მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > წინასწარმეტყველებების, მჭვრეტელობისა და საკვირველმოქმედების მიზანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წინასწარმეტყველებების, მჭვრეტელობისა და საკვირველმოქმედების მიზანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


26-04-2023, 07:41

 

"ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ”. (მათ. 11.13) 

 

 

  სასწაულები და გამოცხადებები მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე დამაჯერებლად მეტყველებენ. ვერც ერთი აღმსარებლობის „სასწაული" მათ ვერ შეედრება.

  უფალი ძველი აღთქმის ადამიანებს ძირითადად წინასწარმეტყველთა  მეშვეობით ესაუბრებოდა. აღთქმანი და წინასწარმეტყველებანი სულიერად ამხნევებდა რჩეულ ერს. განსაკუთრებით შეუპოვარს ხდიდა, გაჭირვების ჟამს  რწმენასა და იმედს განუმტკიცებდა.

   ღვთის აღთქმა იმის შესახებ, რომ დედამიწაზე მესია მოვიდოდა, ჯერ კიდევ სამოთხეში დაიწყო და მთელი ძველი აღთქმის პერიოდში იწინასწარმეტყველებოდა.

   ღვთის ნათქვამში გველისადმი  ნახსენებია "ცოლის თესლი". ამ ფრაზამ იმთავითვე შეიძინა საიდუმლო შინაარსი (შესაქ. 3.15). მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები თანდათან  მრავლდებოდა.  სარწმუნოების რჩეულთათვის კი სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ცოლის თესლის შესახებ მიცემული აღთქმა მაცხოვარს ეხებოდა.

   ყურდსაღებია პატრიარქ იაკობის მიერ ერთ-ერთი ძის დალოცვა. მასში უფრო გარკვევითაა ნაწინასწარმეტყველევი მაცხოვრის შესახებ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღვარი შვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს (შემრიგებელი), რომლისა-იგი განცხადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა (შესაქ. 49.10).

   მრავალ წინასწარმეტყველებას მესიის შესახებ ვხვდებით ფსალმუნებში (ფს. 21.1.7-8.14.18.25-26).

    ძველი აღთქმის ეპოქა იწურებოდა. წინასწარმეტყველთა წიგნებში კი მრავლდებოდა უწყებანი და კიდევ უფრო ცხადი ხდებოდა სამომავლოდ მესიის მოსვლა. წინასწარ-მეტყველებებში ასახელებდნენ მაცხოვრის შობის დროს, ადგილსა და პირობებს, აღწერდნენ უფლის დასჯის წინარე მოვლენებს, ტანჯვას, აღდგომას და ა.შ.

   წინასწარმეტყველნი მომავალის შესახებ ხშირად წარსულ დროში საუბრობენ, როგორც უკვე მომხდარზე. ეს ნიშანდობლივია. არ არსებობს დრო — არც აწმყო, არც წარსული და არც მომავალი. ამიტომაც ესაიას წინასწარმეტყველება მესიის ვნების შესახებ იწყება წარსულ დროში და გადადის მომავალში:

   „უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისა ვის გამოეცხადა? მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმა და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურილსა; არა არს სახე მისა, არც დიდება და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მის, არცა სიკეთე, არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავსა დებად გვემულებასა, გარე მიიქცია პირი მისი უპატივო იქმნა და არ შეირაცხა. ესე გვემულებათა ჩვენთა იტვირთავს და ჩვენ ძლით ლმობილ არს და ჩვენ შევრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყეულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩვენთათვის, წურთა მშვიდობისა ჩვენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნენით, ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა, და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩუენთათვის, და იგი განბოროტებისათვის არა აღაღებს პირსა თვისსა, ვითარცა ცხოვარი, კვალად მომართ მიიყვანა და ვითარცა კრავი, წინაშე მრისხველისა თვისის უხმო. ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლესა შინა მსავრი მისაღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრება მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ... და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვის მიეცა" (ეს. 53.1.8.12).

   მსგავს წინასწარმეტყველებათა წყალობით იუდეველთა შორის ღვთისმოშიში ადამიანები ფხიზლობდნენ, გაფაციცებით ელოდნენ მაცხოვრის მოსვლას. და აი, მოვიდა  ქვეყნად მაცხოვარი ჩვენი! აღსრულდა ყველა წინასწარმეყველება! ამის შემდეგ ებრაელ ერში შეწყდა  წინასწარმეტყველებანი, ეს ფუნქცია ქრისტეს განკაცებით აღსრულდა. ამას მოწმობს სახარების სიტყვებიც: „ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ"(მათ. 11.13).

  ისტორია მოწმობს, რომ იუდეველ მღვდელმსახურთა ნაწილმა არ ირწმუნა ჭეშმარიტი მესიის მობრძანება დედამიწაზე. მათ კვლავინდებურად გააგრძელეს საქმიანობა - აცხადებდნენ თარიღებს და მისთ. ეს ყველაფერი ცხადია, ფუჭი რამ იყო. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება