მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის ხსენება
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის ხსენება1-05-2024, 21:17 |
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.
ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.
საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ. ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა" (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება. შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა. დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია"), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე. უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |