მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > პატივმოყვარეობის ცოდვა
პატივმოყვარეობის ცოდვა27-02-2014, 00:02 |
გახვრეტილ
ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე პატივმოყვარეობაც ნთქავს სათნოებათა სასყიდელს.
* * * პატივმოყვარე მოსაგრე უფასო მუშაკია; იგი შრომობს, მაგრამ სასყიდელს ვერ მიიღებს.
* * * პატივმოყვარეობა წყალქვეშა ქვაა; თუ მას წამოედები, ტვირთს დაღუპავ.
* * * პატივმოყვარის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება.
* * * პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება „შემუსვრილი მსხვერპლია" (ლევ. 22, 22) და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება.
* * * ქარი ადამიანის კვალს შლის, პატივმოყვარეობა კი - მოწყალებისა.
წმიდა ნილოს სინელი
* * * დავთანხმდები, მრავალი ბარბაროსის მონა ვიყო, ვიდრე მხოლოდ პატივმოყვარეობისა.
* * * რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * პატივისა და მთავრობის მოყვარე კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი, თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვაოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერითა და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად გამოჩნდებიან.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * პატივის ღირსი არაა, ვინც პატივს ეძებს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * * პატივმოყვარეობა - სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან - არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: „სიბრძნის დასაბამი - უფლის შიშია" (იხ. იგავ. 1, 7). ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს - საკუთარ თავზე.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
* * * პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი - ავისმთქმელზე ურისხველობაა.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
* * * პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა.
წმიდა ისააკ ასური
* * * ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს.
წმიდა დიმიტრი როსტოველი უკან დაბრუნება |