მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > მართლმადიდებელი ქალი

მართლმადიდებელი ქალი


24-04-2013, 00:42
მართლმადიდებელი ქალი

   ბოროტ დედაკაცთან ერთად ცხოვრება დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელია. დედაკაცის სიბოროტე ყოველივე სხვას იმიტომ აღემატება, რომ რმერთმა ქალს ჩვილი გული და ლმობიერი ხასიათი მისცა, მაგრამ თუ ქალმა ეს ბუნებითი თვისება შეიცვალა და ბოროტი შეიქნა, მასზე უფრო საძაგელი არაფერია.

 

 

* * *


 

ბოროტი დედაკაცის ქმარს პირი მჭმუნვარე აქვს და გული დაწყლულებული, ხოლო კეთილი ქალის ქმარი მხიარულია და დიდხანს ცოცხლობს ქვეყანაზე. როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაშიც დედაკაცის მორცხვობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახზე მზრუნველობა ყოველთვის მოსაწონი იყო. ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლ - ქმრობის, მამა - შვილობის, ოჯახური ცხოვრების დამამყარებელი და ამღორძინებელი იყოს.

 

 

* * *


 

დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე. ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე - დედაზეა დამოკიდებული.

 

 

* * *


 

დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა. დედ - მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისათვის კეთილგონივრულად ამზადებდნენ,  ე. ი. წინასწარ არჩევდნენ იმას, რაც მომავალ ცხოვრებაში ელოდებოდათ.

 

 

* * *


 

ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. ბრძენი სოლომონის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა, ქალი, რომელიც სიზარმაცითა და უსარგებლო სამკაულების სიყვარულით გამოირჩევა, ქმრისთვის ყელზე ჩამოკიდებული ლოდია, რომელიც ახრჩობს მას.

 

 

* * *


 

თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს.

 

 

* * *


 

რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა - განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა, ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნულად შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.

 

 

* * *


 

ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო.

 

 

* * *


 

ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირიტყვულ ვნებათა მსახურეად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუას და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და მახლობლებს მოახმარს.

 

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


უკან დაბრუნება