მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > თვითმკვლელობის ცოდვა

თვითმკვლელობის ცოდვა


25-02-2014, 00:01
თვითმკვლელობის ცოდვა

   თვითმკვლელობის მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურებოდა და მასში ბედნიერებას ეძეიებდა. კერპი - ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს, ხშირი შეხებისგან კი ოქრო სცილდება. იქნებ სწორედ ამიტომაცაა თვითმკვლელთა დიდი ნაწილი ლოთებსა და პოეტებს შორის.

 

 

* * *


   თვითმკვლელში მხოლოდ ორი ფაქტორი შეიძლება იყოს: ან ურწმუნოება ღვთისადმი, ან ღვთისადმი სიძულვილი, მესამე შეუძლებელია! თვითმკვლელი ან ფიქრობს, რომ სიცოცხლე შემთხვევითობაა, თავისთავად ანთებული ნაპერწკალია კოსმოსის მკვდარ სივრცეში, ან თუ სწამს შემოქმედი, მას ბოროტების მიზეზად თვლის. ამიტომ თვითმკვლელობა ღვთისაგან სრული განდგომაა.

 

 

* * *


   მრავალმა პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, კიდევ უფრო მეტმა ამის გაკეთება სცადა. ლექსებში თითქმის ყველასთან დროდადრო ჟღერს ნამდვილი სევდა სიკვდილზე. პოეტთა თვითმკვლელობა - ეს ღვთის უარყოფისა და მიწიერი სილამაზით ტკბობის შედეგია. პოეტები, როგორც მერიქიფეები, ვნებათა მდუღარე სასმელს ფილიგრანული ლექსების მოოქროვილ თასებში და ბროლის სასმისებში ასხამდნენ, შემდეგ კი ბინძური ორმოს წყლის გემოს შეიგრძნებდნენ. რაღა რჩებოდათ? ღმერთი სძულებოდათ და კიდევ... მონუსხულებს ეცქირათ ღრუბლებისთვის, რომლებიც დედამიწაზე გადმოპირქვავებული ოკეანის ზედაპირზე ზღაპრული კუნძულებივით მიცურავენ.

 

 

* * *


   პოეტები მიწიერი სილამაზის გურმანები არიან. ისინი არა მხოლოდ ეძლევიან ვნებებს, ისინი მათი შთაგონების წყარო, მათი პალიტრის საღებავებია. მათ ყველა ვნების განცდა სურთ; უნდათ, რომ ისინი ყველანაირ ელფერსა და ნიუანსში იხილონ, რათა საკუთარ ლექსებში ხორცი შეასხან. პოეტები გულის სიღრმეში წარმართები არიან, ისინი ადამიანსა და ამქვეყნიურს მიაწერენ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ მათ გულებში ერთმანეთს ეთავსება სევდა იდეალზე და დაუოკებელი სწრაფვა ცოდვისკენ, რომელსაც ისინი ისე რთავენ, როგორც ოქროს ფარჩით - კუბოს.

 

 

* * *


   სიკვდილის ყველაზე ტრგიკული სახეობაა - თვითმკვლელობა. თვითმკვლელი საკუთარ თავს ცოცხალთა  სიიდან  შლის, მაგრამ მკვდრებსაც არ სურთ მისი მიღება. ძველად თვითმკვლელებს სასაფლაოზე არ მარხავდნენ, მათ საფლავებს არ ასხივოსნებდა ჯვარი, საფლავის ქვაზე სანთელს არ ანთებდნენ. მათ სადღაც, გზის განაპირას, ადამიანის საცხოვრებლისაგან მოშორებით მარხავდნენ და როგორც კეთროვნებს, ისე გაურბოდნენ.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *

   უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14,17; 15,26; 16,13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას. რამეთუ იგია - სული და ჭეშმარიტება.

 

 

* * *


               თვითმკვლელობა - საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და - არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს „მიტევება", მიუტევო ცოდვილს ცოდვანი - ნიშნავს დაუბრუნო მას მთლიანობა მთელი ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან.

          

 

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


 

   * * *

                 მეტად სამწუხარო და სავალალოა, როცა გონზე მყოფი ადამიანი, სასოწარკვეთილების, ან, როცა პროტესტის მიზნით იკლავს თავს. რადგან ეშმაკს ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ მიჰყავს ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველში.

 

 

მამა გაბრიელი


უკან დაბრუნება