მთავარი > სხვადასხვა > ღმრთისადმი მორჩილება

ღმრთისადმი მორჩილება


1-07-2013, 00:05
ღმრთისადმი მორჩილება

   ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში.

 

იოსებ ათონელი


 

* * *


   იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: „რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?" მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასათვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია.

 

* * *


   უფალი თუმცა მოწყალეა, მაგრამ სიამაყისათვის სტანჯავს სულს შიმშილით, არ აძლევს მას წყალობას, სანამ არ ისწავლის მორჩილებას.

 

წმიდა სილუანი


 

* * *


  

   მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში.

 

* * *


   მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა.

 

* * *


   მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ.

 

* * *


   მორჩილება საკუთარი სულის სრული უარყოფაა, რომელიც ხორციელი მოქმედებით გამოიხატება. ანდა პირიქით, მორჩილება ხორციელ ასოთა მოკვდინებაა ცოცხალი გონების მიერ.

 

* * *


   მორჩილი, როგორც მკვდარი, არაფერს ეწინააღმდეგება და განსჯის, არც კეთილსა და არც თითქოსდა ბოროტს, რადგან ყველაფრისთვის პასუხს აგებს იგი, ვინც ღვთისმოსაობით მოაკვდინა მისი სული.

 

ღირსი იოანე სინელი


 

* * *


   მორჩილი, რომელიც უკეთურ აზრს შეიწყნარებს თავის მოძღვარზე და მისდამი ნდობას დაკარგავს, ისე დაეცემა, როგორც გუმბათი, როცა მას საყრდენ ლოდს გამოაცლიან.

 

ბერი პაისი


 

* * *


   სულიერ ცხოვრებაში პირველხარისხოვანია არა ამა თუ იმ მითითებათა პრაქტიკულად შესრულება და მათი შეუმცდარობა, არამედ მორჩილის შინაგანი მზადყოფნა - შეასრულოს მორჩილების აღთქმა. ასეთი მზადყოფნა მორჩილის შინაგანი მდგომარეობაა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   უფალი მორჩილ მონაზვნებს მათი მორჩილების გამო სულიერი ნიჭით აჯილდოვებს, მათ შორის უწყვეტი ლოცვით - ამ მონაზვნური სიხარულით. მორჩილს მრავალრიცხოვან საქმეებს შორის შესაძლოა შინაგანი მდუმარება ჰქონდეს, ხოლო ურჩი მარტოობაშიც კი აზრთა კორიანტელით დაბრკოლდეს. ამიტომ, დაე ახსოვდეთ მონაზვნებს, რომ მორჩილება იყო და დარჩება ქრისტეს მიბაძვად, ხოლო დაუმორჩილებლობა არის მიბაძვა ჩვენი ძველი მტრისა.

 

* * *


   შეუძლებელია მონაზვნობა მორჩილების გარეშე, როგორც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე; მორჩილება - ეს მონაზვნის სუნთქვაა. მორჩილების გარეშე მონაზონი ოდნავ თუ განსხვავდება ერისკაცისაგან.

 

* * *


   ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს: მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: „ღმერთი გამგონეს უგონებს".

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *


   შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება, და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.

 

წმიდა ანტონი დიდი


უკან დაბრუნება