მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > უფლის მიერ ქმნილი სასწაულები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

უფლის მიერ ქმნილი სასწაულები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-04-2023, 19:55
  
 
   როგორც უკვე ვთქვით, სასწაული არის ისეთი მოვლენა, რომელიც ადამიანის ვერანაირი ძალისხმევით ვერ შესრულდება; ის მხოლოდ ღვთის ნებით მოხდება. შესაბამისად, სანამ არ შემცირებულა ღვთის ძალა (ის არასოდეს შემცირდება), მანამდე სასწაულებიც აღსრულდება.
   ვფიქრობთ, ზემოთქმული მოსაზრების დამტკიცება  უფლის მიერ ქმნილი სასწაულებით უნდა დავიწყოთ. ამ მიზნით წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის არაჩვეულებრივ წერილს დავეყრდნობით:
   „უფლის სასწაულები კაცობრიობისათვის ღმრთისგან მომადლებული ნიჭია. ამ ნიჭის ბოძება ღმერთის მოვალეობა როდი იყო, ღმერთმა იგი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების გამო უწყალობა ადამიანებს. მათ კი ნამდვილად მოეთხოვებოდათ  ნიჭსაც და მის მომრთმეველსაც უდიდესი მოწიწებითა და კეთილგონიერებით მოქცეოდნენ — მან აღიღო კაცობრიობის ცოდვა და თავს იდო კაცთა გამოხსნა. ხოლო სასწაულები არის ღვთაებრივი ნიჭის მოწმობა. უფლისგან ბოძებულ ნიჭს უეჭველი ღირებულება ჰქონდა, მაგრამ რადგანაც ცხონება-არცხონება ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ადამიანებს უფლება მიეცათ შეეფასებინათ, განესაჯათ ქრისტეს სასწაულები. რამდენად სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სასწაულები? ამის მიხედვით უნდა იმსჯელონ ადამიანებმა თვით სასწაულთმოქმედზეც, რათა მაცხოვარი მიიღონ,  აღიარონ არა ნაჩქარევი, ქარაფშუტული, ნაძალადევი გატაცების, არამედ თავისუფალი, მტკიცე რწმენის შედეგად.
   ქრიტეს სასწაულები სრულიად გარკვეული იყო. მათ შესახებ თავისუფლად შეიძლებოდა იმის თქმა, რაც უფალმა უთხრა მოციქულს: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი და მოიღე ხელი შენი და დამდებ გუერდსა ჩემსა და ნუ იმყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ" (იონ. 20.27)  ქრისტეს სასწაულები ხელშესახები, ყველაზე უბრალო ადამიანებისთვისაც კი  ცხადი გახლდათ. არაფერი იყო მათში იდუმალი, ყველას შეეძლო მათი ხილვა და არც იმ ეჭვისათვის რჩებოდა ადგილი, ნამდვილად სასწაულია ეს თუ მხოლოდ ჰგავს სასწაულსო. მკვდარნი აღდგებოდნენ, სნეულნი იკურნებოდნენ, კეთროვანნი განიწმინდებოდნენ, ბრმად შობილებს თვალები ეხილებოდათ, უტყვნი იტყოდნენ, მშიერთათვის პური უეცრად მრავლდებოდა, ზღვის ტალღები და ქარები ხელმწიფებით თქმული ერთი სიტყვით მშვიდდებოდა, ვისაც ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, ხსნას პოულობდა, მებადურთა ბადეები, აქამდე ცარიელი, ღვთის უსიტყვო ბრძანებით თევზით ივსებოდა. უფლის სასწაულებს მრავალი მოწმე ჰყავდა. მათი დიდი ნაწილი ან ემტერებოდა უფალს, ან უგულისხმო იყო, ანდა მხოლოდ ხორციელ შველას მოელოდა მისგან. თვით სასწაულებში ეჭვს ვერავინ შეიტანდა, ვერ უარყოფდნენ მას უფლის უბოროტესი მტრებიც კი. ისინი მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ მრუდე განმარტებებით, ბოღმითა და სიბოროტით ნაკარნახევი საშუალებებით დაეკნინებინათ უფლის სასწაულები. (მათ.12.2. იონ დ.24) მათში არაფერი იყო ამაო, ეფექტს გამოდევნებული. მაცხოვარს არც ერთი სასწაული ხალხის დასანახად არ აღუსრულებია, ყოველი მათგანი ღმერთისმიერი სიმდაბლით იყო დაფარული და მიზნად ტანჯული კაცობრიობისთვის სიკეთის მოტანას ისახავდა...
   უფლის სასწაულებს წმიდა მნიშვნელობა და წმიდა მიზანი ჰქონდა. თავისთავად დიდი სიკეთე იყო ეს სასწაულები, მაგრამ ღვთის განგებულებით, ისინი ბევრად უფრო მაღალ სიკეთთა შესახებ მოწმობდნენ. უფალმა თავისი განკაცებით ადამიანებს უბოძა მარადიული, ფასდაუდებელი სულიერი ნიჭი - ცხონება, ცოდვისგან განკურნება, მარადიული სიკვდილის ძლევა. უფლის სიტყვა და მისი ცხოვრების წესი – ყოველივე ამას ცხადყოფდა სრულად, უფალი იყო უცოდველი და ყოვლადწმიდა (იოანე 8.46), მის სიტყვას უდიდესი ძალა ჰქონდა (მარკ 1.43), მაგრამ კაცნი ხორციელი ზრახვის ბნელ უფსკრულში ჩაცვივდნენ და გულითა და გონებით დაბრმავდნენ. ამიტომ შემოქმედმა დასნეულებულ მოდგმაზე განსაკუთრებული მოწყალება მოიღო. მან აუცილებლად მიიჩნია კაცთა ხორციელი გრძნობისათვის აშკარა საბუთები მიეშველიებინა. მაცხონებელი ცოდნა სწორედ ხორციელი გრძნობების მეშვეობით უნდა მისწვდომოდა კაცის გულსა და გონებას. ისინი კი, გულიც და გონებაც, უკვე მომკვდარიყვნენ  მათთვის ჩვეული, მარადიული სიკვდილით. ამიტომ ღმრთის სიტყვას შემწედ მიეცა ღმრთის სასწაულები, რათა  ადამიანებს  გაეგოთ და მოეღოთ სულიერი ნიჭი, რომლის დანახვაც მხოლოდ სულიერი თვალითაა შესაძლებელი. უფალმა სულიერ, მარადიულ ნიჭს დაუმატა დროებითი, ხორციელი ნიჭი - მას კაცობრივი ბუნება უფრო ადვილად დაინახავდა, ეს არის ნიჭი ხორციელ სალმობათა კურნების."1
    წმიდა ეგნატეს მოსაზრებისამებრ ღვთის სასწაულები ორი მიზნით ხორციელდებოდა: პირველი - ქრისტიანობის გავრცელებისა და სარწმუნოებაში განმტკიცებისათვის, მეორე - ადამიანთა ხორციელი განკურნებისათვის.
   მართალია, ქრისტიანობა მრავალ ქვეყანაში იქადაგეს, მაგრამ განა ყველგან გავრცელდა და ყველგან მოიკიდა ფეხი. არა, ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანმა არ უწყის ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა, მილიონობით ადამიანმა იცის ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ არ არის ჭეშმარიტი ეკლესიის წევრი.  შესაბამისად  სასწაულები მეტნაკლებად ყველა დროში სრულდებოდა და დღესაც უნდა აღსრულდეს.
   ყველაზე უდავო მტკიცებულება იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სარწმუნოებრივი შეხედულება ჭეშმარიტია,  არის თავად მაცხოვარი. ჭეშმარიტ სარწმუნოებას მოწმობენ ზებუნებრივი, ღვთაებრივი მოვლენები, წინასწარმეტყველებები და სასწაულები. როდესაც თავად ღმერთი ეცხადება ადამიანებს, ეუბნება მათ, რომ ეს სარწმუნოება ჭეშმარიტია, როცა იგი ჭეშმარიტებას სასწაულებით ასაბუთებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენაში ეჭვის შეტანა არაფრით შეიძლება. გვეტყვიან: სხვა წარმართულ რელიგიებშიც ხომ იყო და დღესაც ხდება სასწაულებიო. მართალნი არიან, ამიტომ წინასწარმეტყველებები და სასწაულები არც თუ ისე დამაჯერებელი მტკიცებულებებია.
    აქ, უპირველეს ყოვლისა, როგორც წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ბრძანებს, ყურადღება თვით სასწაულის თვისებაზე უნდა გავამახვილოთ. წმიდა წერილი მოწმობს, რომ თავად ფარისევლებიც კი ვერ უარყოფდნენ ქრისტეს სასწაულებს. გარდა ამისა, მაცხოვარმა ისეთი სასწაულები უჩვენა ხალხს, რომლებსაც ვერ ასრულებდნენ ბოროტი სულები. როდესაც უფალმა იერუსალიმში ბრმადშობილს თვალი აუხილა, მაშინ იუდეველები კამათობდნენ: „ესე სიტყვანი არა ეშმაკისეულისანი არიან: ნუუკუ ეშმაკსა ხელეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?’’ (ინ 10.21) თავად ფარისეველთაგანნი იტყოდნენ: „ვითარ ხელეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ?’’ (ინ.9.16) და ბოლოს: მაცხოვარი მკვდრებს აღადგენდა და თავადაც აღდგა და ამაღლდა ზეცად. განა რომელიმე აღმსარებლობაში შეინიშნება მსგავსი სასწაული?!
   ამრიგად, ქრისტიანული რწმენა ფლობს ყველანაირ მტკიცებულებას თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის დასადასტურებლად, ვინაიდან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ არა მხოლოდ მოგვცა კანონი, არამედ თავად გვიჩვენა მისი აღსრულების მაგალითი, არა მხოლოდ მაგალითი გვიჩვენა, არამედ ქრისტიანებსაც მიჰმადლა  მცნებების შესრულების ძალა, არა მხოლოდ თავად მოახდინა სასწაულები, არამედ მის მიმდევრებსაც მიანიჭა სასწაულთმოქმედების უნარი.
   სწორედ ამის გამო ქრისტეს რწმენა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ სამყაროში. ვერას აკლებდა მას უამრავი წინააღმდგეგობა, სასტიკი დევნა, იუდეველთა და წარმართთა მიერ დაგებული ეშმაკური მახეები. (გაგრძელება...)
 
                                                   
 
 

1 წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი), თბ. 1991 წ. წიგნი „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". ტ. 3. გვ.411.
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე  
Xareba.net - ის რედაქცია  

უკან დაბრუნება