მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობა - ბერი პაისი (ათონელი)

თანამედროვე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობა - ბერი პაისი (ათონელი)


22-04-2017, 00:07

თანამედროვე ქრისტიანის სულიერი მდგომარეობა - ბერი პაისი (ათონელი)

 

   თანამედროვე ქრისტიანებს, მამა პაისის აზრით, ამა სოფლის სულისკვეთებისადმი დამონების საშიშროება ემუქრებათ. მისი სიტყვებით, ადამიანი სულიერად სუსტდება, რის გამოც, შესაძლოა, მისი მართლმადიდებლური შემართება საფრთხეში აღმოჩნდეს. „დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან თანამედროვე ადამიანმა ახალი, დღევანდელობაზე მორგებული კანონების შექმნა დაიწყო. ამიტომ მოღვაწე ქრისტიანებს ამა სოფლის სულისკვეთების მორიდება მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თავად დაუძლურდებიან სულიერად და დაასრულებენ იმით, რომ ყველაზე აღვირახსნილ ერისკაცებზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდებიან."
 
* * *
    „განათლებული" ქრისტიანები სასწაულების ხილვის ღირსნი აღარ ხდებიან. ისინი უარყოფენ ყველაფერს, რაც მათ რკინის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ძველი ქრისტიანები სასწაულების ხილვის ღირსნი ხდებოდნენ იმის გამო, რომ თავმდაბალნი იყვნენ. მამა პაისი ამბობდა: „ჩვენს დროში ლოგიკური აზროვნების გაკულტებამ ადამიანში თვით რწმენის საფუძვლები შეარყია და ადამიანის სული შეკითხვებითა და ეჭვებით აავსო. საგულისხმოა, რომ ისინი სასწაულებს მოაკლდნენ იმის გამო, რომ სასწაულის ხილვა შედეგია არა ლოგიკის, არამედ პირადი გამოცდილების."
 
* * *
   „ამსოფლიური ადამიანი მხოლოდ გარეგნულით ინტერესდება, ხოლო შინაგანი ცხოვრების არსებობა ვერ წარმოუდგენია. ამ ადამიანების აზროვნება გამოცდილმა ბერმა ამგვარად დაახასიათა: „ამქვეყნიური სიამისაკენ მიდრეკილ ადამიანებს არ სურთ, რომ მათ ეზოში ჭუჭყი და ტალახი იყოს, ამიტომ ეზო ყოველთვის მოწესრიგებული აქვთ. შეგროვებული ჭუჭყი მათ სახლში შეაქვთ, რათა შემჩნეული არ დარჩეს. სულიერი ცხოვრებისაკენ მიდრეკილი ადამიანები კი, პირიქით, საკუთარ სახლს ასუფთავებენ, ნაგავს გარეთ ყრიან და არ ადარდებთ, თუ რას იტყვიან ამის შესახებ სხვები."
 
* * *
     „კეთილმოწყობილი ცხოვრება სირთულეებს ბადებს. ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მას სამი მანქანა ჰყავდა და ამის გამო დიდი ხარჯი და პრობლემები ექმნებოდა. მე ვურჩიე, რომ დაკმაყოფილებულიყო ერთი მანქანით და იმითაც ნაკლებად ემოძრავა, რადგან მრავალი მანქანა მრავალ ახალ პრობლემას გვიქმნის. მათ გამო გვესაჭიროება სახელოსნო, ათასგვარი მოწყობილობა თუ დანადგარი, მეტი საწვავი. შესაძლებელია ავტო-საგზაო შემთხვევებიც. ყოველივე ამით უფრო მეტი სირთულე გვექმნება."
 
* * *
     „ამაო საგნების შეძენის გამო ჩვენ ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს. ქალი თითქოსდა მატერიალური სიდუხჭირის მიზეზით იძულებულია იმუშაოს, რის გამოც ბავშვები კარგავენ თავიანთ დედებს. საბოლოოდ კი გამოდის, რომ მეორედხარისხოვანის გამო იკარგება ოჯახის შექმნის უმთავრესი აზრი და მიზანი."
 
* * *
     „ხშირად მეუბნებიან, რომ ძლივს აუდიან ოჯახს. ეს იმიტომ, რომ ვიდეოს, ტელევიზორის, ახალი მანქანისა და მრავალი ფუფუნების საგნის შეძენა გვსურს. ჩვენ გვიზიდავს ამაოება და არ ძალგვიძს სულ უფრო მეტი სურვილებისგან თავის შეკავება, ბავშვები კი უყურადღებოდ გვრჩება. ეს უდიდესი ტრაგედიაა, - აი, რა უნდა შევიგნოთ ჩვენ. იმუშაოს მხოლოდ ოჯახის უფროსმა და დავკმაყოფილდეთ მცირედით. მაშინ პრობლემებიც ნაკლები გვექნება."
 
* * *
     „რამდენადაც განეშორებიან ადამიანები უბრალო, ბუნებრივ ცხოვრებას და ფუფუნებისაკენ მიილტვიან, იმდენად მეტი შიში ეუფლებათ ხვალინდელი დღის. რამდენადაც ვითარდება მიწიერი, მოჩვენებითი მოკრძალება, მით უფრო იკარგება ბუნებრივი ღიმილი და უბრალოება."
 
* * *
     მამა პაისმა ერისკაცებთან მიმართებაში თქვა: „თქვენ, ერისკაცებო, რომ ხვდებოდეთ როგორი საშიშროების წინაშე იმყოფებით, ჩვენზე (ბერებზე) ათჯერ მეტს ილოცებდით."
 
* * *
    „ოციოდე წლის წინათ შესაძლებელი იყო უბრალო, თავმდაბალი ადამიანის ხილვა. მამების უბრალოების სურნელი ღვთისმოშიშ ადამიანებს მათ ირგვლივ იკრებდა და სულიერად კვებავდა. ისინი, თავის მხრივ, სხვებს გადასცემდნენ თავიანთ სულიერ საგანძურს. სადაც არ უნდა გაგევლოთ, ყველგან მოისმენდით მოთხრობებს სასწაულებსა და ზეციურ გამოცხადებებზე, რომლებიც მათი (ადამიანების) უბრალოების გამო სავსებით ბუნებრივ მოვლენებად ითვლებოდა. იმეწერათ მომავალი თაობებისათვის ის ღვთაებრივი მოვლენები, რადგან თვლიდნენ, რომ ამგვარი მადლმოსილი ატმოსფერო მუდამ იარსებებდა. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ რამოდენიმე წლისშემდეგ ერის უმრავლესობა ურწმუნოებით მოიწამლებოდა და ღვთის სასწაულებს ძველი დროის მითებად მიიჩნევდნენ."
 
Xareba.net - ის რედაქცია

უკან დაბრუნება