მთავარი > სხვადასხვა > გულის სიწმინდე

გულის სიწმინდე


31-07-2013, 00:05
გულის სიწმინდე   გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და გაიშლებიან სულში, როდესაც განეშორები ყოველივე ცოდვიანს. თუ გსურს შენს სულში დაისადგურონ ახალი ქვეყნის საიდუმლოებებმა, უწინარესად განამშვენე იგი ბერისთვის მცნებად დადებული საქმეებით: მარხვით, მღვიძარებით, მსახურებებით, მოღვაწეობით, მოთმინებით, ბილწი ფიქრების აღმოფხვრით. გონება მიაპყარ წმიდა წერილს და განისწავლე მით, უფლის მცნებანი მუდამ გაქვნდეს წინაშე თვალთა შენთა, განუწყვეტლად ილოცე და აღმოიფხვერი გულიდან იმ საგანთა ხსოვნა, რომელთაც უწინ ყურადღებას უთმობდი. განსწავლე გონება მუდამ მეცადინეობდეს იმ კეთილ საქმეებზე ფიქრით, რომელნიც მოგვეცა მაცხოვრისაგან, მხოლოდ, მაშინ მისწვდება გონება შენი, თუ რაოდენ სასარგებლოა სიწმინდე.

 

კიევო - პეჩორის ლავრის მღვდელ - მონაზონი ვლადიმერი

 

 

* * *

   ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.

 

ფსალმუნნი 21-24

 

 

* * *

   თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.

 

* * *

   წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივი) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.

 

* * *

   სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა. სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა. სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.

 

* * *

   სიწმინდის დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ - ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა (ხორცის აღძვრის), რომელიც არაწმიდა აზრების დაძლევით მიიღწევა.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *

   ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს; ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.

 

სახარება მათესი, თ. 6-7

 

 

* * *

   სიკეთეთა შორის უდიდესის - ნამდვილი სიწმინდის - მისაღწევად საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისაგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი. თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინაგან გულისსიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ამაოდ დავშვრებით. როდესაც ვიზრუნებთ ჩვენი სულის სისუფთავეზე, მაშინ დაიმკვიდრებს მასში მეუფე დიდებისა. მაშინ ჩვენი სული გახდება ღვთის ბრწყინვალე და წმიდა ტაძარი, რომელიც უფლისადმი გამუდმებული ლოცვის საკმევლის სურნელით იქნება გაჯერებული.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

* * *

   სიწმიდესაც აქვს განყოფილება და საჭირო არს წარმოჩინება თითოეულად: პირველი - სრულად უბიწოებით და შეუგინებლობით ქალწულად დადგრომა ვიდრე სულის აღმოფშვნამდე. მეორე - შეუგინებლად ქორწინება და ქორწინებულისა გარდა არა ვისთან შეცოდება, ესეცა წმიდაობა არს, ვითარცა წერილ არს: „ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელი". მესამე - მეძავობისგან დაცხრომა და სრულიად მოსპობა შეადგენს სინანულითა სიწმიდეს. მეოთხე - ქვრივნიცა თავის დამცველნი გაუთხოვრად წმიდად ითქმება და თუ მონაზონება შესძინა, ტაძრად სიწმიდისა ქმნულ არს. ხოლო ამათ შორის ერთი ქმრის ყოფილი განირჩევის და უსანატრელეს არს - უკეთუ ეგო სიწმიდით აღსასრულამდე ლოცვით, მარხვით და ძალისაებრ მოღვაწებით.

 

 

* * *

   სიწმიდით დაცულნი ოჯახნი ეკლესია არს ღვთისა, სადაცა ანგელოზებად იზრდებიან და ვიდრე ქორწინებამდე არ შეიგინებიან. ნეტარ არს ის ოჯახი, სადაც მეუღლენი გარდა მათისა არ ხედვენ სხვისადმი შეგინებას და შვილნი მათნი ქორწინებამდი გიან უბიწოდ. ჭეშმარიტად ესრეთი ოჯახი და მეუღლეობა ყოვლად კურთხეულ იქნება ღვთისა მიერ და შვილნი მათნი იქმნებიან ნეტარეულ ორთავ სოფელში.

 

 

* * *

   სიწმიდე პირველ უცოდველ საუკუნეში იყო ყოველთათვის სჯულად დადებული, ხოლო შემდგომ შეცოდებისა თავისუფლობით ითხოვების სჯული ესე, რამეთუ ქვეყნის საზოგადო სჯულად განმრავლება წარმოებს, ხოლო ესე აღრჩევით სჯულისა უმაღლესობა არს. ვითარცა იტყვის მაცხოვარი უქორწინებლობისათვის: „არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ესე, არამედ რომელთა ძალუძსთ, დაიტიონ".

 

 

* * *


   სიწმინდე ქვეყნის ბუნების კანონთაგანი არ არის, არამედ ზესთა არის ხილულის ბუნებისა, ამისთვის სიწმინდე უმაღლესია ცისა და ქვეყნისა და არის იგი უნივთო და უხორცო ნათელი, გვამსა ამას შინა შემოსრული.

 

წმიდა ალექსი ბერი


 


უკან დაბრუნება