მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 22 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოციქულისა მატათასი (დაახ. +63)

22 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოციქულისა მატათასი (დაახ. +63)


21-08-2021, 15:46
 
   

22 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოციქულისა მატათასი (დაახ. +63)

 

   დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ მატათას ხსენებას აღნიშნავს. წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთის მიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...

   და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.
   სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.
  უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია.
   სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვის სად, რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა, სადაც ის იღვწოდა კიდევ შემდგომში ღვთის სიტყვის ქადაგებით: მოვლიდა ქალაქებსა და დაბა-სოფლებს და ყველგან ახარებდა იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნას. თუმცა გარდა იუდეველებისა, წმიდა მატათა წარმართთა შორისაც ქადაგებდა ქრისტეს რწმენას. საეკლესიო გადმოცემით, იგი მეორე ეთიოპის მცხოვრებთ უქადაგებდა ღვთის სიტყვას და მრავალი სატანჯველი დაითმინა იქაურ წარმართთაგან (აქ იგულისხმება პონტოს ეთიოპია, ანუ კოლხეთი): მას ჰგვემდნენ კიდეც, მიწაზეც დაათრევდნენ და ბოძზეც ჰკიდებდნენ და ბასრი რკინებით უფლეთდნენ სხეულს, ცეცხლითაც უწვავდნენ ხორცს და სხვა მრავალ სატანჯველსაც სწევდნენ. მაგრამ უფლის მიერ განმტკიცებული წმიდა მოციქული მხნედ და სიხარულით იტანდა ამ განსაცდელთ. სხვა გადმოცემის თანახმად კი, წმიდა მატათა მაკედონიაშიც ქადაგებდა სახარებას, სადაც უკეთურმა წარმართმა ბერძნებმა თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს გამოსაცდელად - აბა, ერთი ვნახოთ, რა ძალა აქვს შენ მოძღვრებასა და შენს მიერ ქადაგებულ ღმერთს, ვნახოთ როგორც დაგეხმარება იგიო; რამეთუ ეს საწამლავი ძალზე ძლიერმოქმედი იყო და ვინც კი მას დალევდა, ყველა უსათუოდ ბრმავდებოდა. მაგრამ წმიდა მატათამ ქრისტეს სახელი ახსენა და სრულიად უვნებელი დარჩა. მეტიც, მან ხელდასხმითა და უფლის სახელის მოწოდებით, სასწაულებრივად განკურნა ამ საწამლავით დაბრმავებული ადამიანები, - მათი რიცხვი კი 250-ს აღემატებოდა. ამის გამო განძვინებული ეშმაკი, რომლისთვისაც აუტანელი იყო მისი ბოროტი ძალის ასეთი განქარვება, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მატათას მოკვლა უბრძანა - ეს კაცი „ღმერთების" (ანუ ეშმაკების) თაყვანისცემას სპობსო. მაგრამ როცა წარმართებმა წმიდა მოციქულის შეპყრობა განიზრახეს, ვერაფრით მოახერხეს ეს და სამი დღის განმავლობაში ამაოდ დაეძებდნენ, მატათა კი საკუთარი ნებით მივიდა თავის მდევნელ წარმართებთან და ჩაბარდა. მათაც შეჰკრეს იგი და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც პირველ ღამეს განუწყვეტლივ ბოროტი სულები ეცხადებოდნენ სხვადასხვა სახით და განძვინებულ კბილებს უღრჭიალებდნენ. მეორე ღამეს კი უდიდეს ნათელში თვით უფალი გამოეცხადა, განამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. და როცა დღე დადგა, წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგებდა ქრისტეს რწმენას. ზოგიერთ გულგანძვინებულ წარმართს, რაკი არ სჯეროდათ მისი ქადაგებისა და საშინლად ურისხდებოდნენ წმიდა მოციქულს კერპების მხილებისათვის, მისი ადგილზევე მოკვლა მოუნდა, მაგრამ ანაზდად მიწა განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი.
   ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა მოწამეობრივად. 

  წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება"  
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება