მთავარი > თანამედროვე მამები > საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო
საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო22-03-2013, 00:04 |
ტაძარში კეთილმოშიშებით აღესრულება ღმრთისმსახურება: წმიდა გამოსახულებათა წინ წყნარად ციმციმებენ ანთებული კანდლები, შანდლებზე იწვის უამრავი სანთელი, მგალობელთა გაწყობილი ხმები, რომელნიც განადიდებენ ღმერთს - მიწისა და ცის შემოქმედს - აღიწევიან გუმბათისაკენ. თავიანთ გულებში ჩაღრმავებულნი მორწმუნენი ყურადღებით უსმენენ წმიდა სიტყვებს; თითოეულმა მათგანმა მოიტანა აქ თავისი სიხარული და ტკივილი, მადლიერება და თხოვნა, ძიებანი და მოპოვებანი - და ეხლა მდუმარედ, ამ თავიანთ გულითად ღაღადს უერთებენ ცისკენ აღმავალ სულიერ გალობას. აი გაისმის საკურთხეველში სასაკმევლის ზარების მსუბუქი რეკა და სულ მალე გამოდის მღვდელი, რომელიც ზომიერად აქნევს საცეცხლურს წმიდა გამოსახულებათა წინ. მთელს ტაძარში სასიამოვნო კეთილსურნელება იფრქვევა - ანუგეშებს, ამხნევებს, ახარებს სულს. მაგრამ რისი სიმბოლოს მატარებელია ეს, მღვდლის მიერ საცეცხლურით საკმევლის კმევა? რა თქმა უნდა, ღმრთისმსახურების სხვადასხვა მომენტში კმევას ეძლევა განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია: საკმეველი, რომელიც შეიცავს კეთილსურნელებას - ეს ის ფარული რელიგიური განცდებია, რომელნიც გულის სიღრმეში ქრისტეანებს მოაქვთ ეკლესიაში - აქ სინანულიცაა და მადლიერებაც, სიმდაბლე, ვედრება, თხოვნა, სიყვარული და სხვა მრავალი კეთილშობილური გრძნობა, ღმრთისაკენ მიმართული. რამდენ მწუხარებაში, შრომაში, ბრძოლაში, განსაცდელში, რომლებითაც შევიწროებული ამ ქვეყანაზე ქრისტეანის ცხოვრება - იშვნენ ეს განცდები; ასევე საკმეველიც შედგება კეთილსურნელოვანი დღვილისაგან, მდელოებზე დიდი შრომით მოგროვებული მრავალ ყვავილთა არომატისაგან. სიმბოლურია ისიც, რომ ძველად საკმეველი თვით მორწმუნეებს მოჰქონდათ ტაძარში. საცეცხლური, რომელიც ხშირად ტაძრის ფორმისა კეთდება - ასიმბოლოებს ეკლესიას; მისი ოქროს ვარაყი, მორთულობა, ზოგჯერ ემალით ან ძვირფასი ქვებით - სახეა ჩვენი ეკლესიის დიდებისა და დიდებულებისა. საცეცხლური შედგება ორი ნაწილისაგან - ისევე როგორც ერთი კათოლიკე ეკლესია, რომელიც ნაწილობრივ ჯერ კიდევ დედამიწაზეა „მებრძოლი", ნაწილობრივ კი უკვე ზეცაშია „მოზეიმე". დაგვირგვინებული ჯვრით, ეშვება მღვდლის ხელიდან სამი მოოქროვილი ჯაჭვის საშუალებით, ასევე წმიდა ეკლესია - არა ამქვეყნიურია, დედამიწაზე იგი - ზეციდანაა, თითქოს თვით ცა მოიდრიკა მიწისაკენ, თითქოსდა ოქროს კიბეა, მიწიდან ზეცად აღმყვანებელი, რომელიც უპყრია სამერთი ღმრთის მაცხოვნებელ მარჯვენას. გახურებული ხის ნახშირი - ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებაა, რომლის მთავარი ცენტრი - ცხოველსმყოფელი ჯვარია, მასზე ჯვარცმული უფლით, ძელი, რომელსაც ეკლესია მარადღე ალტობს მხურვალე ცრემლით, სიყვარულის ცეცხლით მოიცავს ჩვენთვის ჯვარცმულს. სწორედ ამ ძელზე ღმრთის ძის სიკვდილმა მოგვმადლა ჩვენ წმიდა ცეცხლი - მადლი სულისა წმიდისა. აი ამ „ნაკვერცხალზე" (მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე) წმიდა ეკლესია დებს „საკმეველს" - ქრისტეანეთა გულის ღაღადს. თვით მორწმუნეებს ხშირად არ შეუძლიათ, ან არ გააჩნიათ კადნიერება ამაღლებული სიტყვებით, სასულიერო გამოთქმებითა და ფორმებით შემოსონ თავიანთი ლოცვითი გრძნობები. ეკლესია კი სიმბოლური მოქმედებებით, ძველი ღმრთისმსახურების წეს-ჩვეულებით, გალობით, ფსალმუნებით, ჰიმნებით, ღრმა პოეტური სახეებით, წმიდა გამოსახულებებით - მთელი თავისი ლოცვითი ცხოვრების წესით - ან აღიარებს დოგმატებს. ან აღავლენს ქებას, ან შესწირავს თხოვნას, ან მადლობს მონიჭებული წყალობისათვის - შუამდგომლობს ღმრთის წინაშე ტაძარში მდგომ ყველა მლოცველზე. ეკლესია თავისი ღმრთისმსახურების მეოხებით, თითქოსდა აღმართავს მორწმუნეთათვის მაღალ კიბეს ზეცისაკენ, უხსნის კარებს უზენაესი ღმერთის საყდრისაკენ, რომელშიც შემავალნი ადვილად იქნებიან შესმენილნი, მიიღებენ წყალობას, შესძლებენ მოიხვეჭონ სულიწმიდის მადლი. წკრიალა ხმით მოთამაშე საცეცხლურის ზარები - ეს მთელი ის „მხიარულ - მწუხარე" გალობაა, რომელსაც დღედაღამ აღავლენს თავის საყვარელ ზეციურ სიძისადმი სძალი ეკლესია... და აი საცეცხლურიდან წმიდა სახეებისაკენ აღიწევა საკმევლის კეთილსურნელება, რაც სიმბოლურად წარმოადგენს ღმრთისსათნო ერთად შერწყმულ, „სულიერ სურნელებაში" მრავალი არომატისაგან მდიდრად შეერთებულ ტაძარში მდგომ ყველა მორწმუნის ლოცვას. ხოლო „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა", „უკეთუ ორნი თქვენგანნი შეითქვნენ ქვეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა" - ამბობს უფალი (მათ. 18. 19,20). რა თქმა უნდა, შეთანხმებული ერთ კეთილსურნელებაში ეკლესიის ლოცვა შეუძლებელია არ იყოს მიღებული ზეციურ საკურთხეველთან. და რა ბევრს კარგავს ადამიანი, როდესაც არ მოაქვს ტაძარში თავისი „საკმეველი" და არ დებს მას ეკლესიის ანთებულ „საცეცხლურზე"! ყოველივე ზემოთქმულს მოიცავს მღვდლის ლოცვა, რომელსაც იგი წარმოთქვამს კმევის დაწყების წინ: „საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა". ამინ!
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკან დაბრუნება |