მთავარი > სხვადასხვა > ღვთის რწმენის შესახებ

ღვთის რწმენის შესახებ


24-08-2013, 00:08
ღვთის რწმენის შესახებ   ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის მას, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა.

 

* * *


   რწმენა, ღვთისმოშიშება და მცნებათა აღსრულება სიწმიდის შესაბამისად დაგვამწყალობებს. განწმენდილნი ღვთისმოსაობიდან ღვთის სიყვარულამდე ვმაღლდებით. ოდეს ღვთისმოშიშება ღვთის სიყვარულში გადაიზრდება. აი, მაშინ ჩაგვესმის საღვთო ხმა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე" (იოანე 14,21).

 

 

წმიდა კიპრიანე კართაგენელი


 

* * *


   ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის გარეშეც ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს.

 

წმიდა ეფრემ ასური


 

* * *


   კეთილმორწმუნეობისთვის გაწეულ შრომას (ღვთის) მეოხება მოსდევს. ეს უნდა შევიცნოთ საღვთო სჯულისაგან და სინდისისაგან.

 

* * *


   ურყევი რწმენა არის ძლიერი ბურჯი და ქრისტე ყველაფერია მორწმუნესათვის.

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.

 

წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი


 

* * *


   რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი


 

* * *


   ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.

 

წმიდა ნიკოლოზ სერბი


 

* * *


   ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

* * *


   სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება.

 

ნეტარი ავგუსტინე


 

* * *


   რწმენა აუცილებელია, მაგრამ მასთან ერთად მატერიალური, მეცნიერული, ტექნიკური განვითარებაც საჭიროა.

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II


 

* * *


   მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩვენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი - მეორის სიყვარულით, ურთიერთისადმი ლმობიერებით, მაღალი ზნეობით, შეგნება - განათლებით, შრომა - გამრჯელობით; ჩვენს ცხოვრებაში გახშირდებიან წმ. ევსტათის მსგავსი სულიერი გმირები, მტკიცე აზრის კაცები და ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი უსამართლობა, ვერავითარი დევნა და შევიწროება ვერაფერს გვავნებს ვერც სულიერად და ვერც ხორციელად.

 

ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე


* * *

   რწმენა ლოცვით ძლიერდება. ადამიანს, რომელმაც ბავშვობიდანვე არ შეიქმნა რწმენა საკუთარ თავში, მაგრამ მისდამი განწყობილია, შეუძლია, შეიქმნას იგი ლოცვით, თუ შესთხოვს ქრისტეს რწმენა გაუმრავლოს. რა სთხოვეს მოციქულებმა ქრისტეს? „შეგვძინე რწმენა". თუკი შენ ამბობ „შემმატე", ეს ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავს ღმერთს მიანდობ. თუკი ადამიანი ღმერთს თავს არ მიანდობს, მაშ რას შეჰმატებს ის ამ ადამიანს? ჩვენს ღმერთს ვთხოვთ, შეგვმატოს რწმენა არა იმისათვის, რომ სასწავლები ვქმნათ, არამედ იმიტომ, რომ მეტად შევიყვაროთ იგი.

 
 
მამა პაისი მთაწმინდელი

უკან დაბრუნება