მთავარი > სხვადასხვა > მშობლებისა და შვილების უფლებამოვალეობანი

მშობლებისა და შვილების უფლებამოვალეობანი


25-03-2013, 18:39

    შვილების აღზრდა ეკლესიური მორჩილების მსგავსად, გონივრული სიმკაცრისა და გონივრული ალერსის თანხლებით უნდა წარიმართებოდეს. ერთისა თუ მეორეს დეფიციტი ან სიჭარბე თანაბრად იწვევს სულის დაზიანებას. გადაჭარბებული სიმკაცრის შედეგად, შესაძლოა შეილახოს ბავშვის თავისუფალი ნება, რაც ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვის ზედმეტი განებივრების შემთხვევაში კი, მოჩვენებითი თავისუფლების ნაცვლად, მასში ცოდვის მონობის საწყისებს განვავითარებთ. ვიდრე ამ საკითხის განხილვას შევუდგებოდეთ, ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდა, მისი უფლებებისა და მოვალეობების გათვალისწინება თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბებაში?

XVIII საუკუნეში გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი ჟან-ჟაკ რუსო ბავშვთა აღზრდის უცნაური მეთოდის შესახებ ლაპარაკობდა. ფაქტია: განმანათლებლის იდეებმა დიდი ზიანი მიაყენა ათასობით მოზარდს. მისი აღზრდის მეთოდის თნახმად მშობლებს შვილები ყოველგვარი აღზრდის გარეშე უნდა დაეტოვებინათ. მეცნიერის აზრით, ბავშვი უმწიკვლო და შეურყვნელი იბადება. თავდაპირველი უმანკოება რომ შეინარჩუნოს, ის თავის ნებაზე უნდა აღიზარდოს, რადგან აღზრდის პროცესში ბავშვი უფრო ცუდი ხდება, ირყვნება, მავნე ჩვევები და მიდრეკილებები უჩნდება.

ქრისტიანული სწავლების თანახმად ეს კონცეფცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მცირედი დაკვირვებაც კი გვიჩვენებს, რომ სულ მცირე ასაკის ბავშვებშიც შეინიშნება შურიანობა, მრისხანება, სიძუნწე და სხვა მრავალი მიდრეკილება ცოდვისაკენ. ეს ადამიანის დაცემის შედეგია. საერთოდ ჩვენ ხომ უფრო მეტად ცოდვისკენ ვართ მიდრეკილი, ვიდრე სიკეთისაკენ. ამიტომ: თუ ბავშვს აღზრდის გარეშე დავტოვებთ, მასში ბოროტება უფრო გაღვივდება ვიდრე სიკეთე.

     ამრიგად, ბავშვის გაჩენისთანავე საფუძველი ეყრება ახალ ოჯახურ ურთიერთობებს. მშობლებს ეკისრებათ გარკვეული მოვალეობები: საკვებით, შესამოსელით, ცხოვრების პირობებით ბავშვის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინტელექტუალური და რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდა. ქრისტეს სწავლება და ზნეობრივი კანონები ანვითარებენ ბავშვში მორჩილებას, სიყვარულს, თავმდაბლობას და სხვა მრავალ სათნოებას, რაც აუცილებელია ეკლესიასთან ურთიერთობისათვის. პავლე მოციქული მოძღვრავს ქრისტიან მშობლებს: „მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა". (ეფ. 6.4).

შვილების აღზრდის პროცესში მშობელი საკუთარ თავსაც ზრდის ვინაიდან ბავშვებთან ურთიერთობა მოითხოვს მოკრძალებას, თავშეკავებას, გონივრულ მოქმედებასა და შრომას. ბავშვი ვითარდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ის შეიგრძნობს, აკვირდება, ეცნობა სამყაროს, მას უყალიბდება ტემპერამენტი, ხასიათი, საფეხურებრივად ანვითარებს თავის აზრებს, გემოვნებას, ინტერესებს.

     მოზარდობისას მას უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა საზოგადოებაში, იძენს მეგობრებს, იაზრებს თავისი ქვეყნის მოქალაქეობრივ ვალდებულებას, წმიდა ქრისტეს ეკლესიის წევრობას. უფროსებთან ურთიერთობა მას ანიჭებს უფლებებს, მაგრამ ამავე დროს, აკისრებს მოვალეობებსაც. აქ უკვე საჭირო ხდება გარკვეული მსხვერპლის გაღებაც, მოთხოვნების მართვა, სხვისი უფლებების დაფასება და გათვალისწინება.

     წმიდა ილია მართალი გვასწავლის: „სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე და დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი..."[1]

     იგივე აზრს ანვითარებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვიც: „არაფერია ადამიანისათვის იმაზე ცუდი, ვიდრე მისი უფლებების უგულებელყოფა. თუ ადამიანს უფლებები შეულახეს, იგი სხვისი უფლებებისადმიც კარგავს პატივისცემას. აღსაზრდელს - ბავშვს ან ახალგაზრდას თავისი უფლებები აქვს, როგორც ადამიანსა და მოქალაქეს. მას უნდა სწორად განემარტოს როგორც თავისი, ასევე მოყვასის უფლებათა დაფასების შესახებ. მან პატივი რომ მიაგოს სხვის უფლებებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ მისი უფლებებიც".[2]

     ასე რომ, მშობლები აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა ცდილობდნენ შვილის ყოველი ნაბიჯის განსაზღვრას. საჭიროა ბავშვებს დროდადრო მივცეთ დამოუკიდებლობა და მარტო დავტოვოთ საკუთარ თავთან. ისინი ხომ ყოველთვის პატარები არ დარჩებიან - გაიზრდებიან, მოზრდილ ადამიანებად იქცევიან, ბუნებრივად გამოვლენ მშობელთა მეურვეობიდან და ადრე თუ გვიან იძულებულნი გახდებიან დამოუკიდებლად წარმართონ საკუთარი ცხოვრება. ამიტომ, მშობლების ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ გავტეხოთ ან გავანადგუროთ ბავშვის ნება და სრულიად დავუმორჩილოთ ის ჩვენს პიროვნებას. ადამიანს სჭირდება თავისი ნება, რომ გაიაროს თავისი გზა ამ ქვეყანაზე. ბერი პაისი გვირჩევს: „კარგი იქნება, თუ მშობლები მიანიშნებენ შვილებს, რომ ბრაზობენ მათი უმსგავსო საქციელის გამო, მაგრამ ზეწოლას ნუ მოახდენთ მათზე, არამედ ილოცეთ. გულისტკივილით აღვლენილ ლოცვას დადებითი შედეგი მოაქვს. თუ ბავშვი სერიოზულ დანაშაულს სჩადის, მაშინ მშობელებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. ხოლო თუ ჩადენილი დანაშაული უმნიშვნელოა, მაშინ სჯობია მშობლებმა ოდნავ დახუჭონ თვალები, რათა არ გააღიზიანონ ბავშვი და არ გაართულონ მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფება - გაღიზიანების შედეგად ბავშვი დაშორდება მშობლებს... ზოგჯერ მშობლები ძლიერ ზეწოლას ახდენენ თავის შვილებზე, თან სხვისი თანდასწრებით. შეიძლება იფიქრო, პირუტყვს წკეპლით მიერეკებიანო, რომ არც მარცხნივ გაიქცეს და არც მარჯვნივ. ეს იგივეა, ბავშვი შებორკილი გყავდეს და თან ამბობდე: „იარე თავისუფლად!" შემდეგში ასეთი მშობლები შვილების ცემას იწყებენ...

     იმის გამო, რომ ყველა ნივთი სახლში ლამაზად გამოიყურებოდეს, ზოგიერთი დედა ავიწროვებს და ზეწოლას ახდენს თავის შვილებზე, არ აძლევს მათ ნივთების გადაადგილების უფლებას. ისინი აიძულებენ შვილებს, რომ იცხოვრონ ყაზარმული დისციპლინით. ამის გამო სამწუხაროდ, ნურმალური ბავშვები არანორმალურებად იზრდებიან. თუ გონიერი ადამიანი დაინახავს, რომ მრავალშვილიან ოჯახში ყველა ნივთი თვის ადგილზეა, მაშინ ის იმ დასკვნამდე მივა, რომ იქ ან გონებასუსტი ბავშვები ცხოვრობენ, ან მათი დედაა სასტიკი და დესპოტი. ამ შემთხვევაში ბავშვის სულში შიში ისადგურებს და ამ შიშის გამო იქცევა იგი დისციპლინირებულად".[3] გავეცნოთ არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) რჩევა-დარიგებას: „ზოგიერთი მშობლები ართმევენ ბავშვებს სიყვარულსა და ცხოვრების არსს. ისინი მათი ცხოვრების მკაცრ კონტროლიორებად გვევლინებიან. მათი წესია - აკრძალვა.ბავშვის ყოველგვარ თვითგამოვლინებას ისინი პოტენციურ საფრთხედ აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ მოვალენი არიან უხელმძღვანელონ მის ყოველგვარ მოქმედებას, საქციელს და ყველა საკითხს თავიანთი შეფასება მისცენ. ბავშვი თავს ისე გრძნობს, როგორც პოლიციის განყოფილებაში, სადაც ხელის განძრევასაც ვერ ბედავს, რომ საპასუხოდ საყვედური ან შოლტი არ მიიღოს. მშობლები ბავშვს უცდომელი წინასწარმეტყველის ტონით ესაუბრებიან და არწმუნებენ მას, რომ გამუდმებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება არის უდიდესი სიკეთე მისთვის, რომ ამის გამო იგი მადლიერი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

     ასეთმა აღზრდამ შესაძლოა ორი ტიპის ადამიანი ჩამოაყალიბოს. პირველ შემთხვევაში ეს შეზღუდული ინიციატივის ადამიანია, მას უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, იგი ელოდება ბრძანებას და გამუდმებით შიშობს, ვინმემ არ უყვიროს ან უხეში ხელით არ შეეხოს მის სულს. ასეთი ადამიანი ადვილად, დიდი სიხარულით ემორჩილება სხვას და მეტიც: ეძებს ისეთ პიროვნებას, რომელიც მის ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში საპყრობილეში იმყოფებოდა, შემდგომში შესაძლოა, თავისუფლების შეეშინდეს კიდეც. მას აშინებს ციხის კარს მიღმა სივრცე, რომელიც დაავიწყდა საპყრობილეში ყოფნისას. ყოფილა შემთხვევები როდესაც ასეთ პატიმრებს აღარ შეეძლოთ თავისუფლად ცხოვრება და კვლავ ციხეში მოხვედრას ცდილობდნენ. მშობლები როგორც წესი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისანი, ზემოქმედებენ და ტეხენ ბავშვის ჯერ კიდევ განუმტკიცებელ ნებას და ცხოვრებაში გამუდმებით მერყევ და უნებისყოფო არსებად აყალიბებენ. ამ შემთხვევაში მოძალადე მშობლები ბავშვის ხარჯზე იკმაყოფილებენ თავიანთ ძალაუფლებრივ ვნებებს. თუმცა, უნებისყოფო ადამიანთა გარდა, ასეთი აღზრდის შედეგად, შესაძლოა გაიზარდონ ისეთი ტირანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი მონური ბავშვობის კომპენსაციას და იგივე ფსიქოლოგიური ტირანიით სხვებს ესხმიან თავს. მშობლებზე ქვეცნობიერად დაგროვილ წყენას ისინი თავიანთ ოჯახებსა თუ თანამშრომლებზე გადმოანთხევენ".[4]

   დღეს მშობელთა შორის ხშირად გვხვდებიან ისეთები, თავიანთი შვილების ცელქობასა თუ ცუდ საქციელს მათი უწლოვანებით რომ ამართლებენ. „ბავშვი ჯერ პატარაა და არაფერი ესმის", ამ მიზეზით სრულ თავისუფლებას აძლევენ შვილებს და ისინიც, რაც მოეპრიანებათ იმას აკეთებენ. „არა უშავს, - თავს ინუგეშებენ ასეთი მშობლები, - წამოიზრდებიან, დაჭკვიანდებიან და მაშინ მოვასწრებთ მათ შეგონებას".

     ამგვარ დამოკიდებულებას არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ადარებს იმ უვიცი მებაღის შეცდომას, ახლად აღმოცენებულ ნერგს წყალში რომ ალპობს: „ჩნდება ბავშვის კულტი. იგი ოჯახის უგვირგვინო მეფე ხდება, მისი სურვილები დაუყოვნებლივ სრულდება, მშობლები მძიმე დანაშაულად მიიჩნევენ ბავშვის დასჯას ან რაიმე კაპრიზის შეუსრულებლობას. ბავშვის წარმოდგენაში მშობლები მის მოსამსახურეებად არიან შექმნილი. წარმართული კერპის თაყვანისცემის საზღვრებში აღზრდილი, მომავალშიც ითხოვს ასეთ მიდგომას. ფერებით გათამამებულს ყოფით სიძნელეებთან შეხვედრისას უჭირს საკუთარი თავის გადაფასება. მას ეჩვენება, რომ სამყარო უსამართლოა მის მიმართ, რომ მის მიერ შეთხზული ტალანტი შეგნებულად იგნორირდება, რომ საზიზღარი და უვარგისი ადამიანები მასზე მაღლა დგანან. ასეთი ბავშვის ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, გარემოსთან ხანგრძლივი კონფლიქტია, თავის თნამშრომლებთან და საკუთარ ოჯახთან კი ერთგვარი ფარული პერმანენტული ომია. ბავშვობაში მას მშობლებმა უნებლიეთ შთაუნერგეს აზრი, რომ ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრი უნდა იყოს. მაგრამ ცხოვრება საკუთარ გაკვეთილებს გვთავაზობს. ასეთ ბავშვს იგი სისტემატურად თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. ეს ადამიანი კი წყენასა და ტკივილს იხვევს გულში. ბავშვი, რომელმაც მხოლოდ სხვისი სითბოს მოხვეჭას ცდილობდა, ხშირ შემთხვევაში ეგოისტი ხდება, მშობლები კი - მისი დაუნდობლობის პირველი მსხვერპლნი. მათ საკუთარი ნებით გადახაზეს თავიანთი პიროვნულობა ბავშვის წინაშე, მისი ნებისა და სურვილების აღსრულების ინსტრუმენტად დაუსახეს თავი შვილს. აღმოსავლეთის ერებს აქვთ ასეთი იგავარაკი: „დედ-მამას საბოლოოდ უპატრონებს სიყვარულს მოკლებული შვილი". მოფერებით გათამამებული, „გაღმერთებული" ბავშვი, თუ მშობლები მდიდრები ჰყავს, ეცდება მათი სისხლიც ოქროდ გადააქციოს. თუ დედ-მამა ღარიბები არიან, შვილი დაიწყებს მათ შეურაცხყოფას, დამარხავს მათ თავის გონებაში გაცილებით ადრე, ვიდრე მათი ძვლები მიწაში აღმოჩნდება. ცხოვრებაში ბედნიერებასა და სიუხვეს სიყვარული გვანიჭებს. მშობლებმა, შვილი ეგოისტად რომ გაზარდეს, გაძარცვეს იგი, წაართვეს ყველაზე მთავარი - სიყვარულის ნიჭი, მისი ცხოვრება ცარიელი, უფრო მეტად უბედური გახადეს. ასეთი მშობლები ფიქრობენ, რომ ყველაფერი გააკეთეს თავიანთი შვილის აღსაზრდელად, სინამდვილეში დაუძინებელი მტრის მსგავსად მოექცნენ მას. განაზებული, ახირებული და ვნებიანი სული ხშირად თავისი ახლობლებისათვის პარაზიტად იქცევა და ბიწიერებაში ცხოვრების ახალ საშუალებებს ეძებს".[5]

     ამრიგად, ვინც თავის შვილებს ანებივრებს, ზომაზე მეტად უალერსებს, დანაშაულისათვის არ სჯის და ყოველმხრივ დაჰფუფუნებს, ასეთი მშობელი მხოლოდ ბავშვს კი არ ვნებს, არამედ საკუთარ თავს და საზოგადოებასაც დიდ უბედურებას მოაწევს. ერთი სიტყვით, მშობლებმა ბავშვი ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მან  გაიაზროს თავისი უფლებამოვალეობანი, მშობლის მორჩილებაზე არ აიღოს ხელი და პატივი მიაგოს მას.

     მშობლებისა და შვილების ურთიერთმზრუნველობა არა მარტო ზნეობრივი ნორმა, არამედ სჯულის კანონის მიერ დაკისრებული მცნებაა. მაგალითად: ღანგრის კრების მეთხუთმეტე კანონი მშობელს მონაზვნობის საბაბითაც არ აძლევს შვილების უზრუნველად დატოვების უფლებას: „თუ ვინმე მიატოვებს თავის შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღიზარდონ სათანადო ღვთისმსახურებით, არამედ განდეგილობის მომიზეზებით უყურადღებოდ დასტოვებს მათ, შეჩვენებულ იყოს".[6]

     ამ კანონის ზონარასეულ განმარტებაში ვკითხულობთ: „მხეცებიც კი თავის ნაშიერს კვებავენ და მფარველობენ, საფრთხეშიც კი იგდებენ თავს მათთვის. ხოლო თუ მხეცები ამგვარად ექცევიან თავის ნაშიერს, რამდენად უფრო მეტი ვალდებულება ეკისრებათ თავიანთ შვილებზე მშობლებს, რომლებსაც ღმერთმა გონება მიჰმადლა?"[7]

     ასევე შვილებიც ვალდებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მშობლებს და მატერიალურადაც უზრუნველჰყონ ისინი, თუ არ გააჩნიათ საკუთარი საარსებო სახსრები. იგივე ღანგრის კრების მეთექვსმეტე კანონი შვილებს მორწმუნე მშობლების პატივისცემას შეაგონებს: „თუ შვილები მორწმუნე მშობლებს ღვთისმსახურების მომიზეზებით გაშორდებიან და არ მიაგებენ შესაფერის პატივს, ცხადია, ღვთისმსახურებისადმი პატივისცემის დაცვით, შეჩვენებულ იყვნენ".[8]

     როგორც ვხედავთ, სჯულის კანონი არა მხოლოდ მშობლებს ავალდებულებს შვილების მოვლა-პატრონობას, არამედ შვილებსაც. ისინი თავის მხრივ, ვალდებულნი არიან პატივი მიაგონ თავიანთ მშობლებს, ასევე იზრუნონ მათზე მოხუცებულობაში. წმიდა წერილიც ამას გვამცნობს: „პატივი ეცი მამასა და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის". (გამოსვლ. 20.12).

     დავასრულებთ ჩვენს სათქმელს პავლე მოციქულის სიტყვებით: „შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ". (კოლ. 3.20).

     ამრიგად, ქრისტიანო მშობლებო, მივაჩვიოთ ჩვენი შვილები მორჩილებას, ადრეული ასაკიდან დავთრგუნოთ მათში პატივმოყვარეობა, არ ავუსრულოთ ყველა სურვილი, მივაჩვიოთ ისინი მოთმინებას. იმისათვის, რომ ბავშვმა დაგვიჯეროს და დაგვემორჩილოს, არ მოვთხოვოთ შეუძლებელი, ძალიან რთული რამის შესრულება. თავად ვიყოთ მათი უფლებების პატივისმცემლები და ჩვენ გვეყოლება მორჩილი და დამჯერი შვილები.

     ასევე მივმართავთ ბავშვებს, მოზარდებს, ჭაბუკებს: რომელი თქვენგანი არ დაღონებულა გაუთავებელი ვალდებულებებით, სწავლითა და წესების დაცვით. როგორ ნატრობდით ან ნატრობთ ცრუ თავისუფლებას, რომელიც გეგულებათ ოჯახისა და სკოლის მიღმა... ქუჩებში?

     დიახ, თქვენ პავლე მოციქულის სიტყვისამებრ მოწოდებულნი ხართ თავისუფლებისათვის. (გალ. 5.13). მაგრამ შეგახსენებთ წმიდა წერილის სხვა სიტყვებსაც: „ვითარცა აზნაურნი და ანუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურება ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი". (1 პეტ. 2.16).

     პეტრე მოციქულის სხვა სიტყვებსაც შეგახსენებთ: „თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თვით მონა არიან ხრწნილებისა, რამეთუ რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ". (2 პეტ. 2.19).

     თანამედროვე ადამიანს სხვანაირად ესმის თავისუფალი ნება - სახარებისეული უძღები შვილივით სურს მას თავისუფლება, თავნებობაში არეული. დღესაც გაიძახიან თავისუფლება და თავისუფლებაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ნიღბით სურთ მოარყიონ მყარი ოჯახური პრინციპები;

     ა) რათა უფროსებმა უარი თქვან თავიანთ ვალდებულებებზე და უმცროსების ახირებებზე დახუჭონ თვალები;

ბ) უფროსმა, გამოცდილმა ადამიანებმა დაუთმონ ახალგაზრდა გამოუცდელებს მართვის სადავეები;

     გ) პედაგოგებმა ისწავლონ მოწაფეებისაგან, რომ ისინი უძღები შვილის მსგავსად, ყურს არ უგდებდნენ უფროსების შეგონებას. მათთვის მიუღებელია სიმკაცრე აღსაზრდელის მიმართ, ისინი ხომ ყოველგვარი „ძალადობის" მოწინააღმდეგენი არიან?

     ასე რომ, მშობელსა და შვილს შორის ყალიბდება პარტნიორული ურთიერთობა. უდავო ფაქტია, რომ ტონს ამ თავისუფალ ურთიერთობაში კარნახობენ უფროსები; დიდი როლი შეასრულა დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებამ, იმის შიშმა, რომვინმემ დიქტატორობა არ დაგვწამოს. ბავშვი რომ გაიზრდება, ვაითუ შეგვიძულოსო - ფიქრობენ უფროსები და ასკვნიან: „ჩემს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მექნება".

     მეგობრობა კი თანაბარუფლებიანობას გულისხმობს, იდეის დონეზე მაინც. აქ არ არის უფროსი და უმცროსი, მმართველი და შემსრულებელი. შესაბამისად, აღმზრდელობით საქმიანობასაც ვერ შეძლებენ: მეგობარს ხომ არ აღზრდი, ეს უტაქტობაა!..

     ამრიგად, როდესაც ოჯახში იერარქიული პრინციპი ირღვევა, იქ ქაოსი და მოუწესრიგებლობა დაივანებს, ხოლო იერარქიული პრინციპის დაცვის შემთხვევაში, ზნეობრივადაც და ინტელექტუალურადაც საღი ბავშვები იზრდებიან.

     „თავისუფალი" აღზრდის შედეგი ამგავრია: ბავშვი ბუნებრივია ვერ ხვდება, რომ მშობლები ახალმოდური თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას ლამობენ. ისინი მხოლოდ უფროსების სისუსტეს ხედავენ და სარგებლობენ ამით.

     აღზრდა კი ერთი ადამიანის მიერ მეორის დამოძღვრის პროცესია. რა ფორმითაც არ უნდა მიმდინარეობდეს აღზრდა, მისი აუცილებელი პირობა იერარქიის დაცვაა. არ იქნება იერარქია - არ იქნება აღზრდაც. იერარქიის გარეშე შეუძლებელია იარსებოს ნებისმიერმა სისტემამ, ოჯახით დაწყებული, სახელმწიფოთი დამთავრებული.
 
 ტექსტი მოამზადა: +დეკანოზმა კონსტანტინე(ჯინჭარაძემ)  


[1]წმ. ილია მართალი. „მამული, ენა, სარწმუნოება". საქ. ეკლ. კალენდარი 2006. გვ. 310.

[2]Полное Жизнеописание Св. Игнатия". გვ. 432.

[3]Семейная жизнь. Паисий Афонский.

[4]გაზ. „ხარება N 3. 2004 წელი. არქ. რაფაელი (კარელინი). „აღზრდის შესახებ".

[5]იქვე. გაზ. „ხარება" N3. 2004 წ.

[6]დიდი სჯულის კანონი. ღანგრის კრება. კანონი 15.                      

[7]იქვე. გვ.

[8]დიდი სჯულის კანონი. გვ. 32.


უკან დაბრუნება