მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > რამდენიმე სასწაული, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მანიშნებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რამდენიმე სასწაული, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების მანიშნებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


24-04-2023, 08:26

 

„სოფელსა ამის ჭირი გაქუს, არამედ ნუ  გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16, 33). 

 

 

   მესამე საუკუნის დასასრული და მეოთხე საუკუნის დასაწყისი ქრისტიანთა ყველაზე სასტიკი დევნის პერიოდი იყო, მაგრამ ღვთის განგებითა და ქრისტეს ჯვრის მადლით რომის იმპერიის ერთადერთი მმართველი კონსტანტინე გახდა. 312 წელს მან თავისი მტრის მაქსენციუსის წინააღმდეგ გაილაშქრა. კონსტანტინე არა წარმართ ღმერთებს, არამედ უზენაესს, უფალს ევედრებოდა გამარჯვებას. მას უნდოდა, სჭირდებოდა ხილული ნიშანი რომელიც შეეწეოდა და უჩვენებდა, როგორ დაეძლია ძალებით მასზე აღმატებული მტერი. და აი, ერთხელ,  მზის ჩასვლისას, მეფემ თავად იხილა ღვთაებრივი  ნათლით გაბრწყინებული ჯვარი ზეცაში წარწერით: „ამით სძლიე".

   ამ სანახაობამ შიშის ზარი დასცა მეფესაც და მის ჯარსაც. ჯვარი, ვით სამარცხვინო სასჯელის იარაღი, ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა. იმპერატორი საგონებელს მიეცა: რას უნდა ნიშნავდეს ეს ჩვენება?

  ღამით სიზმარში მას გამოეცხადა თავად ქრისტე და უბრძანა, ეს ხილული ნიშანი (ჯვარი) გამოეყენებინა მტრის დასამარცხებლად.

  იმპერატორი კონსტანტინე ჯვრის მფარველობით ყოველთვის იმარჯვებდა მტერზე. დარწმუნდა იგი ქრისტიანული სარწმუნოების ღვთაებრიობაში და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

  ნახევარი საუკუნის შემდეგ რომის იმპერიის ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა. ის ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა, მაგრამ შემდეგ წარმართულ რჯულს დაუბრუნდა და ქრისტიანების დევნა დაიწყო. ბუნებრივია, არც იუდეველებთან კავშირი გაძნელებია. იმპერატორმა იცოდა, რა უწინასწარმეტყველა თავის მოწაფეებს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ; სახელდობრ ის, რომ იერუსალიმის ტაძარშივე ქვა ქვაზე არ დარჩებოდა, რომ მის ადგილზე „იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისა" (მათ 24 . 2.15). 

   ამის მიუხედავად, იულიანემ დანგრეული ტაძრის კვლავ აშენება ბრძანა, საამისოდ ხაზინიდან თანხა გამოყო და პალესტინის მმართველს უბრძანა დახმარებოდა ამ საქმეში.

  მუშები საქმეს შეუდგნენ. მაგრამ როგორც იულიანე განდგომილის მემატიანე ამიანე მარცელინიე წერს: „საშინელი ცეცხლის ალი ამოიფრქვეოდა ნიადაგიდან, ცეცხლმა არაერთგზის დაწვა მუშები, რამაც შეუძლებელი გახადა მუშაობის გაგრძელება". იმავეს ადასტურებენ იუდეველი მწერლებიც.

  ერთი რაბინი ბენ იეხაია V საუკუნეში წერდა: „ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ რკინის კონსტრუქციები მთლიანად დადნა და ურიცხვი იუდეველი მოჰყვა ალში’’. ავტორი ამ მოვლენაში სასწაულს ხედავდა, ღვთისგან დაშვებულს, რომელიც თითქოსდა იმის გამო მოხდა რომ ტაძრის მშენებლობა წარმართი მეფის ბრძანებით იყო დაწყებული.

  მაგრამ სოლომონის ტაძარიც ხომ წარმართმა ხელოსნებმა ააგეს? მეორე ტაძარიც, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ, ხომ სპარსელი წარმართი მეფის ბრძანებით აშენდა?!

  ამ საოცარი ფაქტის შესახებ IV საუკუნის ეკლესიის წმიდა მამებიც საუბრობდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ იმპერატორის წინააღმდეგ წარმოთქმული ორი სიტყვა. იულიანე განდგომილის თანამედროვე ღვთიმეტყველი ამბობს, რომ ამ დროს, მშენებლობისას ზეცაში ბრწყინავდა ჯვარი და თვითმხილველთა შესამოსლებიც ჯვრებით იყო აღბეჭდილი. ეს უჩვეულო ამბავი ოცი წლის შემდეგ მეტად მხატვრულად აღწერა წმ. იოანე ოქროპირმა იუდეველების წინააღმდეგ მიმართულ წერილში.

  იმავეს მოწმობენ V საუკუნის სხვა წმიდა მამები და ისტორიკოსები. დაეჭვება ყოველივე ამაში უსაფუძვლო იქნებოდა. ისტორიკოსების ცნობით, მრავალი ადამიანი მოდიოდა ამ სასწაულის სახილველად, რომელიც ვერანაირი ბუნებრივი მიზეზით ვერ აიხსნებოდა.

  აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: სულ ცოტა ოთხჯერ მაინც ჩატარდა დიდი სამუშაოები იმ ადგილას. პირველი - სოლომონის ტაძრის მშენებლობისას, მეორე — ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ტაძრის აგებისას, მესამე — ჰეროდე მეფის მიერ დაწყებული მშენებლობისას და მეოთხე — მე-7 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ზუსტად იმ ადგილზე მუსლიმანური მეჩეთი აღმართეს. ეს მეჩეთი დღესაც იქ დგას.

  მითითებულთაგან არც ერთ დროს არ ამოვარდნილა ცეცხლი მიწიდან. მხოლოდ იულიანეს დროს მოხდა ეს. დიდ ქალაქში ქრისტიანი, იუდეველი და წარმართი მოსახლეობის თვალწინ აღესრულა ჭეშმარიტად უდიდესი სასწაული.

   ცოტა ხანში იულიანე უცნობმა პირმა მოკლა სპარსელებთან ბრძოლაში, ხოლო წარმართობა შესუსტდა და უძალო შეიქნა. იუდეველები დღესაც ტაძრისა და მსხვერპლშეწირვის გარეშე არიან.1

  უფალი ღმერთი ჩვენი სასწაულების მეშვეობით ისტორიის ყოველ პერიოდში ადასტურებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას. ის უშვებს სასწაულებს, რომლებიც ასწლეულების მანძილზე არ შეწყდება. სახელდობრ: ღმერთი მრავალ წმიდა მამას არა მხოლოდ სხეულის უხრწნელობით განადიდებს, არამედ იმითაც, რომ საუკუნეთა განმავლობაში სდის მირონი მათ წმიდა საფლავებს. აქ მრავალი სნეული იკურნება უკურნებელი დაავადებებისაგან. მაგალითისათვის გავიხსენებთ წმიდა დიდმოწამე გიორგის, წმიდა დიმიტრის, ათონელი წმიდა მამების საფლავებს.

   მეტად ყურადსაღები სასწაულები გაცხადდა დიდმოწამე ეფემიას საფლავთან. მისი ნეშტიდან სისხლი თავისი ბუნებრივი თვისებების შეუცვლელად ათეული წლების მანძილზე მოედინებოდა. ეკლესიის ისტორიკოსი ევაგრე, რომელიც მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა, წერდა, რომ წმ. ეფემიას სისხლი უხვად მოედინებოდა წმ. საფლავიდან და კეთილმორწმუნე მრევლს ურიგდებოდა. ერთხელ იმპერატორ მავრიკიუსს ეჭვი შეეპარა ამ სასწაულში და სისხლის შეჩერება სცადა, მაგრამ წმიდა სისხლი კიდევ უფრო ძლიერი ნაკადითა და სურნელით წარმოდინდა. ამის შემდეგ იმპერატორმა უდიდესი სინანული გამოხატა.

   წმიდა დიდმოწამე ეფემიას სასწაულებით გაბრწყინებულ წმიდა ნაწილებთან კიდევ ერთი უდიდესი სასწაული აღსრულდა.

  451 წელს ქალკედონის იმ ტაძარში, სადაც დიდმოწამე ეფემიას წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრების სხდომები მიმდინარეობდა, ქალკედონში ქრისტიანული ეკლესიების ექვსასოცდაათმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი. მართლმადიდებელთა მხრიდან კრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ: კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი (ხს. 3 ივლისს), იერუსალიმელი მღვდელმთავარი იუბენალი (ხს. 2 ივლისს) და რომის პაპის ლეონის (ხს. 18 თებერვალს) წარმომადგენლები. მონოფიზიტები ალექსანდრიელი პატრიარქის — დიოსკორესა და კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის — ევტიქის წინამძღვრობით მრავლად იყვნენ შეკრებილნი. ხანგრძლივი ბჭობის მიუხედავად, მხარეებმა ერთობლივი დადგენილება ვერ მიიღეს. მაშინ პატრიარქმა ანატოლიმ კრებას შესთავაზა საეკლესიო განხეთქილების მოგვარება სულიწმიდისათვის მიენდოთ. ბუნებრივია, ეს სულიწმიდის რჩეული ჭურჭლის - ეფემია ყოვლადქებულის მეოხებით უნდა მომხდარიყო. სწორედ მის წმიდა ნეშტთანაც მიმდინარეობდა კამათი. ცალკე მართლმადიდებელმა მწყემსმთავრებმა და ცალკე მათმა მოწინააღმდეგეებმა დაწერეს თავიანთი სარწმუნოებრივი აღსარება და საკუთარი ბეჭდებით დაბეჭდეს, იმპერატორ მარკიანეს (450-457 წ.წ.) თანდასწრებით ნეტარი დიდმოწამის ლუსკუმა გახსნეს და ორივე გრაგნილი მკერდზე დაადეს, შემდეგ  კუბო იმპერატორის ბეჭდით დალუქეს და ირგვლივ მცველები დააყენეს. ორივე მხარე გაძლიერებულ მარხვასა და ლოცვას მიეცა. სამი დღის თავზე პატრიარქმა და იმპერატომა კრების მონაწილეთა თანდასწრებით გასხნეს ლუსკუმა: გრაგნილი მართლმადიდებლური მრწამსით ეფემიას მარჯვენა ხელში ეპყრა, ერეტიკოსთა ხელნაწერი კი მის ფეხებთან ეგდო. წმინდანმა ცოცხალივით ასწია ხელი და უცდომელი მრწამსის შემცველი ნუსხა პატრიარქს გაუწოდა.

  ამ სასწაულის შემდეგ მრავალი გზააბნეული დაუბრუნდა მართლმადიდებლობას. მწვალებელთა გაკერპებული ნაწილი კი კრების მონაწილეებმა ერთხმად დაგმეს და ეკლესიიდან განკვეთეს.2

   მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ აღესრულება, იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, მაცხოვრის საფლავიდან ღვთაებრივი ცეცხლი ყოველი წლის დიდ შაბათს გადმოდის. მას საუკუნეების განმავლობაში იღებს მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, რადგან მხოლოდ მისი შესვლის დროს გადმოდის ცეცხლი. ეს უდიდესი საწაული კიდევ ერთხელ ადასტურებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას. მავანი შეიძლება ფიქრობს, რომ ცეცხლი სხვა აღმსარებლობის მაღალი იერარქის ხელშიც გადმოვა. არ არსებობს საამისო ისტორიული მოწმობა. საპირისპიროს კი ამტკიცებენ ანალები. სომეხმა მღვდელმსახურებმა წმიდა მიწის მმართველები მოისყიდეს და ცეცხლის მიღების უფლება მოიპოვეს. მაცხოვრის ტაძარში დიდ შაბათს ცერემონიალის ყოველი დეტალი, თითოეული კონფესიების წარმომადგენლის ადგილი, ქცევის წესი, შესვლის დრო მკაცრად არის განსაზღვრული სპეციალური შეთანხმებით, რომელსაც „სტატუს ქვო" ეწოდება. მაშინ მართლმადიდებელი პატრიარქი ძალის გამოყენებით გარეთ დატოვეს თავის მრევლთან ერთად, ხოლო ცეცხლის მისაღებად მაცხოვრის საფლავში იერუსალიმის სომეხი პატრიარქი შევიდა.

  ამ დროს მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ შესასვლელთან იდგა და მხურვალედ ტიროდა. იმ წელს საფლავზე ცეცხლი არ გადმოვიდა, მაგრამ მოხდა ყველასათვის ხილული სასწაული — ტაძრის შესავლელის ერთ-ერთი სვეტი, სადაც მართლმადიდებელი პატრიარქი  იდგა, გაიპო და იქიდან ცეცხლი გადმოვიდა. ამის შემდეგ ცეცხლის მიღების ცერემონიალზე ტაძარში ყველანი  მართლმადიდებელ პატრიარქს ელოდებიან, სწორედ ის გასცემს ცერემონიალზე დასწრების ნებას.

  შემდგომ იწყება დალუქული (ლუქი საფლავს ყველა კანდელისა და სანთლის ჩაქრობის შემდეგ ედება) საფლავის გარშემო სამგზის შემოვლის პროცესია. მესამე წრის დასრულების შემდეგ მართლმადიდებელი პატრიარქი დგება მაცხოვრის საფლავის წინ, განიმოსება სადღესასწაულო სამოსისაგან და მხოლოდ თეთრ კაბაში  რჩება. (ამ წესსაც თავისი ისტორია აქვს: საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ერთხელ სომხური ეკლესიის წარმომადგენელს მაცხოვრის საფლავში შესასვლელად გამზადებულ მართლმადიდებელ პატრიარქზე უთქვამს: „ცეცხლი დამალული აქვს შესამოსელის შიგნითო". ამის პასუხად მართლმადიდებელი პატრიარქი განიმოსა, რათა ტაძარში მყოფნი არ დაეჭვებულიყვნენ, ხოლო ცილისმწამებლები მხილებულ იყვნენ. ასე დაედო სათავე ოდენ თეთრი კაბით მოსილი პატრიარქის წმიდა საფლავში შესვლას, შემდეგ პატრიარქი ჩამქრალი სანთლებით შედის მაცხოვრის საფლავში, იქ კითხულობს ცეცხლის გარდამოსვლის სავედრებელ ლოცვას. ამ დროს იგი ლოცულობს მთელი მსოფლიოსათვის. ცეცხლი ხან რამდენიმე წუთში, ხან კი ხანგრძლივი დროის შემდეგ (20-25 წუთი) გადმოდის.(გაგრძელება...)


 


1 გამოყ. Apx. En. Серги Спасски, „О Святой Православной Вера". გვ. 132.

2 „წმინდანთა ცხოვრება". წიგნი მეორე. გვ. 35-36.

3 გაზ. „მრევლი" #2(62) 2002 წ. გვ. 15.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება