მთავარი > თანამედროვე მამები > ბავშვების სიკვდილი

ბავშვების სიკვდილი


26-04-2013, 06:33
ბავშვების სიკვდილი

    წმიდაო მამაო, ერთმა დედამ ცხრა წლის წინ დაკარგა შვილი. ახლა გთხოვთ, რომ ილოცოთ, რათა სიზმარში მაინც ნახოს იგი და ამით ნუგეში მოიპოვოს.

   -რამდენი წლის იყო ბავშვი? ის პატარა იყო? ამას მნიშვნელობა აქვს. თუკი ბავშვი პატარა იყო და დედას ისეთი სულიერი მდგომარეობა აქვს, რომ მისი ხილვა არ გაანერვიულებს და სულის სიმშვიდეს არ დააკარგინებს, ის მას გამოეცხადება. მიზეზი იმისა, რომ ბავშვი არ ეცხადება, თვით მასშია.

   -წმინდაო მამაო, შეიძლება, რომ ბავშვი დედას კი არ გამოეცხადოს, რომელიც ამას გამუდმებით ითხოვს, არამედ - ვიღაც სხვას.

   -როგორ არ შეიძლება!  ღმერთი ხომ ყოველივეს ჩვენი სიკეთისათვის აკეთებს. როდესაც მეტყვიან, რომ ვიღაც ყმაწვილი გარდაიცვალა, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ მასზე. მაგრამ თუკი ყოველივეს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ხომ აშკარავდება, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო მეტი ბრძოლა უწევს მას და შესაბამისად მეტი ცოდვები უგროვდება. განსაკუთრებით - ამქვეყნიურ, ერის ადამიანებს: რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ისინი, საკუთარი საზრუნავითა და უსამართლობით უფრო და უფრო იუარესებენ მდგომარეობას. იმის ნაცვლად, რომ გააუმჯობესონ ის. ამიტომ ის ადამიანი, რომელიც ღმერთს ახალგაზრდობაში ან ბავშვობაში მიჰყავს, უფრო მეტს იგებს, ვიდრე კარგავს.

  -წმიდაო მამაო,რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

   -ჯერ არავის დაუდია ღმერთთან კონტრაქტი იმის თაობაზე, თუ როდის უნდა მოკვდეს. ღმერთს ადამიანი მის ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად შესაფერის დროს მიჰყავს. მიჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გამზადებული სახით და საშუალებით იმისათვის, რომ იხსნას მისი სული. თუ ღმერთი ხადავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს ტოვებს, მაგრამ, თუ ნახავს, რომ ის კიდევ უფრო უარესი იქნება, მიჰყავს, რათა გადაარჩინოს. ხოლო სხვები კი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ კეთილის ქმნის სურვილი აქვთ, მას მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ამ სიკეთის აღსრულებას მოასწრებდნენ. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ იცის: ეს ადამიანები ნამდვილად გააკეთებდნენ სიკეთეს, საამისოდ შესაფერისი შესაძლებლობა რომ მისცემოდათ. ანუ, თითქოსდა ღმერთი ეუბნება მათ: ,,ნუღარ ირჯებით, თქვენი კეთილი განწყობილებაც კმარა!’’ ხოლო ვიღაც სხვა - ძალიან კარგი - ღმერთს იმისთვის მიჰყავს, რომ სამოთხეში საჭიროა ყვავილების კოკრები.

      რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ბავშვების მშობლებისა და ახლობლებისთვის ამის გაგება ადვილი არ არის. აბა, შეხედე: როდესაც პატარა ბავშვი კვდება, ქრისტეს ის თავისთან მიჰყავს -     როგორც პატარა ანგელოზი. მისი მშობლები და ნათესავები კი მოსთქვამენ და მკერდში იცემენ, ნაცვლად იმისა, რომ ხარობდნენ. რადგანაც აბა, საიდან იცი, რა გამოვიდოდა იგი, გაზრდა რომ დასცლოდა! შეძლებდა კი ცხონებას?

        1924 წელს, როდესაც გემით მცირე აზიაში მივდიოდით, ჩვილი ვიყავი. გემი ლტოლვილებით იყო სავსე. მე გემბანზე ვიწექი - სახვევებსა და ტილოში გამოკრული. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამაბიჯა. დედაჩემს ეგონა, რომ მოვკვდი და ტირილი დაიწყო. ერთმა ჩვენმა თანასოფლელმა ქალმა კი მაშინვე გამომხსნა სახვევებიდან და დარწმუნდა, რომ არაფერიც არ მომსვლოდა. მაგრამ მე რომ მაშინ მოვმკვდარიყავი, ახლა ნამდვილად სამოთხეში ვიქნებოდი. დღეს კი ამდენი წლის ვარ, ამდენი ვიღვაწე, მაგრამ იმაში, რომ ნამდვილად სამოთხეში მოვხვდები, დარწმუნებული მაინც არ ვარ.

       გარდა ამისა, ბავშვების სიკვდილი მათ მშობლებსაც ეხმარება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ წუთიდან, როდესაც მათ ბავშვი გარდაეცვლებათ, სამოთხეში მლოცველს იძენენ. ხოლო, როდესაც მშობლებიც გარდაიცვლებიან, მათი შვილები დედ-მამის სულების შესახვედრად რიპიდებით მივლენ სამოთხის კართან. განა ეს ცოტაა?! გარდა ამისა, სნეულებით ან ხეიბრობით გატანჯულ პატარა ბავშვებს ქრისტე ეტყვის: ,,შემოდით სამოთხეში და საუკეთესო ადგილები ამოირჩიეთ!’’ ბავშვები კი ასე უპასუხებენ ქრისტეს: ,,აქ ძალიან კარგია, ქრისტე, მაგრამ გვსურს, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი დედებიც იყვნენ.’’ და ქრისტე როდესაც ბავშვების სათხოვარს მოისმენს, აუცილებლად გამოძებნის მათი დედების გადარჩენის საშუალებას.

     რა თქმა უნდა, დედა, არც მეორე უკიდურესობაში უნდა ჩავარდეს. ზოგიერთ დედას ჯერა, რომ მისი გარდაცვლილი შვილი წმიდანი გახდა და ამის გამო ხიბლი იპყრობს. ერთ-ერთ ასეთ დედას სურდა, რომ ჩემთვის კურთხევის ნიშნად თავისი გარდაცვლილი ვაჟის რაიმე ნივთი მოეცა, რადგანაც სწამდა, რომ ის წმიდანი გახდა. ,,მაკურთხებთ, რომ მისი ნივთი კურთხევის ნიშნად გავცე?’’ მკითხა მან. ,,არა, ჯობს ასეთი რამ არ გააკეთოთ.’’ ვუთხარი მე. ხოლო მეორე ასეთმა დედამ დიდ ოთხშაბათს ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმას მიაკრა სურათი თავისი ბავშვისა, რომელიც გერმანელებმა მოუკლეს. ეს ქალი მეუბნებოდა: ,,ჩემი შვილიც ხომ ქრისტესავით ევნო!’’ იმ ქალებმა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჯვარცმის წინაშე სალოცავად დარჩნენ, ეს საქციელი არ დაუშალეს მას, რომ გული არ ეტკინათ. ან რას ეტყოდი?! ის ხომ სულიერად ტრავმირებული იყო.

                      

                                    მამა პაისი მთაწმინდელი


უკან დაბრუნება