მთავარი > სხვადასხვა > სასოწარკვეთილების ცოდვა

სასოწარკვეთილების ცოდვა


14-07-2013, 00:03
სასოწარკვეთილების ცოდვა    არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია.

 

* * *

   დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკრულისაკენ მიუძღვის.

 

* * *

   წარმოიდგინე ნაპერწკალი, რომელიც ზღვაში ჩავარდა: შეძლებს კი უვნებელი გადარჩეს ან კვლავ გამოჩნდეს მასში? რა არის ნაპერწკალი ზღვასთან მიმართებაში, იგივეა მანკიერებაც ღვთის კაცთმოყვარეობასთან მიმართებაში, და - ამდენიც არა, არამედ - გაცილებით მცირე. ზღვა თუმცა უზარმაზარია, მაგრამ მაინც შემოსაზღვრულია, ღვთის კათმოყვარეობა კი უსაზღვროა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

* * *

   განსაკუთრებით უფრთხილდი სასოწარკვეთილების დემონს. აბუჩად ნუ აიგდებ მას. როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს. ეს დიდი დემონია, ის ადამიანის სულში სხვა დემონებთან ერთად იჭრება.

 

ბერი პორფირე

 

* * *

   გახსოვდეს, რომ ქრისტე მოკვდა ცოდვილთათვის, და არა - მართალთათვის.

 

წმიდა ისააკ ასური

 

* * *

   დაგვიფაროს ღმერთმა, და თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც კი არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ ვიმწუხაროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის მოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა ერთად აღებული ვერ შეედრება ჩვენი უფლის მოწყალებათა სიუხვეს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოგვიხსნა სახიერებითა თვისითა.

 

კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი

 

* * *

   მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.

 

ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე

 

* * *

   რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ, რომ, როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

* * *

   რომლისამე სასო - წარკვეთილებას რომ ვხედავ, აქ სხუა იჭვი და შიში შემოვა ჩემის უღირსებისა შორის: ვაი ჩემს უღირსებას, თუ ცოდვისაგან გამოსვლა და ხსნა არ გენებებოდეს! თუ კი ცოდვისაგან განშორება გნებავს, სასო - წარკვეთილების მიზეზი რა უნდა გაქუნდეს? - ვერას მიზეზს ჰპოებ. მაგრამ ცოდვისაგან გამოსვლა არ გნებავს, და რადგან არ გნებავს, ხსნაც შეუძლო არის.

 

წმიდა ანტონ ჭყონდიდელი

 

* * *

   ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი - დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: „განიღვიძე, რომელსა - ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!"

 

ეფ. 5, 14

 

* * *

   როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ, აღავსებს რა მას ნაღველით და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს, ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და უჩენს ზიზღს ყოველგვარი საუბრისადმი. ვინაიდან სევდით აღვსილ სულს, რომელიც უგუნური ან გაშმაგებული ხდება, არ ძალუძს, მშვიდად მიიღოს კეთილი რჩევა, ან მშვიდად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. იგი გაურბის ადამიანებს, როგორც დამნაშავეთ მისი სიმშვიდის დარღვევაში და არ ესმის, რომ სნეულების მიზეზი თავად მასშია...

 

ღირსი სერაფიმე საროველი

 

* * *

   წმიდა მამათა სწავლებით, ცოდვების გამო სასოწარკვეთილებამდე მისული უზომო მწუხარება უნდა უარვყოთ. ეს მწუხარება ღვთის მოწყალების იმედით უნდა განვაზაოთ: ერთდროულად უნდა ვწუხდეთ და ვიმედოვნებდეთ, ვწუხდეთ იმის გამო, რომ ჩვენი ცოდვებით ვარისხებთ ღმერთს და განვეშორებით მას; და ვიმედოვნებდეთ, რადგან ჩვენს გვყავს ჩვენი ცოდვების ყოვლადძლიერი მკურნალი, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენთვის საკუთარი სისხლი დასთხია.

 

 

ღირსი ამბროსი ოპიტნელი


უკან დაბრუნება