მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > ხსენება წმიდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360) - დიდმარხვის მეორე კვირა

ხსენება წმიდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360) - დიდმარხვის მეორე კვირა


19-03-2022, 16:16

ხსენება წმიდისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360) - დიდმარხვის მეორე კვირა

 


   წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, მაგრამ თურქების შემოსევის დროს კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა - კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ წმიდანის აღზრდა-განათლებაზე ზრუნვა დედამ და განსვენებული კარისკაცის ხსოვნის ერთგულმა იმპერატორმა იტვირთეს. საოცარი გულისხმიერებისა და გულმოდგინების წყალობ-ით გრიგოლმა ადვილად შეითვისა ყველა საგანი. იმპერატორს სურდა, ჭაბუკი სახელმწიფო სამსახურისთვის მოემზადებინა, მაგრამ ოცი წლის ასაკში გრიგოლმა 1316, სხვა ცნობით, 1318 წელს ორ უმ-ცროს ძმასთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ვათოპედის მონასტერში მორჩილად შედგა. აქ ნეტარი მამა ღირსი ნიკოდიმოს ვათოპედელის (ხს. 11 ივლისს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მის მიერვე აღიკვეცა ბერად. ერთი წლის შემდეგ უფლის რჩეულს საღვთო ხილვაში წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ეჩვენა და შემწეობა აღუთქვა საღვთო მოღვაწეობაში. მალე გრიგოლის დედა და დებიც მონაზვნებად აღიკვეცნენ.
   წმინდა ნიკოდიმოსის მიცვალების შემდეგ ღირსი მამა რვა წლის მანძილზე ბერი ნიკიფორეს წინამძღვრობით განაგრძობდა ლოცვით ღვაწლს, ამ უკანასკნელის მიცვალების შემდეგ კი ღირსი ათანასეს ლავრაში გადავიდა. აქ წმიდანი ჯერ მეტრაპეზედ მსახურობდა, ხოლო შემდეგ მგალობლად დაადგინეს. ასე განვლო სამმა წელიწადმა. 1321 წელს გრიგოლი, რომელიც სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა, გლოსიის მცირე სავანეში გადასახლდა. აქ იგი სრულიად განიმსჭვალა ისიხაზმის სულით და იგი ცხოვრების საფუძვლად გაიხადა (ჯერ კიდევ IV-VIII საუკუნეებში ეგვიპტელი და სინელი ასკეტების მიერ რელიგიური და ეთიკურ-ასკეტური სწავლების მთელი სისტემა იქნა შემუშავებული. იგი ითვალისწინებდა გარკვეული მეთოდებისა და ხერხების შეთვისებას, რაც ადამიანს ღმერთთან მიაახლებდა, ეს ძალზე თავისთავადი მისტიკური მედიტაცია მოითხოვდა დადგენილი დგომის წესის დაცვას ლოცვისას, იესოს ლოცვის მრავალჯერად განმეორებას, სუნთქვის მოწესრიგებულობას, დროულ გალობას და სხვა. ადამიანს მხოლოდ სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე შეეძლო ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან სულიერი შეერთება, რაც მას უდიდეს ნეტარებასა და სიხარულს განაცდე-ვინებდა. რადგან ეს სიხარული ენით გამოუთქმელი იყო, ბერები დუმილს ამჯობინებდნენ. დუმილთან არის დაკავშირებული ლოცვის ამ წესის სახელწოდებაც - ისიხაზმი, რაც ბერძნული სიტყვაა და მდუმარებას, სიმშვიდეს, განმარტოებას ნიშნავს). 1326 წელს გრიგოლ პალამა განერიდა თურქების თავდასხმის საშიშროებას და საძმოსთან ერთად თესალონიკში გადავიდა, სადაც მას მღვდლად დაასხეს ხელი.
   წმიდა გრიგოლი ერთმანეთს უთავსებდა ხუცესის მოვალეობის შესრულებას და განდეგილურ ღვაწლს: კვირაში ხუთ დღეს იგი მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა, შაბათ-კვირას კი ხალხთან გამოდიოდა, ღვთისმსახურებას აღასრულებდა და მრევლს მოძღვრავდა. ნეტარი მამის ქადაგებები ღრმა ზეგავლენას ახდენდა ტაძარში მყოფ მორწმუნეებზე. წმიდა გრიგოლისთვის ცხოვრების წესის მიუხედავად უცხო იყო სრული განდგომა საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან. ზოგჯერ იგი ქალაქის განათლებული ახალგაზრდობის საღვთისმეტყველო დისპუტებს ესწრებოდა, რომელთაც მომავალი პატრიარქი ისიდორე უძღვებოდა. ერთხელ კონსტანტინოპოლიდან დაბრუნებულმა წმიდანმა თესალონიკის მახლობლად აღმოაჩინა ბერიად წოდებული ადგილი, რომელიც მეტად მოხერხებული იყო ბერმონაზვნური მოღვაწეობისათვის. მალე მან აქ შემოიკრიბა მცირე საძმო, რომელსაც ხუთი წელი წინამძღვრობდა. 1331 წელს გრიგოლმა ათონს მიაშურა და ათანასეს ლავრის მახლობლად მდებარე წმიდა საბას სკიტში განმარტოვდა. 1333 წელს იგი ესთიგმენის მონასტრის იღუმენად დაადგინეს, 1336 წელს კი კვლავ წმიდა საბას სკიტს დაუბრუნდა და დაიწყო საღვთისმეტყველო მოღვაწეობა, რომელიც სიკვდილის დღემდე არ შეუწყვეტია.
   1328-30 წლებში კალაბრიიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი - ავტორი ტრაქტატებისა ლოგიკასა და ასტრონომიაში. მან დედაქალაქის უნივერსიტეტში კათედრა მიიღო და დაიწყო განმარტება დიონისე არეოპაგელის (ხს. 3 ოქტომბერს) თხზულებებისა, რომლის აპოფატიკური (ბერძ. უხილავობა, შეუცნობლობა, მიუწვდომლობა) ღვთისმეტყველებაც საყოველთაოდ იყო აღიარებული. მალე ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც გადავიდა, სადაც ისიხასტთა სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო და ღვთის არსების მიუწვდომლობის დოგმატის საფუძველზე მათი გონებისმიერი ქმედება მწვალებლურ ცთომად გამოაცხადა. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო; ამასთან იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო მონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.
  ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი „ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად" (1338). 1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობლივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული „წმიდა მთის ტომოსი". 
   კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლსა და ბარლაამს შორის გამართული სიტყვიერი პაექრობა ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, მაგრამ ცილობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბარლაამის მოწაფემ, ბულგარელმა ბერმა აკვინდინემ დაწერა რამდენიმე ტრაქტატი, რომლებშიც წმიდა გრიგოლსა და ათონელ ბერებს საეკლესიო შფოთის წარმოქმნაში სდებდა ბრალს. გრიგოლ პალამამ მწვალებელს საკადრისი პასუხი გასცა და დამაჯერებლად უარყო მისი ბრალდება. მაგრამ პატრიარქმა იოანე XIV-მ ეკლესიიდან განკვეთა უფლის რჩეული (1344) და საპყრობილეში ჩააგდებინა, სადაც იგი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული. 1347 წელს, როცა საპატრიარქო ტახტზე ავიდა ისიდორე (1347-1348), წმიდა გრიგოლ პალამა გაათავისუფლეს და თესალონიკის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. 1351 წელს ვლაქერნის საეკლესიო კრებამ საზეიმოდ დაადასტურა მისი მოძღვრების მართლმადიდებლური არსი, მაგრამ თესალონიკელებს მაშინვე არ მიუღიათ ახალი მღვდელმთავარი, პირველ ხანებში მას სხვადასხვა ადგილებში უხდებოდა ცხოვრება. ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას.
   ნეტარი გრიგოლი გარდაცვალებამდე მხოლოდ სამი წლით ადრე დაბრუნდა თესალონიკში. მიცვალების წინ მან წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იხილა საღვთო ჩვენებით. გრიგოლ პალამამ 1359 წლის 14 ნოემბერს, სამოცდასამი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფ-ალს. ნეტარი მღვდელმთავარი წმიდანად 1368 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის კრებაზე შერაცხეს. მისი ცხოვრება და მოსახსენებელი კანონი შეადგინა პატრიარქმა ფილოთეოზმა (1354-1355, 1362-1376).
   წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკეს იხსენიებს.

                                                                      „წმიდანთა ცხოვრება"

უკან დაბრუნება