მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > “ზიზღით ნუ შესცქერით კანონმდებლობის ტაძარს, რადგან იგი საერო სიწმინდეა”
“ზიზღით ნუ შესცქერით კანონმდებლობის ტაძარს, რადგან იგი საერო სიწმინდეა”4-06-2013, 07:42 |
"ოდესღაც ქრისტემ სოლომონის
ტაძრიდან შოლტით გამოყარა მოვაჭრეები და ავაზაკები: "აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ
სახლსა მამისა ჩემისასა სახლს სავაჭრო". მაგრამ ქრისტემ არა მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის
მოვაჭრეებზე აღმართა შოლტი, არამედ სიწმინდით მოვაჭრე ყველა ადამიანზე, რა ფორმითაც
არ უნდა აკეთებდეს იგი ამას...
მაგრამ ქრისტე აღმართავდა შოლტს მათ წინააღმდეგაც, ვინც კანონის სიწმინდით ვაჭრობს, ვინც თავიანთ ტაძარში - პარლამენტში, არა კანონმდებლობისათვის, არამედ მხოლოდ ეგოისტური მიზნების მისაღწევად მიდის. ისინი არჩევნების მოახლოებისას უნდა ნახოთ, როდესაც თითოეული მათგანი უბრალო ადამიანად გვაჩვენებს თავს, არადა მსახიობთა მსგავსად როლი დაუმახსოვრებია, დაუჯერებელ კომედიას თამაშობს, რომელშიც ჩვენ გვითრევს. დააკვირდით, არჩევნების მოახლოებისას ჩვენი ერის ცხოვრება რამდენად უფრო კომიკური, არა, უფრო ტრაგიკული ხდება, რა სწრაფად კარგავს იგი რეალობას და სპექტაკლად გადაიქცევა. აი, ეს მოთამაშე ადამიანები ქუჩებში გამოდიან და ხმამაღლა გაიძახიან: "ჩვენ საუკეთესონი ვართ, ჩვენ აგვირჩიეთ!"... ძმანო, რომელი თქვენგანი გაბედავს და ყველას წინაშე იტყვის : "მე ყველაზე უკეთესი ვარ!" რა თქმა უნდა, ვერც ერთი. იქნებ ფიქრობთ, რომ ეს "საუკეთესონი" მართლაც ხალხისთვის ზრუნავენ? ცდებით! ისინი მოვიდნენ არა კარგი კანონების მისაღებად, არამედ სავაჭროდ. მაგრამ ზიზღით ნუ შესცქერით კანონმდებლობის ტაძარს, რადგან იგი საერო სიწმინდეა. მრავალრიცხოვან მოვაჭრეთა გამო მას ნუ შეიძულებთ. მხოლოდ გწამდეთ, რომ ქრისტე თავის შოლტს მათ წინიიღმდეგ დღესაც აღმართავდა, ისევე, როგორც ოდესღაც ცრუ იერუსალიმელ კანონმდებლობებზე აღმართა. ძმანო ივაჭრეთ საქონლით და არა ჭეშმარიტებით, რადგან თუ ჭეშმარიტებით ვაჭრობას დაიწყებთ, ქრისტე თქვენ წინააღმდეგ იქნება, ხოლო როდესაც ქრისტეა თქვენ წინააღმდეგ, მაშინ თქვენკენ იუდაა. ვის აირჩევდით მოკავშირედ: ქრისტეს თუ იუდას? მე გთავაზობთ ქრისტეს".
წმ. ნიკოლოზ სერბი უკან დაბრუნება |