მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ვითარითა გრძნობითა და შიშითა უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ აღსარებასა და ზიარებასა?

ვითარითა გრძნობითა და შიშითა უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ აღსარებასა და ზიარებასა?


9-05-2013, 09:40

 

 

 მოკლე მოძღვრება

 

 

   კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორათაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს შენი სიცოცხლე და ბედნიერება; ყოველი ძალი და სიმტკიცე სულისა შენისა უნდა მოიხმარო ამ საქმისათვის. ეცადე, რომ ზიარებამ მოახდინოს შენში რომელიმე ცვლილება, დასტოვოს შენ გულში კვალი და ნიშანი. ეს დამოკიდებული არს ღვთის მადლზე, მეტყვის ვინმე. მართალია, ძმაო, მაგრამ შენზედაც არის დამოკიდებული. რა ზომად დაემორჩილები ღმერთსა და ღირსი გახდები, იმზომად მიიღებ მადლსა ღვთისასა. ეცადე, რომ ის გრძნობა და ის მიდრეკილება, რომელიცა გვაქვს გულში, მიმავალსა ზიარებისადმი, დარჩეს მარადის შენთან. რა სასარგებლო იქნება შენთვის, თუ ამ ერთის კვირის განმავლობაში ერიდები ცოდვას და მერმე კვალადვე მიიქცევი ცოდვისადმი; ახლა შეურიგდები და შეუნდობ ყოველს კაცს და მომავალში ხელ ახლად იწყებ ჩხუბს და მტერობასა; ახლა გაქვს გული წყნარი და ლმობიერი, დახშული  ყოვლის ცუდის აზრისა და საქმისათვის, ხოლო მომავალში  გახსნი გულსა და შეუშვებ მას შინა ყოველსა ცოდვასა.

   როდესაც დავით წინასწარმეტყველმა ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმინდა ჟამს შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს. რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არა მოგეახლებიან შენცა ესენი, უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ.    

                           

 

                                   წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 


 

 

 


 

 

 


 


უკან დაბრუნება