მთავარი > სხვადასხვა > მოთმინება და „ტოლერანტობა“

მოთმინება და „ტოლერანტობა“


9-07-2013, 00:05
მოთმინება და „ტოლერანტობა“

 

 

 „მარტო უვიცობამ წაართვა სადავე კაცსა..."

წმ. ილია მართალი

 

სიკეთისა და ბოროტების საზომი

  

   ადამიანთა უმეტესობას არ გვესმის სულიერი საფუძვლები იმისა, რაც ამქვეყნად ხდება. ამიტომ კაცთა ნამოქმედარს ძალიან ზედაპირულად, მხოლოდ გარეგნულის მიხედვით ვაფასებთ.

   ჩვენთვის პიროვნების საქმიანობა ან აშკარად ბოროტია ან აშკარად კეთილი. მსგავსი დაყოფისათვის ავისა და კარგის გარჩევის ყველაზე ბუნდოვან და არამდგარ საზომს ვიყენებთ - იმას, რაც საერო კანონებითა და შეხედულებებითაა მიღებული, რაც ამა სოფლის სულით არის გამოკვებილ - გამოზრდილი. თავად ეს სოფელი არ ფლობს იმ ჭეშმარიტებას, რომლითაც შეიცნობა ნამდვილი ღირებულება. ამის განსაზღვრის საშუალებას მხოლოდ ერთი კანონი გვაძლევს - ეს არის სახარებისეული კანონი. 

   მოგეხსენებათ, ადამიანი დაცემული არსებაა, მაგრამ ღმერთის მიერ მასში ჩადებულია ბუნებისმიერი სიკეთის რაღაც საწყისი და სისუფთავე. სწორედ აი ამ უბადრუკ ნაშთზე ააგო ადამიანმა თავისი სწავლება სიკეთესა თუ ბოროტზე, სიყვარულზე, სამართლიანობაზე და ა. შ.

 

 

ჭეშმარიტი მოთმინება

  

  ზემოთქმულის გააზრება ჭეშმარიტ მოთმინებასა და ახლანდელ „ტოლერანტობას" შორის განსხვავებას უთუოდ გამოააშკარავებს. სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ.

   მოთმინება ერთ - ერთი ქრისტიანული სათნოებაა. ამ ღვაწლს ადამიანი სრულყოფილების გზაზე მიჰყავს. იგი გულისხმობს ყველა უბედურების, განსაცდელისა და ჭირის უდრტვინველად გადატანას.

   წმიდა მამები ამბობენ, რომ მოთმინების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს სხვა სათნოების შესრულებას. მოთმინების გარეშე შეუძლებელია შეიცნო ჭეშმარიტება. წმიდა წერილის სიტყვით „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი".

   ამრიგად, სულიერი აღმავლობა შეუძლებელია მოთმინების გარეშე.

 

 

„ტოლერანტობა"

  

   თანამედროვე ყოფაში შემოიჭრა მოთმინების სხვაგვარი განმარტება - „ტოლერანტობა". ეს ცნება ხშირად სულაც არ გამოხატავს ქრისტიანულ შეხედულებას. რა თქმა უნდა, მოთმინებით უნდა ავიტანოთ ყოველივე თავს დამტყდარი, მაგრამ მომთმენნი ვერ ვიქნებით, როდესაც ფეხქვეშ თელავენ სიწმინდეს, რყვნიან  ჩვენს  შვილებს,  შეურაცხყოფენ  ჩვენს ზნეობრივ გრძნობებს, ადამიანურ ღირსებას - ღვთის ხატებას.

   თანამედროვე „ტოლერანტიზმის" მქადაგებლები, თითქოსდა ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით, ლამობენ სულიერისა და მიწიერის შერწყმას. მათ სურთ მართლმადიდებლობა სხვა კონფესიებთან და რელიგიებთან გააიგივონ. სწორედ ამ მცდელობაში ისახება აქამდე არნახული ომებისა და რევოლუციების მიზეზი - შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევარჭეშმარიტებასა და სიცრუეს.

 

 

 

რისი მოთმენა არ შეიძლება

  

   განა შეიძლება პატივისცემით მოვეპყროთ ფანატიკურ სექტებს, რომელთა გავლენის ქვეშაც შესაძლოა ჩვენი შვილები მოექცნენ? ნუთუ პატივი უნდა მივაგოთ ნაცისტების მრწამსს? ნუთუ გულხელდაკრეფილებმა უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ გარყვნილებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, არაფერი ვაკეთოთ, როცა მომავალს საფრთხე ემუქრება? ჩვენ მომთმენნი უნდა ვიყოთ „სხვაგვარად მოაზროვნე" ადამიანების მიმართ მანამ, სანამ ისინი მართლმადიდებლური სიწმინდის შეურაცხყოფას არ დაიწყებენ. რა თქმა უნდა, სიყვარულით უნდა დავითმინოთ შეურაცხყოფა, არავითარ შემთხვევაში არ მოვიძულოთ ისინი, არამედ შევიბრალოთ, ვით სნეულნი და შევეწიოთ სწორი გზის მოპოვებაში, თუკი ამას მოისურვებენ; თუმცა ყოველი ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის შებრალებით ცოდვა შევიწყნაროთ და დავაკანონოთ. ამიტომ ყველას, ვისაც სურს თავისი შვილი პატიოსანი, შრომისმოყვარე, მოსიყვარულე და მართალი გაიზარდოს, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს, აქვს უფლება დაიცვას თავისი ოჯახი, შვილები იმ ადამიანებისაგან, რომლებიც არა მარტო სახელმწიფო, არამედ ზნეობრივ კანონსაც, სინდისის კანონსაც არღვევენ.

 

 

ჭეშმარიტებისადმი გულგრილი დამოკიდებულება

  

  დღეს თითოეულს გვაქვს საერთო ცოდვა - სიმართლის, ჭეშმარიტების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.

   ადამიანებმა დავკარგეთ მარადიული ფასეულობები, ღმერთმა შექმნისას რომ გვიბოძა. ჩვენ დავივიწყეთ ღვთის მცნებები, საღმრთო სჯული. ამიტომაც შეგვისუსტდა რეაქცია (ანუ საპასუხო მოქმედება) არასასურველ ფაქტორებზე (ცოდვაზე). საერთოდ ჭეშმარიტების შეგრძნება, ჭეშმარიტების განცდა გვაქვს შესუსტებული.

   ამ პირობებში და ამ ფონზე ლამობენ აგვიფრიალონ „ტოლერანტობის" დროშა, მისცენ მას ნამდვილი თანამედროვე ღირებულების ფასი და მნიშვნელობა. ცოტა მძიმე და აუღებელი ტვირთი კია ეს ახლანდელი ტოლერანტობისათვის, ვინაიდან ისინი არ მოგვიწოდებენ ოჯახის სისპეტაკისკენ, სიწმინდისა და ზნეობისაკენ, ძალიან შორს არიან ჭეშმარიტების დაცვისაგან, რომლის წყალობითაც მრავალი ცხონდება.

   ტოლერანტობის თანამედროვე გაგება თავმოყვარებასა, გულგრილობასა და ხან ადამიანის ღრმა სიძულვილზეა დაფუძნებული. მასში ჩანს სურვილი მშვიდად დააღწიო თავი კონფლიქტურ სიტუაციას არა მოყვასის სიყვარულის, არა სხვისი აზრის (ხშირად ღირებულის, ტრადიციულის) გათვალისწინების გამო, არამედ მარტივი მიზეზით - არაფრად ჩააგდო სხვისი შეხედულება, იმოქმედო მხოლოდ საკუთარი ინტერესის (ხშირად ფინანსურის) დაკმაყოფილებისათვის.

   ვფიქრობთ, ამგვარი დამოკიდებულება დანაშაულის თავის ნებაზე, ანუ როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, სადავეზე მიშვებას გამოიწვევს.

   „მარტო უვიცობამ წაართვა სადავე კაცსა" ... - წერდა წმ. ილია მართალი.


უკან დაბრუნება