მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ეკლესიის დევნის ფორმები
ეკლესიის დევნის ფორმები10-07-2013, 00:07 |
||
„უკეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ" (იოანე 15. 20)
უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა: „თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ წუთისოფლისაგან, ამიტომაც სძულხართ წუთისოფელს" (15. 19). ჩვენ ვხედავთ, როოგორ სრულდება ეს სიტყვები ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე. იცვლება ქრისტეს მიმდევართა დევნის მხოლოდ ფორმები. ის სულ უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება. ღვთივსათნო ცხოვრების გულწრფელი მოსურნენი სათნო არ არიან სამყაროსათვის, რომელიც თუნდაც მრავალი არ აცნობიერებდეს ამას, ღრმადაა ჩაფლული ბოროტებაში. ქრისტეს გზით მავალნი არასდროს იყვნენ და არც დღეს არიან სასურველნი - ისინი ხომ ფეხდაფეხ არ მიჰყვებიან დროის სულს, ხელს უშლიან ბოროტებას თავის საქმეთა აღსრულებაში. ამიტომაც იწყება მათი ყოველმხრივი შევიწროება. ხშირად მათ გასაქანს არ აძლევენ, ჩაგრავენ და ბოლოს აშკარადაც დევნიან. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ისინი მდუმარედ არ სხედან, პირიქით ცდილობენ ყველას აუხილონ თვალი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და ამხელენ მოზეიმე ბოროტებას. ბევრი ასეთი სათნო მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ეკლესიის ისტორიაში. მწყემსმთავრებიც იყვნენ მათ შორის და რიგითი მორწმუნეებიც.
დევნის პირველი ფორმა თავდაპირველად ქრისტიანებს აშკარად დევნიდნენ. მოგეხსენებათ, ყველა მოციქულმა, იოანე ღვთისმეტყველის გარდა, ამქვეყნიური ცხოვრება მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა. მდევნელები ამბობდნენ, რომ ქრისტიანები ადამიანთმოძულენი არიან, რომ ისინი საკუთარ თავსაც და სხვებსაც ართმევენ ცხოვრების სიხარულს. დოგმატებისადმი ქრისტიანების ერთგულებას წარმართები ფანატიზმად მიიჩნევდნენ. სისხლიანი დევნა ხშირად არც ჰუმანისტური თუ ლიბერალური პოზიციების ერთგულებს არ უთაკილიათ. ქრისტიანებისთვის ყველაზე საშინელი იმპერატორ დიოკლეტიანეს ეპოქა იყო. ამ დროს ბეთანიის მმართველმა ფელიქსმა დაწერა წიგნი, რომლითაც იგი შეეცადა დაერწმუნებინა ქრისტიანები, რომ მათსა და წარმართებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. მისეული კომპრომისული გადაწყვეტილების მიხედვით ქრისტიანებს თაყვანი უნდა ეცათ „ქრისტესთვისაც და ასევე წარმართული ღმერთებისათვისაც". როდესაც მმართველი დარწმუნდა, რომ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდოდა, იგი ქრისტიანების ყველაზე საშინელი მდევნელი გახდა.
დევნის მეორე ფორმა შემდეგში აშკარა დევნა უფრო დახვეწილი, მრავალთათვის შეუმჩნეველი, მაგრამ გონებაგანწმენდილთათვის საკმაოდ მკაფიო შეიქნა: მდევნელები ქრისტიანებისაგან არა ქრისტეს უარყოფას, არამედ ერესის (ცრუ სწავლების) მიღებას მოითხოვდნენ. ეს ისეთივე დამღუპველი იყო, როგორც ქრისტეს უარყოფა. ამ პერიოდს წმიდა მამები ტრინიტარული ერესების ეპოქას უწოდებენ, რომელიც წმიდა სამების პირთა შესახებ არასწორი სწავლების ქადაგებას გულისხმობდა. დედაეკლესიამ შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებით დაგმო ყოველგვარი ცრუ სწავლება და მართლმადიდებლური სწავლება დაადასტურა. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი წმიდა მამა (ათანასე დიდი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, თეოდორე სტუდიელი და სხვები), აგრეთვე ეკლესიის სხვა მრავალრიცხოვანი მრევლის წარმომადგენლები დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. საგულისხმოა ერთი რამ: მდევნელების მიზანი იყო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რელიგიურ - ზნეობრივადაც გაენადგურებინათ პიროვნებები. ამიტომ ბნელმა ძალებმა დაასკვნეს, რომ უხეში დევნის ეტაპი დასრულდა და ისინი სხვაგვარად ამოქმედდნენ.
დევნის მესამე ფორმა ქრისტიანული რწმენა, მისი გაგება, თავის ნებაზე იქნა მიშვებული. დაე, ვისაც როგორ სურს, ისე სწამდეს, ხოლო ქრისტეს მცნებებით ცხოვრება - უარყოფილი. ამ ხანებში ამკვიდრებენ საპირისპირო ცხოვრების წესს, რის შედეგადაც სარწმუნოება ვერაფრით გახდება ქმედითი, ცოცხალი ანუ სულიერი. სარწმუნოება თვინიერ რწმენის საქმეებისა, ანუ დოგმატების, კანონების, მცნებების აღუსრულებლად, მკვდარია. მდევნელთა ახალი ტაქტიკა ითვალისწინებს, არ დაანგრიონ ტაძრები, მაგრამ... ადამიანის გულის ტაძარი ისე უნდა დაანგრიონ, რომ უუნარო შეიქნეს იგი იმ მადლის მისაღებად, რაც ეკლესიაში საიდუმლოებებთან ზიარებისას გადმოდის. თუ აშკარა დევნისას ხალხი სალოცველად ტაძრის ნანგრევებში იკრიბებოდა, თუ ძალადობას, თვით სიკვდილსაც კი არ შეეძლო დაენგრია ქრისტეს სიყვარულით აღვსილი გული, ამჯამად ფორმა სხვაა - ხან ჯიქური, ხან შენიღბული. ამრიგად, დაპირისპირება ამა სოფელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის წამითაც არ სუსტდება. თანამედროვე იდეოლოგიები; როგორებიცაა თეოსოფია, ეკუმენიზმი თუ პანეკუმენიზმი, რომლებისთვისაც ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს, ქრისტიანობას არა ყველა ერის ჭეშმარიტებად, არამედ რეგიონალურ რელიგიად აცხადებენ. ამდენად, დევნის ეს ფორმა სულ უფრო საშიში ხდება და საშინელ ქარიშხლად მოვარდნით გვემუქრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამა სოფლის სული არის ყოველივე წმინდის, ზეციერისა და ღვთაებრივის დევნის და შევიწროების სული. ღვთისადმი მტრულად განწყობილ სამყაროს არ შეუძლია იმის ატანა, რაც ღვთაებრიობის ბეჭედს ატარებს, რაც ღმერთს ახსენებს. ამიტომაც ავიწროებს, ზღუდავს და თავისი მიწაწყლიდან დევნის რწმენის, ღვთისმოსაობის გამოვლინებას. ასე და ამრიგად, ვდგავართ ახლა პარადოქსის წინაშე: მართლმადიდებელ ქვეყანაში მართლმადიდებლების დევნაა. ეს ფაქტია, ეს ცხადია. მდევნელი კი არ არის ცხადი, ის არ ჩანს. უკან დაბრუნება |