მთავარი > თანამედროვე მამები > ხასიათების სხვადასხვაობაში საღვთო თანხმობა იფარება

ხასიათების სხვადასხვაობაში საღვთო თანხმობა იფარება


17-03-2013, 13:33
ხასიათების სხვადასხვაობაში საღვთო თანხმობა იფარება

   ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი კაცი, რომელიც ჩიოდა, რომ ცოლთან გამუდმებულმა კონფლიქტმა მეტისმეტად გაანერვიულა . მე კი მივხვდი, რომ მასა და მის მეუღლეს შორის რაიმე სერიოზული ნამდვილად არ ხდება . ამ კაცს  თავისი ,,კოჟრები’’ და ,,კოპები’’  აქვს, ხოლო მის ცოლს-თავისი. ამიტომაა, რომ ისინი ვერ თანხმდებიან.  ორივე მათგანისათვის ცოტაოდენი ,,გათლა’’ აუცილებელია. აიღე ორი გაუშალაშინებელი დაფა, ერთს ერთ ადგილას აქვს ნუჟრი, მეორეს-მეორე ადგილას. და თუკი მოვინდომებთ, რომ ისინი ამ მდგომარეობაში შევაერთოთ ერთმანეთს, საბოლოო ჯამში მათ შორის ნაპრალი დაგვრჩება. მაგრამ, თუკი  თითოეულ დაფას სწორედ  ისე გააშალაშინებ, როგორც ეს მათთვის არის საჭირო, ისინი ერთმანეთს შესანიშნავად შეეთავსებიან. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ორივე ერთი  შალაშინით  გაშალაშინდეს.

   ,,ცოლთან საერთო ენის გამონახვას ვერანაირად ვერ ვახერხებ. ჩვენ სრულიად სხვადასხვაგვარი ადამიანები ვართ! იგი ხომ სრულიად განსხვავებული წყობის ადამიანია. როგორ უშვებს ღმერთი, რომ ასეთი შეუსაბამობები მოხდეს?! განა მას არ შეუძლია, ყველაფერი ისე მოაწყოს, რომ მეუღლეებს  ერთნაირი ხასიათი ქონდეთ და აქედან  გამომდინარე მათ სულიერი ცხოვრება შეძლონ "?! ძალიან ხშირად მეკითხება  ზოგიერთი ქმარი. მე კი ვპასუხობ: ,,ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ხასიათების სხვადასხვაობაში საღვთო ჰარმონია იფარება?! სწორედ სხვადასხვაგვარი ხასიათები ქმნიან ამ ჰარმონიას. წარმოიდგინე, შენც და შენი ცოლიც ადვილად ნაწყენდებოდეთ. თქვენს სახლში ქვა ქვაზე აღარ დარჩებოდა! ანდა , ორივე მეუღლეს ერთნაირად რბილი, მოკრძალებული ხასიათი რომ ჰქონოდა?! განა ეს მათ გამოადგებოდათ?! თუკი არც შენ და არც შენი ცოლი ზამთარში თოვლსაც კი არავისთვის გაიმეტებთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთისთვის შესაფერისი კი იქნებით, მაგრამ ორივე ერთად ჯოჯოხეთში მოხვდებოდით და იქ საუკუნოდ დაიტანჯებოდით. ან ორივე მფლანგველები რომ იყოთ?!განა საოჯახო მეურნეობის გაძღოლას შეძლებდით?!მთელ თქვენს ქონებას ქარს გაატანდით და ბავშვებს კი ღია ცის ქვეშ დატოვებდით’’.

    თუკი მძიმე ხასიათის მქონე, თავისნათქვამა ადამიანი შეირთავს ისეთ ცოლს, რომელსაც რაც გინდა უყო, თავისას მაინც არ დაიშლის და ყველაფერს თავისებურად გააკეთებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მეუღლეები ერთმანეთისთვის შესაფერისები იქნებიან, განა ასე არ არის?! მაგრამ ერთობლივი ცხოვრების მეორე დღესვე, აუცილებლად თმას დააგლეჯენ ერთმანეთს. ამიტომაც, აბა, ნახე, როგორ აგვარებს ყველაფერს ღმერთი: ის აკეთებს ისე, რომ კარგი, კეთილი ადამიანი ჭირვეულზე ქორწინდება და  მაშინ ის მეორე დიდ შეწევნას იღებს. რადგანაც შესაძლოა, ისიც თავიდან კეთილ განწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ შემდეგ ბოროტებამ გაიტაცა.

    მეუღლეების ხასიათში არსებული მცირეოდენი სხვაობა ჰარმონიული ოჯახის შექმნას უწყობს ხელს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ავსებს მეორეს. ავტომობილისათვის ორივე პედალი აუცილებელია : ერთი გაზისთვის, რომ იაროს და მეორე მუხრუჭისათვის , რომ დროულად დამუხრუჭება შეძლოს. ავტომანქანას რომ მხოლოდ მუხრუჭის პედალი ჰქონოდა, ის ადგილიდან დაძვრასაც კი ვერ შეძლებდა; ასევე, მას რომ მხოლოდ აქსელერატორი ჰქონდეს, მაშინ გაჩერებას ვეღარ შეძლებდა. ,, თქვენ ორივენი ერთ ფეხზე დგახართ, ამიტომაა, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით’’. ვუთხარი ერთ წყვილს. ეს ორივე ადამიანი უაღრესად მგრძნობიარე იყო. როდესაც მათ სახლში რაიმე ხდებოდა, ორივეს საბაბი ეძლეოდა და იწყებდნენ მოთქმა-გოდებას:,, ვაიმე, ეს ხომ მართლაც უდიდესი უბედურება დაგვემართა’’! ქვითინებდა ცოლი. ანუ - ერთი მეუღლე მეორეს ,,ეხმარება’’, რომ  კიდევ  უფრო მეტად წარიკვეთონ სასო. ქმარს არ შეუძლია ცოლის გამხნევება და მისთვის თქმა: ,,მოიცა რა, ის რაც ჩვენს თავს ხდება ხომ არც ისე სერიოზულია’’! ასეთი რამ ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს.

   განსხვავებული ხასიათის მეუღლეები შვილების აღზრდის საქმეში უკეთეს შედეგებს აღწევენ. მეუღლეთაგან ერთ-ერთი გამუდმებით ამუხრუჭებს ბავშვებს, მეორე კი ამბობს:,, მოდი რა, ცოტა მეტი თავისუფლება მიეცი მათ’’! თუკი ცოლიც და ქმარიც საკუთარ შვილებს მხოლოდ მოუჭერენ და მოუჭერენ ქანჩებს, დაკარგავენ მათ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც მოუწევთ შვილების დაკარგვა, თუკი ორივე ნებას მისცემს მათ, ის აკეთონ, რაც თავში მოუვათ. თუკი მამა და დედა განსხვავებული ხასიათებისანი არიან, მათი შვილები გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

     მინდა ვთქვა, რომ ოჯახში ყველაფერი აუცილებელია . რა თქმა უნდა, საკუთარი ხასიათის თავისებურებები მეუღლეებმა ერთმანეთს თავს არ უნდა მოახვიონ, არამედ თითოეული მათგანი თავისი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ეხმარებოდეს მეორეს. როდესაც რაიმეს- ძალიან ტკბილს შეჭამ, ის აუცილებლად მარილიან საჭმელს მოგანდომებს. მაგალითად, თუკი ბევრი ყურძენი მიირთვი, მაშინვე მლაშე ყველს მიაყოლებ, რომ სიტკბო გაანეიტრალოს. ანდა, ბოსტნის მწვანილეული, თუკი მეტისმეტად მწარეა, მისი ჭამა შეუძლებელია, მაგრამ, თუ მას ნაკლები სიმწარე ან სიმჟავე დაჰკრავს, მაშინ ის გემრიელიცაა და სასარგებლოც. მაგრამ , თუკი მჟავის მოყვარული ადამიანი იტყვის, ყველაფერი დანარჩენიც ასევე მჟავე უნდა იყოს, ხოლო მწარის მოყვარული მოინდომებს, რომ ყველაფერი გამწარდეს, მესამეს მხოლოდ მარილიანი მოუნდება და ამას დაიჟინებს. ამ შემთხვევაში ისინი ურთიერთ გაგებას ვერასოდეს მიაღწევენ.

 

 

                                           მამა პაისი მთაწმინდელი

უკან დაბრუნება