამიანმა დაკარგა მადლი, ტირილს დაიწყებს, ისე, როგორც ადამი ტიროდა სამოთხიდან განდევნისას. ქვითინებდა ადამი და ეს ქვითინი მთელ უდაბნოს ესმოდა. მწარე იყო და მტანჯველი მისი ცრემლები... დიდხანს, ძალიან დიდხანს აფრქვევდა იგი მას. ღმერთის შემმეცნებელი სული როცა კარგავს მადლს, მოწყენილია ღმერთზე და ამბობს: „მოწყენილია სული ჩემი ღმერთზე ფიქრით და ცრემლიანი დავეძებ მას".
წმიდა სილუანი
* * * სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო, - ასე რომ ყოფილიყო, ეს - მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებული საქმისათვის მიგებული გასამრჯელო! - არამედ, ოდენ რწმენისათვის! და მოენიჭება საღმრთო მადლი უწინარეს ნებისმიერი კეთილი საქმის აღსრულებისა, რათა მასზე, ვითარცა უმტკიცეს საფუძველზე, დაემყაროს ადამიანის ყველა კეთილი საქმე. ასე, რომ ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ჩვენგან და არ აღიარებს კეთილ საქმეებად არც ერთ ჩვენს საქმეს, თუკი ისინი ჩვენ სულიწმიდის მადლის შეწევნის გარეშე მოგვიმოქმედებია. ღმერთის შეუწევნელად რომ ყოფილიყო შესაძლებელი კეთილ საქმეთა მოქმედება, მაშინ იგი არც გარდამოხდებოდა ქვეყნად ჩვენი ხსნისათვის.
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
* * * ჩვენი სული ღმერთისაგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.
ნეტარი ავგუსტინე
უკან დაბრუნება |