მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > ლოცვა - კურთხევა

ლოცვა - კურთხევა


8-09-2022, 12:33
ლოცვა - კურთხევა

   ადამიანი, რომეიც ბოროტების ჩადენას აპირებს, ჯერ, ჩვეულების თანახმად, ლოცულობს და ღვთის განგებით შეკავებული შემდგომში მრავალ სამადლობელს აღავლენს.

 

* * *


   არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია.

 

* * *


   გონიერად მლოცველი მოწეულ მწუხარებას გადაიტანს, გულღვარძლიანს კი ჯერ კიდევ ვერ ულოცია წმინდად.

 

* * *


   ვინც ხორციელად ლოცულობს და ჯერ კიდევ არა აქვს სულიერი გულისხმისყოფა, იმ ბრმას ემსგავსება, რომელიც ღაღადებდა: „ძეო დავითისო, შემიწყალე მე!" (მარკოზი 10.48).

 

წმინდა მარკოზ განშორებული


 

* * *

   აქ ვიტყვით მთავარზე - ლოცვაზე, ადამიანის სულის ცოცხალ ურთიერთობაზე ღმერთთან. ლოცვა - ეს ჩვენი გონებისა და გულის ღვთისაკენ მიმართვის საშუალებაა. ლოცვა ორმხრივ ქმედებას იწვევს. პირველი - ადამიანს მიწისაგან წყვეტს, მეორე - სულს სულიერი სამყაროს ზემოქმედებისათვის ხსნის. თუკი სულს სარკეს შევადარებთ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის ქვევითაა მიბრუნებული და მიწიერ სახეებს ირეკლავს. ლოცვისას ის ზევითაა მიმართული და ზეცაა არეკლილი მასში. ჩვენ სუფთა ლოცვაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ რამდენადმე მოიხვეჭო ის.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *

   გულისყურით ლოცვა ღვთის ნიჭია და იგი გულმოდგინე მაძიებელს ეძლევა. ამიტომ ეძიეთ და ჰპოვებთ.

 

წმ. თეოფანე დაყუდებული


 

* * *

   დაუდევრად, მცონარებით აღვლენილი ლოცვა - ვედრება ფუჭადმეტყველებაა.

 

წმიდა ანტონი დიდი


 

* * *

   დემონებმა ეშმაკეულთა პირით უთვალავჯერ აღიარეს, რომ ლოცვა მათ ბუგავს.

 

* * *


   ლოცვა - თვალები და ფრთებია ჩვენი სულისა, მისგან გვეძლევა კადნიერება და ძალა ღმრთის ხილვისა.

 

იოსებ მღვიმელი


 

* * *

   ვინც იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ცხოვრების სიმძიმეს ადვილად იტვირთავს.

 

* * *


   ლოცვა პირდაპირი და მჭიდრო კავშირია, იგი კაცის სულის ღმერთთან შეერთებაა.

 

წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე


 

* * *

   ვინც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის, მის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს.

 

წმიდა ისააკ ასური


 

* * *

   ვისაც სურს, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინოს, მან უფლის მცნებებს უნდა მოუსმინოს.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი


 

* * *

   თავის მხრივ კურთხევა განსხვავდება ჩვეულებრივი ლოცვისაგან. როცა მორწმუნე ამბობს: დამლოცე მამაო და მღვდელი პასუხობს: ღმერთმა დაგლოცოს, უფალმა დაგლოცოს ეს ზოგადი მნიშვნელობისაა და ერთდროულად მოიცავს ადამიანის ყოველგვარ სიკეთეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სულიერებას და სხვა.

 

მამა გაბრიელი


* * *

   თუ ღვთის წინაშე რაიმესთვის ლოცულობ და იგი აყოვნებს, შეისმინოს შენი, ნუ იდარდებ ამის გამო. შენ ღმერთზე გონიერი არ ხარ.

 

წმიდა ისააკ ასური


 

* * *

   „იესოს ლოცვა" თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძალისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოაჩენს. ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ - ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება, ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას, ეშმაკის მბრძანებლობის, ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


 

* * *

 

   ლოცვა ფრთებია სულისა, საყდრად უფლისა სულს რომ ხდის, იგია ძალი სულიერი კაცისა.

 

იღუმენი არსენი


 

* * *

   ლოცვის გარეშე ჩვენს სულიერ ცხოვრებას შია კიდევაც, სწყურია კიდევაც, და კვდება კიდევაც.

 

* * *


   როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.

 

* * *


   შენ თვითონ არ გესმის საკუთარი ლოცვა, მაშ, როგორ გინდა, რომ უფალმა შეისმინოს ის.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *

   მე ვლოცულობ, გამუდმებით ვლოცულობ. არც კი მესმის, როგორ შეიძლება გაატარო დრო ლოცვის გარეშე. ჭეშმარიტად, ლოცვა სულის სუნთქვაა.

 

წმ. იოანე კრონშტადტელი


 

* * *

   მუშაობის დროს დასაშვებია და აუცილებელიც არის ლოცვა, მაგრამ ლოცვის დროს სხვა რაიმეს კეთება არ შეიძლება.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

* * *

   უსიყვარულო ლოცვა ჰგავს კეთილ და ლამაზ ფრინველს, რომელსაც ფრთები არა აქვს და ფრენა არ შეუძლია.

 

ბერი ამფილოქე


 

* * *

   ცხოვრებაში მთავარია ლოცვა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

 

* * *


   ჯერ საკუთარი თავი უნდა განიწმინდო და შემდეგ ესაუბრო ყოვლადწმიდა უფალს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


უკან დაბრუნება