მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გულმოწყალე ადამიანებს უფალი მიწიერი სიკეთითაც აჯილდოებს

გულმოწყალე ადამიანებს უფალი მიწიერი სიკეთითაც აჯილდოებს


6-03-2014, 00:01

 

გულმოწყალე ადამიანებს უფალი მიწიერი სიკეთითაც აჯილდოებს

 

 

 

სიტყვა თქმული სიმდიდრის დამკარგველზე, რომელსაც ღმერთი უყვარდა

 

   ყველასათვის ცნობილია უფლის სიტყვები: ეძიებდით პირვე-ლად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქუენ(მათ. 6, 33). ვიცით ამ სიტყვების ჭეშმარიტება, მაგრამ სხვაგვარად ვიქცევით. უპირველესად ჩვენ ვზრუნავთ არა ზეციური სასუფეველისათვის, არამედ ამქვეყნიური კეთლდღეობისათვის. სამწუხაროდ, ეს ჩვენი მცირედმორწმუნეობის ბრალია. ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი გვტანჯავს, თუ რა მოგვივა სიბერის ჟამს? ვინ გამოგვკვებავს? გამოგვადგებიან ჩვენი შვილები? და ა. შ. ამქვეყნიური ანგარებით დატვირთული ადამიანის ყველაზე ბოლო საზრუნავი სულის გადარჩენაა. ჩვეულებრივ კი, როგორ ხდება? ამ დროს ადამიანი იღუპავს სულსაც და ხორცსაც. ვერ მოიპოვებს ვერც სულიერ და ვერც ამქვეყნიურ კეთილდღეობას. რაღა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან იქ, სადაც არ არის უფლის კურთხევა, არანაირი სიკეთე არ იქნება. ხოლო თუკი ადამიანი მოიქცევა უფლის ნების მიხედვით, სულსაც გადაირჩენს და ამქვეყნიურ კეთილდღეობასაც ეღირსება: ყრმა ვიყავ და დავბერ-დიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა (ფსალმ. 36, 25). - ამბობს წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი.

   ერთხელ ერთი წმინდა მამა კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. ეკლესიაში მასთან უცნობი კაცი მივიდა, მიესალმა და სულის გადარჩენაზე საუბარი დაუწყო:

   - ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც მთელ თავის იმედებს უფალზე ამყარებს და საკუთარ თავს მას მიანდობს!

   და განაგრძო:

   - მე მემკვიდრე ვიყავი მდიდარი მამისა, რომელიც არაჩვეუ-ლებრივად მოწყალე გახლდათ ღატაკების მიმართ. ერთხელ მიხმო, მაჩვენა მთელი თავისი საგანძური და მითხრა:

   - შვილო ჩემო, რა გსურს? რა გინდა დაგიტოვო ჩემი გარდაცვალების შემდეგ? ეს სიმდიდრე თუ უფალი იესო ქრისტე?

   მე ვუპასუხე:

   - ქრისტე, რადგან ამქვეყნიური სიმდიდრე ხრწნადი და წარმავალია. ამის შემდეგ მამაჩემი უფრო მოწყალე გახდა, მან მთელი თავისი ქონება ღატაკებს დაურიგა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავღარიბდი და მთლიანად უფალს მივენდე. და იცით, რა მოხდა? ჩვენს ქალაქში მდიდარი, სახელგანთქმული და ამასთან, ღვთისმოშიში კაცი ცხოვრობდა, რომელსაც კეთილი მეუღლე და ერთადერთი ასული ჰყავდა. როდესაც ქალწულმა პატარძლობის ასაკს მიაღწია, ცოლმა ქმარს უთხრა:

   - აი, ჩვენ ქალიშვილი გვყავს, გვაქვს დიდი ქონება, ამიტომ უნდა ვეძებო არა მდიდარი, არამედ ღვთისმოშიში სასიძო, რომელიც ჩვენს ასულს გააბედნიერებს და ჩვენს მამულს მოუფრთხილდება. ქმარმა უპასუხა:

   - მართალს ამბობ და ვფიქრობ, რომ არჩევანი უფალს უნდა მივანდოთ. წავიდეთ ტაძარში, ვევედროთ უფალს და ვისაც იგი პირველად გამოგვიგზავნის, ის იქნება ჩვენი სიძე.

   წავიდნენ, ილოცეს და დაელოდნენ, თუ ვინ შემოვიდოდა ეკლესიაში პირველი. ამ დროს მეც შევედი. მათ მალე მონა გამომიგზავნეს და სახლში მიმიწვიეს. როდესაც მივედი, წარმომა-ვლობა გამომკითხეს. მე ვახსენე მათთვის კარგად ცნობილი მამაჩემის სახელი და ისიც შეიტყვეს, რომ დასაქორწინებელი ვიყავი. ამის გამგონე ცოლ - ქმარმა უფალი ადიდა და შესძახეს:

   - თავად ქრისტემ აგირჩია ჩემი ქალიშვილის ქმრად და აი, გიძღვნით მას და მთელს ჩვენს ქონებას. იცხოვრეთ კეთილად და ღვთისმოშიშებით.

   - მე დავეთანხმე და მათი ასული ცოლად შევირთე, რომელთან ერთადაც მათი მამულებიც მერგო. ახლა კი მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, ისე ვიცხოვრო, როგორც ღვთისმოსავი მამაჩემი ცხოვრობდა.

   ხედავთ, ამქვეყნიური კეთილდღეობით როგორ აჯილდოებს ღმერთი მათ, ვინც პირველ რიგში სულისთვის ზრუნავს და ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას ცდილობს?! და ეს არ არის ერთადერთი მაგალითი. წაიკითხეთ წმინდანთა ცხოვრება და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდებით. ფილარეტ მოწყალემ ღატაკებს ყველაფერი დაურიგა და როდესაც მის სახლში მხოლოდ შიშველი კედლები დარჩა, მასთან მოვიდა მეფის უწყება და მისი შვილიშვილი იმპერატორის ცოლი გახდა. რამდენი მაგალითია, როდესაც მონა-სტრის წინამძღვარმა ყველაფერი ღატაკებს დაურიგა, ძმები ულუკმაპუროდ დატოვა და მოულოდნელად, უხილავი ხელის წყალობით, მონასტრის ბეღლები ისე გაივსო ხორბლით, რომ კარის გაღება ჭირდა?! ასეთი მაგალითები უამრავი გვხვდება, ამიტომ, პირველ რიგში, ეძიეთ ზეციური სასუფეველი, უფლის სამართალი და ზეცას დაიმკვიდრებთ, ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II

 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება