მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > სიკეთის ქმნა
სიკეთის ქმნა28-02-2014, 00:09 |
გააკეთე კეთილი საქმე, რომელიც გახსოვს და ისიც გაგახსენდება, რომელიც არ გახსოვს. ნუ მისცემ აზრს უგუნურ გულმავიწყობას.
* * * ვინც სიკეთეს აკეთებს და საზღაურს ეძიებს, ღმერთს კი არა, საკუთარ ნებას ემსახურება.
* * * ვინც ყველაფერს გამოცდის და სიკეთეს მისდევს, თანდათან ყოველგვარ ბოროტებას განშორდება.
წმიდა მარკოზ განშორებული
* * * გარეგნული, ხილული სიკეთე შინაგანის გარეშე მლიქვნელობა და ტყუილია.
* * * როგორც ბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.
* * * როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება; ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
* * * დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი).
* * * როგორც პურის მარცვალი, მიწაში დათესილი, მოუტანს სარგებლობას დამთესველს, ეგრეთვე პური, რომელსაც წინ დაუდებ მშიერს, შემდგომში მოიტანს ასწილ მეტს სარგებლობას.
* * * შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად.
* * * შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი, რომ მოწყალების გარეშე მიაღწიო თუნდ სამოთხის კარამდის. მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.
* * * ხელი ღარიბთა არის ქრისტეს საუნჯე, რასაც მისცემ მთხოვნელს, მას ქრისტე მიიღებს.
* * * ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც გაგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი.
* * * ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა.
წმიდა ეფრემ ასური
* * * კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და თავის ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილი საკუთარი თავის.
ნეტარი ავგუსტინე
* * * ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი ზოგჯერ შეუმჩნევლადაც ეჩვევა მათი სათნოებების მიბაძვას.
წმიდა ანტონი დიდი
* * * ვინც რამდენსამე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა და დაერწყულებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდა წყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული განურჩევლად ყველაში, თითოეულ იმ მათხოვარშიც კი, რომელთაც, ჩვენ საზრდელს მივაწვდით.
წმიდა კიპრიანე კართაგენელი
* * * რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე, რადგან იცოდე, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება.
წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
* * * წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა - თვით სიკეთისათვის.
წმიდა ნილოს სინელი უკან დაბრუნება |