მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > "ქრისტიანული ქორწინების" განმარტებანი

"ქრისტიანული ქორწინების" განმარტებანი


29-06-2013, 00:10
"ქრისტიანული ქორწინების" განმარტებანი   ქორწინების შემდგომ, ჯვრისწერით შეუღლებულ ცოლ-ქმარს უფლება არ აქვთ დაარღვიოს ან უარყოს ქორწინების წესით გათვალისწინებული მოთხოვნილებები. როდესაც პავლე მოციქულის სიტყვებს განმარტავს - ,,ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი - ქმარს" - წმ.იოანე ოქროპირი ამბობს - მოციქულმა ამად ბრძანა: ჯეროვან სიყვარულს მიაგებდეს, ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს, რომ ცოლ-ქმარს შორის არცერთი არ არის მთავარი, არამედ ერთი მეორისა მონაა. ამიტომ თუკი დაინახავ მეძავს, რომელიც გხიბლავს და ცოდვის ჩასადენად გიბიძგებს, უთხარ: სხეული ჩემი ჩემი როდია, არამედ ჩემი ცოლის. ,,იგივეს ეტყვის ცოლიც მისი სიწმინდის შემბღალავთ: ჩემი სხეული ჩემი როდია, არამედ ჩემი ქმრის. ძველი და ახალი აღთქმის სხვა ადგილას ქმარს უპირატესობა ენიჭება: ,,ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (დაბად. 3,16).  

      წმინდა პავლე მოციქულიც წერს: ,,ქმრებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა" (ეფეს. 5,25-33). აქ სხვა არაფერი იგულისხმება, გარდა ერთმმართველობისა. რატომ? რადგან იგი საუბრობს ცოლის სიწმინდეზე, ხოლო მეორეს მხრივ, ქმარი როდი ფლობს საკუთარ სხეულს, არამედ ცოლი. თანაბარი უფლებები, არავითარი უპირატესობა, როგორც ვხედავთ. ,,ნუ განე-შორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით" ( 1 კორ.7,5) . ეს რაღაა? ნურც გადაუხვევს - ამბობს იგი - ცოლი ქმრის ნება-სურვილის გარეშე და ქმარიც ცოლის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ამგვარი თვითნებობიდან მომდინარეობს უდიდესი უბედურება, ვნებათა ღელვანი, სიმრუშენი, ოჯახების ნგრევა და სამართლიანადაც ბრძანა: ნუცა განეშორებითო, რამეთუ მეუღლეთაგან ერთ-ერთის შეუთანხმებლობა გამოიწვევს გაშორებას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი მათი ურთიერთგაგებისა და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში.

      იესო ქრისტე პავლე მოციქულის პირით გვეუბნება, რომ ცოლები არ უნდა მოშორდნენ ქმრებს, რომ ისინი არ დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ ზოგიერთი ცოლი, განცალკევების მოყვარული, ტოვებს ქმარს, თითქოს ამას ჩადის ღვთისმოსაობის გამო, სინამდვილეში კი მემრუშეა.

    ქმარი და ცოლი მოვალენი არიან ცოლქმრული ერთგულება სიცოცხლის ბოლო დღემდე შეინარჩუნონ და უბიწოდ დაიცვან. წმ.იოანე ოქროპირი დანაშაულად რაცხს ცოლ-ქმრულ ღალატს და ამბობს: რით გაიმართლებ თავს? ნუ იტყვი, რომ ადამიანურ ბუნებას მიუძღვის ბრალი. ქორწინებაც ხომ იმიტომ არის დაწესებული, რომ ვნებათაღელვა დაიოკო და ზღვარს არ გადასცდე? რამეთუ ღმერთი სიმშვიდისა და პატიოსნების დასაცავად ცოლს გიბოძებს, რათა ხორციელი ლტოლვა დაიცხრო. შენ კი, უმადურო, უნდობლობას უცხადებ უფალს? ურცხვად არღვევ დადებულ აღთქმას, ხელს კრავ ღვთისაგან ბოძებულ წყალობას. რად გაბნევს და გხიბლავს სხვა ქალის სახე და სილამაზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რად არღვევ ქორწინების აღთქმას? რად შეურაცხყოფ შენსავე სხეულს, ტაძარს ღვთისას. შენმა ცოლმა შენი გულისთვის მიატოვა საკუთარი დედ-მამა, და-ძმა, ახლობლები, შენ მოგეკედლა. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, გასაჭირი, იზრუნოს შვილებზე, არ გაკლებთ სითბოს, ალერსს, მზრუნველობას. შენ კი ცხოვრების მეგზურს, ღვთისგან ბოძებულ ჯილდოს ჯეროვნად პატივს ვერ მიაგებ, შეურაცხყოფ სიწმინდეს, უმანკოებას, პატიოსნებას.

      ამრიგად, ცოლიან კაცს სხვა ქალისკენ არასოდეს არ უნდა გაექცეს თვალი. უფალმა ქალის შეხედვა კი არ აუკრძალა კაცებს საერთოდ - ამბობს იოანე ოქროპირი- არამედ ნდომით და გულისთქმით. ამგვარი მზერა რომ არ ჰქონოდა მხედველობაში, მაშინ  უბრალოდ იტყოდა: კაცმა ქალს შეხედა და იმრუშაო, არამედ  ამბობს გარკვევით: ,,ვინც ნდომით შეხედა ,უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში" (მათ.5,28). როდესაც გხიბლავს სხვა ქალის სილამაზე, ამით შენს ცოლს შეურაცხყოფ, ამცირებ. მართალია ხელით არ ეხები, მაგრამ თვალი გაცდუნებს და ეს საქციელი სამართლიანად მიჩნეულია კიდეც სიმრუშედ.

       კაცს, რომელსაც სხვისი ცოლისადმი ნდომა აღეძვრის, წმ.იოანე ოქროპირი ურეჩევს: თუკი შეამჩნევ, რომ სხვისი ცოლისადმი გაუნელებელი ცეცხლი გწვავს და მოსვენებას გიკარგავს მასზე ფიქრი, საკუთარ ოჯახში  ყოფნა გაუსაძლისი ხდება, ცოლის ხმაც, საქციელიც გაღიზიანებს, პეტრე მოციქულის I ეპისტოლე გადაშალე კორინთელთა მიმართ და ხშირ-ხშირად იმეორე ეს სიტყვები: ,,სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს" (I კორ.7,2).

      ცოლთან კეთილგანწყობა და ურთიერთთანხმობა რომ შეინარჩუნოს ყველა ქმარი ვალდებულია თავისი საქციელით თუ საუბრით ეჭვი არ აღუძრას ცოლს და სულიერი სიმშვიდე არ დაურღვიოს. წმ.იოანე ოქროპირი ასე გვმოძღვრავს: განაგდე სიძვის დემონი, გაჰფანტე, სულ მცირე ეჭვიც კი, ცოლი მაინც ეჭვიანობს, ეცადე დაამშვიდო, ზიზღი და სიძულვილი არამც და არამც არ აგრძნობინო, რადგან მისი ეჭვიანობის მიზეზი შენი უსაზღვრო სიყვარულია. ეჭვიანობს იმიტომ, რომ უყვარხარ და გიფრთხილდება, რადგან შენი სხეული, რომელსაც იგი ფლობს, უდიდესი საგანძურია მისთვის. ქმარს  უფლება არა აქვს ეჭვიანობის  საბაბი მისცეს ცოლს. მიპასუხე - რატომ ხარ მეგობრებში მთელი დღის მანძილზე და საღამოს თუ გაგახსენდება ცოლი?  მაშ სამართლიანი არაა თუკი ცოლი ეჭვიანობს? ჰოდა, კეთილი ინებე და დამსახურებული რისხვა და წყრომა აიტანე. მეგობრობა და მხურვალე სიყვარული აიძულებს ცოლს ასე მოიქცეს. შიშობს სხვა არ დაეპატრონოს  ღვთისგან მისთვის ბოძებულ სიმდიდრეს. წმ.იოანე ოქროპირი  ცოლ-ქმარს  ურჩევს სინაზე, ყურადღება, პატივისცემა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ, არ აჰყვნენ ავყია ჭორებს, წვრილმანებს, ნუ დაუწყებენ ერთმანეთს შემოწმებას, თვალყურის დევნებას, რათა თავქარიანობითა და უგუნურებით საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ ბედნიერებას და სიცოცხლე არ ჩაუშხამონ ერთმანეთს.

      ცოლის უფლება-მოვალეობასა და დანიშნულებაზე წმ.იოანე ოქროპირი ასეთი აზრისაა: ცოლი დაწინდულია ქმრისაგან, ვითარცა მისი ცხოვრების მეგზური, შვილების დედა, რათა გაუფრთხილდეს ოჯახს, კერას, ქმარს, დაიცვას სიწმინდე და პატიოსნება. მისი ვალია, მომჭირნედ გაუძღვეს ოჯახს, ქმართან ერთად სიცოცხლის ბოლომდე  გასწიოს მძიმე ჭაპანი. ცოლის ვალია მორჩილებდეს ქმარს.

     წმ.იოანე ოქროპირი ასე განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს - ,,ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს" (ეფეს.5,22). ,,ცოლი ისე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, როგორც უფალს. რამეთუ ვინც ხელისუფალთ არ ემორჩილება, ღმერთის ნებას ხშირად გარდახდება ხოლმე. მითუმეტეს, ასეთ დაუმორჩილებლობაში გაცილებით დიდ დანაშაულს სჩადის ის, ვინც ქმარს არ მორჩილებს - ასეა დადგენილი ღვთისგან. შემდგომ, პავლე მოციქული ამბობს, რომ ქმარი ცოლოს თავია, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა. ეკლესია, ანუ ცოლ-ქმარი ერთად მორჩილებენ იესო ქრისტეს, შესაბამისად ცოლები ქმრის მორჩილნი უნდა იყვნენ ვითარცა უფლისა".

      ცოლ-ქმრულ დამოკიდებულებაში ცოლის განსაკუთრებულ ღირსებას ქმრის თავდავიწყებით სიყვარული შეადგენს. წმ.იოანე ოქროპირი განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს და ამბობს: ,,ცოლები უნდა იყვნენ მოკრძალებულნი, პატიოსნები, ოჯახზე მზრუნველები, კეთილები. კეთილ, მეოჯახე ქალს ქმრის რიდი, სიყვარული და პატივისცემა აქვს, ხოლო ქმრის  მოძულე ქალი ვერც ოჯახში შექმნის სითბოსა და სიყვარულს, რადგან ყოველგვარ გაუგებრობას, აყალ-მაყალს მხოლოდ ქალის სიყვარული და სითბო ახშობს და თრგუნავს. თუკი წარმართი ქმარი შეხვდა, ქალის ვალია სწრაფად დაარწმუნოს იგი ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაში, ქრისტიანი კი უფრო მეტად გააკეთილშობილოს. ოჯახში დღენიადაგ იქმნება სიმყუდროვე, სიმშვიდე. ოჯახის კეთილდღეობაზე გამუდმებით მზრუნველი ცოლი მორჩილი, კარგი დიასახლისი იქნება, ქმარს გაუთვალისწინებელ ხარჯებს ააცდენს,  სამკაულებსა და ფუფუნების საგნებზე არ იოცნებებს.

    მაგრამ ქმრის სიყვარული და პატივისცემა რომ დაიმსახუროს და მასზე გავლენა იქონიოს, ცოლი მარტოოდენ სიტყვით კი არა, მთელი ცხოვრებით უნდა უმტკიცებდეს ქმარს. რომ უყვარს ყველაფერი კეთილი, სამართლიანი, ცდილობს მთელი თავისი შეგნებით და ცხოვრებით იყოს კეთილმორწმუნე. სიტყვით იმდენად არა - ამბობს წმ.იოანე ოქროპირი - რამდენადაც საქმეებით შეუძლია ცოლს ქმრის გამოსწორება.

    როგორ? - როდესაც ქმარი დაინახას, რომ ცოლი მომთმენია, მორჩილია, არ ხიბლავს მდიდრული შესამოსელი და სამკაულები, თავგამოდებით იცავს ოჯახის დოვლათს, რაც აქვს იმითაც კმაყოფილია, არ სურს თვალმარგალიტი და ოქრო. თავდაჭერილი, გონიერი,  მოსიყვარულე ცოლი ქმრისაგანაც სიყვარულს, თანადგომასა და ყურადღებას ითხოვს და ოჯახის მოყვარული მეუღლე მოთმინებითა და კმაყოფილებით ისმენს ცოლის რჩევა-დარიგებებს.

    რამდენადაც კეთილისმყოფელი გავლენა აქვს სათნო და გონიერი ცოლის სიტყვებს ქმრისათვის, იმდენად მომაკვდინებელია მისთვის ცოლის ღალატის მოულოდნელად გაგება. მთავარი დამნაშავე, რასაკვირველია, ქმარია, რომელმაც სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა თავისი ცოლისადმი, ოჯახის გარეთ ეძებდა სითბოს, გართობას, სიყვარულს და შეუმჩნევლად, თანდათანობით, გააღიზიანა, დააეჭვა ცოლი, დაანგრია ოჯახი.

    წმ.იოანე ოქროპირი ამხელს ფუფუნების მოყვარულ ცოლებს და ამბობს: სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ სწრაფვა ეჭვიანობის, სიმრუშის თავი და თავია. ნაცვლად იმისა, რომ ცოლები უსიტყვოდ მიუხვდნენ ქმრებს გულისწადილს და ააცილონ ისინი  მეძავებთან და მრუშებთან ურთიერთობას, შთაუნერგონ ზიზღი და სიძულვილი სიძვისადმი, ზოგჯერ ვერ იჩენენ სათანადო კეთილგონივრულობას  და სუსტი ქმრებიც საოცრად მალე ებმებიან ხოლმე მახეში. ზიზილ-პიპილებით მორთვა და პრანჭვა  მეძავთა და მემრუშეთა საქმეა, სათნოება და ქველმოქმედება-კეთილგონიერ ცოლთა. ამიტომ ეცადე ქმარს  სიამოვნება მიანიჭო იმ სამკაულით, რომელსაც მეძავებში ვერ იპოვის. მაშინ ქმარი იქმნება მშვიდად და ღმერთიც არ მოაკლებს ასეთ ოჯახებს წყალობასა და მადლს.

 

 

წმ. იოანე ოქროპირი


უკან დაბრუნება