მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 16 ივლისი (ახ. სტ.) - სამების დღესასწაული გერგეტში

16 ივლისი (ახ. სტ.) - სამების დღესასწაული გერგეტში


15-07-2022, 20:44

16 ივლისი (ახ. სტ.) - სამების დღესასწაული გერგეტში

 

 
 
   გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული. 
   ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს. 
   მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
   გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს" უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).
   ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის" მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ "გერგეტის სამება"-ს უწოდებენ.
   უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა. 

   კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

   მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი. დღეს აქ მამათა მონასტერი შენდება და ბერები მოღვაწეობენ.

   ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება. 

   2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ". 

 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება