მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 7 აპრილი (ახ. სტ.) - ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
7 აპრილი (ახ. სტ.) - ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა6-04-2024, 19:39 |
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი". ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი. და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.
წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ". მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი" უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ", - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში. რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.
Xareba.net - ის რედაქცია ულოცავს სრულიად საქართველოს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!
რატომ უწოდებენ გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს? წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელს სიხარულის მაცნეს ვუწოდებთ, რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ იგი ადამიანებს მხოლოდ სიხარულს ამცნობდა. სვინაქსარში მის შესახებ ნათქვამია: „წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი ერთადერთია ზეციური მხედრიონის მთავართა შორის, რომელსაც უფალი მიწაზე აგზავნის, რათა ყოველგვარი სიხარული აუწყოს კაცთა მოდგმას". მთავარანგელოზმა გაბრიელმა დანიელ წინასწარმეტყველს უფლისაგან ბაბილონის ტყვეობიდან დახსნისა და მესიის მოსვლის დროის შესახებ ახარა. მან ახარა ზაქარიას უნაყოფო დედისაგან წინამორბედის დაბადება და აუწყა: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმინეს ვედრებანი შენნი და ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ (ლუკ. 1, 13-14). კიდევ: წმინდა წერილი ადასტურებს, რომ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა წმიდა იოაკიმესა და ანას წმინდა მარიამის შობის შესახებ. ამავე დროს მთავარანგელოზი გამოეცხადა უდაბნოში იოაკიმეს და ახარა, რომ შესმენილი იყო მისი და მისი ცოლის ლოცვა - ვედრება, ანა მუცლად იღებდა და შობდა ქალწულს, რომელიც სიხარულს მოჰგვრიდა კაცობრიობას. დაბოლოს, მთავარანგელოზ გაბრიელს სიხარულს მაცნედ უხმობენ იმიტომაც, რომ ქალწულ მარიამს ახარა მუცლადღება და შობა ჩვენი მაცხოვრისა. მან ასე მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: გიხაროდეს მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ (ლუკ. 1, 28, 33). ამრიგად, ძმანო წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს იმიტომ უწოდებენ, რომ კაცთა მოდგმას მუდამ სიხარულს აუწყებდა. ჩვენ მას უნდა ვეთაყვანოთ კაცობრიობის მხსნელის ხარებისათვის. თაყვანი უნდა ვსცეთ მოწიწებით, მუხლთმოდრეკით და მავედრებელი გალობით. სიხარულით ვუმადლოდეთ მას იმისთვის, რაც უწინ გაუკეთებია და რასაც ამჟამად აკეთებს ჩვენთვის. გაბრიელ მთავარანგელოზი გამუდმებით ავედრებს ჩვენ თავს უფალ ღმერთს და მისი ლოცვა - ვედრებით მივეწევით ცოდვათაგან გათავისუფლებას. ამინ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |