მთავარი > მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე მაგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
თანამედროვე მაგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე13-05-2023, 00:00 |
"და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყვნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლე იგინი, რამეთუ თანამდებ არიან" (ლევ. 20)
წინარე თავებისაგან განსხვავებით ამჯერად წარმართულ სამყაროში არსებული "სასწაულების", "წინასწარმეტყველებებისა და "მჭვრეტელობების" ნამდვილი სახე გვსურს დაგანახოთ. რა ხდება მართლმადიდებლური სივრცის იქით? დედამიწაზე ადამიანების გაფანტვის შემდეგ ჭეშმარიტ ღმერთთან კავშირი სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ადგილი ადგილობრივმა ღმერთებმა დაიკავეს. ესენია: სხვადასხვა სტიქიები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ცეცხლი, ქვები, ცხოველები და ა.შ. ამის შედეგად ადამიანი ხშირად ამყარებდა კავშირს დაცემულ სულებთან. ეს უკანასკნელნნი თაყვანისმცემლებს უხვ მოსავალს, თემის კეთილდღეობას, ომსა თუ ნადირობაში წარმატებას და სხვა "სიკეთეთ" უქადდნენ. კერპთაყვანისცემისა და ბოროტ სულებთან კავშირისათვის გამოყოფილი იყო "საიდუმლო ცოდნის" მფლობელთა განსაკუთრებული ჯგუფი – მაგები, შამანები, ჯადოქრები, მედიუმები და ა.შ. ტომის დანარჩენი წარმომადგენელი, ღმერთების რისხვის შიშით, უნდა დამორჩილებოდა მათ. ძველი მაგია ემყარება რიტუალებსა და სიმბოლოებს, რომელიც ჯადოქარ-მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადის. მსგავსი წარმართულ-ოკულტური კულტები და მაგიური რიტუალები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალური პრობლემაა. ჭეშმარიტებაში გაუცნობიერებელი ადამიანი იოლად ადგება მცდარ გზას. მან არ იცის ეკლესიის არსი, არ იცის, რომ ეკლესიაში არსებობს საიდუმლონი, რომლითაც სულიერი და ფიზიკური სნეულებებისაგან იკურნებიან. ეკლესიის ნაცვლად იგი მიმართავს ვითომ რაღაც "საიდუმლო ნიჭების" მქონეთ. ამგვარად ნახლდება ეს, — უდავოდ დემონური მსხვერპლშეწირვის პრაქტიკა. ეშმაკის ამ მსახურებას სულიერად დაბრმავებულნი "მკურნალებსა" და "სასწაულთმოქმედებს" ეძახიან. ჯადოქრობებით აღფრთოვანებულნი ოცნებობენ ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრებაზე. არადა საკუთარ თავზე ზემოქმედების ნებას აძლევენ სხვებს და ამ ზემოქმედების წარმომავლობასა და შედეგებზე არც ფიქრობენ. სინამდვილეში ესაა დახვეწილი დემონური რიტუალები, რომელიც წარწყმედას უქადის ადამიანს. არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის" ვკითხულობთ: "არც ერთი სულიერი მოვლენა არ არის უსახო: იგი ან ღმრთისგანაა, ან სატანისაგან. ის მოვლენები, რომლებიც ღმრთისაგანაა, სრულიად ნათელი და გარკვეული თვისებებით ხასიათდება. ესაა სწავლება სინანულზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლეზე, საუკუნო ცხოვრებაზე. მოვლენა, რომელსაც ეს თვისებები არ ახლავს, ჭეშმარიტად ეშმაკისგანაა, რა სახელითაც არ უნდა ინიღბებოდეს იგი. ვისაც კურნების მადლი ღმრთისაგან აქვს მინიჭებული, ის თავისი პაციენტისაგან შეგნებულ, მართალი სარწმუნოების მიხედვით ცხოვრებას მოითხოვს, ხოლო ეშმაკის მსახურ მკურნალებს, სულერთია, სოფლის მკითხავები იქნებიან ისინი, ინდოელი იოგები თუ "ძლიერი ბიოველის მქონე თანამედროვე ექსტრასენსები", ...საერთო ერთი აქვთ, მათ არც ნათელი, შეგნებული სარწმუნოება სჭირდებათ და არც სარწმუნოების მიხედვით ცხოვრება. ისინი ადამიანისაგან ერთადერთ რამეს მოითხოვენ – თავდავიწყებას მიეცეს, მოდუნდეს და მთლიანად უხილავი სულის ნებას დაემორჩილოს. ეშმაკი არის მამა ტყუილისა. ამიტომ მისი მსახურნი ადამიანს სრულიად ყალბ წარმოდგენას უქმნიან საკუთარ თავზე. ისინი ამ-ბობენ, რომ ადამიანში არსებობს დაფარული შესაძლებლობები და მათი მხოლოდ აღმოჩენაა საჭირო. სინამდვილეში ადამიანის ყველა სულიერი უნარი და შესაძლებლობა ამა თუ იმ სულის მოქმედების ნაყოფია... ეშმაკები და მათი მსახურები ერთთავად ადამიანის უზარმაზარ სულიერ შესაძლებლობებზე ლაყბობენ და ამით უპირისპირდებიან ქრისტიანულ სიმდაბლეს - საკუთარ თავზე გვქონდეს სწორი შეხედულება. ამის ნაცვლად ისინი ამპარტავნებასა და თავდაჯერებას უნერგავენ ადამიანს. იციან, - ყოველგვარ მტკიცებულებასა და ცრუ სასწაულებზე ძლიერია ეს გზა. გაამპარტავნებული ადამიანი უფრო ადვილად და მეტად განეშორება ღმერთს და საუკუნო წარწყმედისაკენ გაექანება. როდესაც კაცი კუდიანებს მიმართავს დასახმარებლად, მას უკვე აღარ აინტერესებს წმიდა წერილი. იგი რომელიღაც ახლადმოვლენილი "სასწაულთქმედის "სასწაულებზე" ლაპარაკობს მხოლოდ."1 საბოლოო ჯამში მაგიური ცერემონიები და სიმბოლოები მომაკვდინებლად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ თანამედროვე მაგიის წარმომადგენლები საკუთარ თავს ღიად წარმოაჩენენ. ისინი თავიანთ ჯადოქრობას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ავრცელებენ, სულიერ სიკვდილს თესავენ და სატანის მონობაში აქცევენ ადამიანთა სულებს. ჯადოქრები ქმნიან თავიანთ სასწავლებლებს, ყიდიან წიგნებს, ჯადოს გაკეთების პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს. (მაგალითად "ჰარი პოტერის" წიგნები და მრავალი სხვა). ეს ხალხი პირდაპირ საუბრობს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაზე თავისი გავლენის შესახებ. ამრიგად, ძველი მაგიის სწავლებამ დღეს პრაქტიკული გასაქანი ჰპოვა უღმერთო საზოგადოებაში. ჩანს, დაავიწყდა ადამიანს ღვთის მკაცრი გაფრთხილება: "მამაკაცი ანუ თუ დედაკაცი, იყვნენ თუ მისან, გინა მსახვრალ, სიკუდილით მოწყდედ." (ლევ. 20-27). (გაგრძელება...)
1არქ. ლაზარე (აბაშიძე) "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის". გვ. 50-51.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |