მთავარი > სხვადასხვა > საზვერეები
საზვერეები11-07-2013, 00:04 |
მიხსენ მე ყოვლადწმიდაო ქალწულო, ჟამსა აღსასრულისას
ხელთაგან ეშმაკთასა, და განბჭობისა და ცილობისაგან, და საზარელ გამოცდისაგან, და მწარეთა
საზვერეთაგან, და მძვინვარისა მის მთავრისაგან, ღმრთისმშობელო, და საუკუნოისა სასჯელისაგან.
წმიდა იოანე დამასკელი
* * * როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მათ: რადგან ყოველი საზვერე მის ცოდვას წარმოაჩენს... რადგან სულის ყოველი ვნება და ყოველი ცოდვა მეზვერეთა და მტანჯველთა მისთა აღრაცხული აქვთ.
წმიდა კირილე ალექსანდრიელი
* * * როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი... ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო... და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა ქვეყნისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ისინი არიან - ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, მეზვერეები, ცოდვების აღმრიცხველნი; ისინი გზაზე ხვდებიან ადამიანებს და აღურიცხავენ ახალგაზრდობასა თუ ხანდაზმულობაში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რომელნიც სიტყვით, საქმით ან ფიქრით აღასრულეს. დიდი შიში და ძრწოლა შეუდგება იქ უბადრუკ სულს. აუწერელ ტანჯვას განიცდის იგი იქ, გარშემორტყმული აურაცხელი მტრებით, რომლებიც ცილს დასწამებენ, რათა ზეცად აღსვლასა და სასუფევლის დამკვიდრებაში დააბრკოლონ ადამიანის სული, მაგრამ წმიდა ანგელოზები აღიპყრობენ და განარიდებენ მათ.
წმიდა ეფრემ ასური
* * * საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერეთა შორის!
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * "ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან" (სიტყვა 5,22); „როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში".
წმიდა ისაია განდეგილი
* * * ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ; და შეიქმნებიან ტაძრად სულიწმიდისა, რომელიც თავის სიტყვიერ სავანეს დაცემული სულებისთვის მიუკარებელს ხდის.
ეპისკოპოსი ეგნატე უკან დაბრუნება |