მთავარი > საცდურები > "ტოლერანტობა" - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულთშემწყნარებლობა
"ტოლერანტობა" - როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულთშემწყნარებლობა25-05-2013, 00:04 |
,,ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერიტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა ,,ტოლერანტობის" და ,,ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების" მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ - იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევარჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას." ,,სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა თანასწორობა - ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა-სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა (ჭეშმარიტი ტოლერანტობა- მთარგ.), მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვა ქრიტეს ჭეშმარიტებისა. როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ურწმუნოს გამო ქონება და სიცოხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება - არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით". ,,ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მათ.10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: ,,იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რომ ერთი მეორისაგან განვკვეთო და გავაცალკეო, რათა აღრევა არ მოხდეს". ამგვარი განმარტებების მართებულობას ამტკიცებს მაცხოვრის შემდეგი სიტყვები: - „რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული -დედისაგან თვისისა და სძალი - დედამთილისაგან თვისისა’’(მათ. 10,35), და თუ ძე გაჰყვება ქრისტეს, მამა კი ბნელში დარჩება, ქრისტეს ჭეშმარიების მახვილი გაყოფს მათ. განა ჭეშმარიტება მამაზე ძვირფასი არ არის?! და, თუ ასული გაჰყვება ქრისტეს, ხოლო დედა გაჯიუტდება და ქრისტეს უარყოფს, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მათ?! განა ქრისტე დედაზე უტკბესი არაა?!.. იგივეა რძალსა და დედამთილს შორისაც. მაგრამ ეს ისე არ გაიგო, რომ ის, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს და შეიყვარებს, მაშინვე თავის ნათესავებს ხორციელად უნდა გაემიჯნოს, ეს არა სწორია. ამის შესახებ არ არის ნათქვამი. საკმარისია სულიერად გაემიჯნო და ურწმუნოთა საქმე და განზრახვა არ შეიწყნარო. რადგან, თუკი მორწმუნენი ურწმუნოებს მყისიერად გაემიჯნებოდნენ, მაშინ ქვეყნად ორი მტრული ბანაკი წარმოიშობოდა. ამ შემთხვევაში კი, ვინღა ასწავლიდა და გამოასწორებდა ურწმუნოებს? თვითონ მაცხოვარი თავის გვერდით ურწმუნო იუდას სამი წელი ითმენდა. ბრძენი მოციქული პავლე წერს: ,,განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა’’ (1კორ. 7,14). ამრიგად, სიტყვა მიწაზე მოტანილი მახვილის შესახებ სრულიად შეესაბამება ქრისტეს როგორც მშვიდობის შემოქმედსა და მომნიჭებელს. იგი თავის ზეციურ ზეთს აძლევს ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს მისი. მაგრამ ის იმისთვის არ მოვიდა, რომ სინათლის შვილები ბნელეთის შვილებთან შეარიგოს. თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? განა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა: - ,,ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უხს მორწმუნესა ურწმუნოისა თანა?’’ (კორ. 2, 6, 14-15). იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან არიგებს, სინათლეს წყვდიადთან და სიკეთეს კი - ბოროტებასთან! სოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით’’. ,,წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები’’.
წმ. ნიკოლოზ სერბი
ამონარიდები ,,მისიონერული წერილებიდან’’ უკან დაბრუნება |