მთავარი > მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > მისნობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მისნობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე16-05-2023, 00:00 |
"ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ". (მათ. 7. 15)
ცნობილია, რომ მომავლის ცოდნის სურვილი უძველესი დროიდან შეინიშნებოდა კაცობრიობაში. ცნობისმოყვარეობის ვნება მოსვენებას არ აძლევდა ამ სენით დაავადებულ ადამიანებს. ამის გამო, დღესაც მრავალი ადამიანი ცდილობს თავისი სამომავლო ხვედრის მისან-მჩხიბავებთან გაგებას. ჭეშმარიტ ორიენტირებს მოკლებული ადამიანი ეკლესიის სწავლებას არ ემორჩილება, დადის მისნებთან და პასუხად ამბობს: რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან, ყველაფერი გვიხდება? ამ კატეგორიის ადამიანებისათვის მცირე დამთხვევაც კი საკმარისია, რომ "წინასწარმეტყველებებით" წამსვე აღფრთოვანდეს. მას არ ადარდებს, რომ მკითხავის მრავალი ნათქვამი არ სრულდება. ამრიგად, ადამიანი ორი დილემის წინაშე დგება: პირველი - როგორ განასხვავოს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი მკითხავისაგან? მეორე – რატომ სრულდება მისნების "წინასწარმეტყველებები?" პირველ კითხვას ნაწილობრივ ვუპასუხეთ წინა თავებში. ამჯერად კი არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) აზრს შემოგთავაზებთ: "მისან-მეზღააპრეებმა და ცრუ წინასწარმეტყველებმა თავიანთი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციეს. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს გასცენ პასუხი ნებისმიერ კითხვას, რაც მომავალს ეხება. ხოლო წმინდანები ჭვრეტდნენ მომავალს მაშინ, როდესაც ღვთის მადლი აძლევდა მათ ამის ნიჭს. მამები მაშინ საუბრობდნენ მომავალზე, როდესაც ამას სარგებელი მოჰქონდა ადამიანებისათვის ან არიდებდა მათ მძიმე განსაცდელებს თუ საფრთხეებს. გარდა ამისა, წმიდა მამები არ იღებდნენ თანხას თავიანთ რჩევებში..."1 ყველასათვის ცნობილია, რომ მკითხავის (მედიუმის) ნამისნარი მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება, ხოლო უფლის წინასწარმეტყველნი არასოდეს ცდებიან. არ ხდება ისე, რომ რაღაც სწორად თქვან, და რაღაც – არასწორად; ყოველი მათი ნათქვამი ჭეშმარიტია და სწორედ ესაა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება. რაც შეეხება მეორე საკითხს: მამები ამბობენ, რომ ეშმაკმა ზუსტად არ უწყის მომავალი, მაგრამ დიდი ინფორმაცია აქვს და შეუძლია მეტნაკლებად ზუსტად გამოიცნოს, რა მოხდება ხვალ. სწორედ ამიტომ სატანურ წინასწარმეტყველებათა გარკვეული ნაწილი სრულდება. კიდევ უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე წმ. იოანე ოქროპირს დავეკითხოთ: "იმიტომ გიხდებათ მათი წინასწარმეტყველება, რომ გჯერათ. თუმცა ისიც საკითხავია, მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი შენი ცხოვრების ბატონ-პატრონად იქცევა და როგორც უნდა, ისე გათამაშებს. მითხარი, ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა, შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს, მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა, შეუძლია. რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ რომ, მის ხელთაა დაღუპვაცა და ხსნაც უფლისწულისა, რომელმაც ბატონად გაიხადა იგი. თუ ეტყვის მდიდარი იქნებიო, ანდა თუ ეტყვის, ღარიბი იქნებიო, ესეც მასზეა დამოკიდებული.ასეა ამ სოფელშიც: ადამიანთა უმეტესობა ხომ ეშმაკს დაემონა. მეორე მხრივ, ამ მატყუარებს ისიც ძალიან შველის, რომ კაცი მათ დაჯერებას ეჩვევა, მცდარ წინასწარმეტყველებას ყურადღებას არავინ აქცევს, ახდენილზე კი ბევრს ლაპარაკობენ. თუ მართლა აქვთ რაიმე ძალი წინასწარმეტყველებისა, მიჩვენონ მე, მორწმუნეს. ამას ქადილით როდი ვამბობ. არ ღირს იმით თავის მოწონება, რომ მათი არ მჯერა. ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ მათ კი არ დავემორჩილები, სასაცილოდაც ავიგდებ. მომგვარე რომელიმე თქვენი მისანი. დე მითხრას, რა მომელის, ხვალ რა მომივა. მაგრამ ვერ მეტყვის, რამეთუ უფლის ხელმწიფების ქვეშ ვარ და მისანს ჩემზე არავითარი ძალა და გავლენა არ გააჩნია. მე შორს ვარ მისი ქსელებისა და ორმოებისაგან, მე მეუფეს ვემსახურები... თუ მომავლის წინასწარმეტყველებას ბედავენ, მათი მორჩილი ზედმეტი ჭირის მეტს ვერაფერს იძენს: მისნობა არ უხდება და ამაოდ კი იტანჯება. მომავლის ცოდნა რომ ჩვენთვის საჭირო ყოფილიყო, ღმერთი არ დაგვიმალავდა, შური არ სძლევდა მას, ვინც გვამცნო ზეციური საიდუმლონი. "ყოველი რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქვენ" (ინ. 15.15) რატომ არ გამოგვიცხადა ღმერთმა მომავალი? უნდა, რომ საერთოდ არ ვზრუნავდეთ ხვალისათვის. ასე შურის გამო როდი მოგვექცა, თუნდაც ვირის ამბავი გავიხსენოთ (1 მეფ. 9). მათ იმიტომ უწინასწარმეტყველებდა, რომ ბავშვებს ჰგავდნენ. ჩვენ კი აგვარიდა საზრუნავი – შეუცნობელის ცნობა, რამეთუ სურდა, არ გვეფიქრა ხვალეზე. სანაცვლოდ კი რა გაგვიმხილა? ის, რაზეც ძველებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ყოველივე, მათთვის განცხადებული, უმნიშვნელოა. ჩვენ კი ვიცით, რომ მოგველის აღდგომა, რომ უკვდავნი და უხრწნელნი ვიქნებით, რომ ყოველივე ამა სოფლისა წარვალს, რომ ჩვენ ცად აღვიყვანებით, რომ ბოროტნი დაისჯებიან და კიდევ ბევრი რამ ვიცით ისეთი, რაც უტყუარი სიმართლეა. განა ამ ჭეშმარიტების ცოდნა არ სჯობს იმის ცოდნას, რომ დაკარგული ვირი მოიძებნა? ვთქვათ და იპოვე ეს ვირი. მერე რა? ხომ შეიძლება, ისევ დაკარგო? ან თუ არ დაკარგავ, სიკვდილის ჟამს თვითონვე დატოვებ მას მიწაზე. ხოლო ის სიკეთეები, ახლახან რომ ჩამოვთვალე, თუ მოვინდომებთ, ყოველთვის ჩვენთან დარჩება. მაშ მოდი, ამას ვეცადოთ: მარადიული და უცვალებელი სიკეთეები ვეძიოთ. ნუ ვუსმენთ მისნებს, ცრუ წინასწარმეტყველებსა და მკითხავებს, არამედ შევუდგეთ ღმერთს, რომელმაც ყოველივე იცის და ყოველივეს ხედავს. მაშინ ჩვენც ყველაფერი გვეცოდინება, რისი ცოდნაც ჩვენთვის საჭიროა და საუკუნო სიკეთეებს დავიმკვიდრებთ".2 ბევრი მედიუმი, მისანი, მკითხავი თუ ჯადოქარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ მათი უნარი ბუნების ნაკლებად შესწავლილ სფეროს განეკუთვნება. ამით ხიბლავენ ისინი ადამიანებს. გარკვეულწილად ეს მართალია, მაგრამ დავუკვირდეთ: არც ერთი მათგანი არ გვეტყვის, სფერო, საიდანაც ეს ნიჭები იღებენ სათავეს, დაცემულ სულთა სფეროაო. "ნაკლებად შესწავლილი სფეროს" ბურუსში სრულიად გარკვეულად მოქმედებენ მისან-მჩხიბავნი და მისთანანი. ისინი ნამკითხავ-ნამისნარ დამონებულებს თავიანთი დემონურ უნარებს ანიჭებენ, მათი სულები კი წარწმედისაკენ მიჰყავთ. საკითხის უფრო გასარკვევად ერთი თვალსაჩინო მაგალითი მოვიხმოთ. ბულგარეთში და მის ფარგლებს მიღმაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 80 წლის "მჭვრეტელი" ვანგა. თავის ბედისა და მომავლის გასაგებად მასთან ათასობით ადამიანი მიდიოდა. ათი ათასი გამოკითხულის თქმით, მისი "წინასწარმეტყველების" 70% სრულდებოდა. ვანგას მარჩიელობის ისტორია ასე დაიწყო: ახალგაზრდა ვანგა თავისი სოფლის ჭასთან იდუმალებით მოცულ მხედარს შეხვდა და გაესაუბრა. ეს შეხვედრები ხშირად მეორდებოდა და ვანგასა და მხედარს შორის გარკვეული კავშირი ყალიბდებოდა. ამის შემდეგ ვანგა ქარიშხალში მოჰყვა, დაბრმავდა და ნათელმხილველობის "ნიჭი" მიეცა. იგი სიამოვნებით ჰყვებოდა იმას, რასაც მკითხაობის დროს განიცდიდა: რასაც ამბობდა, მისგან როდი მოდიოდა. ინფორმაციას მას "რაღაც ძალები" აწვდიდნენ. მას ესმოდა ხმები და შინაგანად ვიღაცის სილუეტებს ჭვრეტდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ საუბრის დროს თითქოს უცხო პირები ერეოდნენ საუბარში. ვანგა უეცრად არაბუნებრივი ხმით იწყებდა ყვირილს. სწორედ ამ დროს ისმენდნენ მისგან "წინასწარმეტყველებებს". თავად ვანგა ამ წუთებში პასიური რჩებოდა და მხოლოდ იმ "ძალებისაგან" გაგონილს იმეორებდა. ამის შემდეგ ნათელმხილველი მთელი დღის მანძილზე სრულიად არაქათგამოცლილი რჩებოდა. ყურადსაღებია, რომ ვანგას არ სურდა თავისი საცხოვრებლის დატოვება. ის ამბობდა, რომ მხოლოდ აქ ესმის ხმები, რომლებიც სხვადასხვა საიდუმლოს აუწყებენ. ვანგა ირწმუნებოდა, რომ მისი სახლი ძველი წარმართული მნათობის ცენტრში მდებარეობდა. არქეოლო-გები ადასტურებენ, რომ შორიახლოს მართლაც არსებობდა თრაკიული ღმერთის — ხორსის მსხვერპლშეწირვის ადგილი, რომელსაც მხედრის სახით ხატავდნენ. ეს ის მხედარი ხომ არ არის, ახალგაზრდობაში ვანგას რომ შეხვდა? მართლმადიდებლური თვალთახედვით ყოველივე ზემოთქმული შემდეგნაირად აიხსნება: ჭასთან ვანგას დემონი შეხვდა, რომელმაც ის ოკულტური ჭვრეტის გზაზე დააყენა. ეშმაკისაგან მოტყუებული, უკვე ბრმა ვანგა სისტემატურად ეშმაკების გარემოცვაში იმყოფებოდა. ისინი ძველი კერპთშეწირვის ადგილზე იყვნენ დაბუდებულნი. ვანგას მეშვეობით ეშმაკები შედიოდნენ ხალხთან კონტაქტში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იქ მისულთა უმრავლესობა, როგორც წესი, სულიერად ცუდად გრძნობდა თავს. პერიოდულად საკერპოს ეშმაკთა მეთაურები სტუმრობდნენ, რომლებიც საუბრობდნენ ვანგას ბაგებით და ძლიერ აუძლურებდნენ მას. ვანგას "წინასწარმეტყველებების" ნაწილი არ სრულდებოდა. ესეც მეტყველებს მათ დემონურ ხასიათზე. ღვთის წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება, ხოლო ეშმაკების ცოდნის არეალი შეზღუდულია. რა ახსნასც არ უნდა უძებნიდნენ დღეს დემონურ ფენომენს, ღმერთმა თავის გამოცხადებაში მკაცრად აუკრძალა ადამიანებს რაიმე კონტაქტის დამყარება ოკულტურ სფეროსთან: "ნუ ვინ იპოვებიან შენ შორის, რომელი მისნობდეს მისნობითა, ანუ ჰავს იზმნიდეს ჰავითა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა, ანუ გრძნეულ იყოს ანუ ულუკთმკითხველი (მკითხავი), ანუთუ სასწაულითა მკუდართა მკითხველი რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა, რომელი იქმოდეს ამას ყოველსა" (2 სჯული 18. 10-12).3 (გაგრძელება...)
1 Арх. Рафаил (Карелин) "Море Житейское" Сар. 2008. გვ. 49. 2 წმ. იოანე ოქროპირი "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. 1. 1990 წ. გვ. 124. 3 Последнее Искушение. М. 1999 გვ.77. С. Сласский.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |