მთავარი > სხვადასხვა > სასუფეველი ღმრთისა

სასუფეველი ღმრთისა


19-07-2013, 00:08
სასუფეველი ღმრთისა

   არ არს საუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.

 

პავლე მოციქული


 

* * *

   მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხი ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.

 

* * *


   მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმიდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ წარმოითქმება.

 

* * *


   სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა - არის სრული უვნებობა, რომელიც, ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.

 

* * *


   ცათა სასუფეველი ღმრთივ ქმნილი სჯულისკარვის მსგავსია, რამეთუ მასაც მომავალ საუკუნეში, მოსეს სჯულისკარვის მსგავსად, ორი კრეტსაბმელი ექნება: პირველში ყველა ისინი შევლენ, ვინც საღმრთო მადლით იქნება შემოსილი, მეორეში კი - მხოლოდ სრულყოფილნი შეაღწევენ.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი


 

* * *

   ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი ვერ შევა იგი, ვინც პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს. პირველი უარყოფა - ესაა უარყოფა სოფლისა, ნათესავთა და ყოველგვარ საგანთა; მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა; მესამე - პატივმოყვარეობის დამარცხება, რაც მორჩილებას იწვევს.

 

ღირსი იოანე სინელი


 

* * *

   ღმრთის სასუფეველი გულისა და სულის უხილავი, შინაგანი თვისებაა. იგი იმ კაცს აქვს, რომელმაც ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესგან მონიჭებული სახარება შეითვისა.

 

* * *


   სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღმრთისა უპირველესად თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს მთელ ქვეყანაში.

 

* * *


   სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ის ქრისტიანიც, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ანუ სათნოებას არ შეიძენს, სასუფეველის მოქალაქედ ვერ შეირაცხება.

 

* * *


   ნათლისღება, ეკლესიაში სიარული და ზიარება სასუფეველში შესასვლელად აუცილებელია, მაგრამ შეიძლება კაცმა ეს ყოველივე არასრულოს, და სასუფეველის მოქალაქე მაინც ვერ გახდეს, თუ მისი გული ცოდვის მორჩილი იქნება, ანუ თუ მას ღმერთზე მეტად სოფელი ეყვარება.

 

* * *


   ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამ ქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს.

 

* * *


   მაცხოვარმა ამ ქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს - ქრისტეს მტერი, მისი სასუფევლის მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი - იმის სასუფევლის მოქალაქეობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

* * *

   მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმოაჩინეს, რაც ადამიანში შინაგანია, შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა, მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა, გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება, რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალიბების პროცესი სწრაფად კი არა, პირიქით - ნელა, თანდათანობით მიდის და დიდ მოთმინებას ითხოვს.

 

 

ოპიტნელი ბერი (სტარეცი)

 

უკან დაბრუნება