მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რას ნიშნავს საკუთარი ერის სიყვარული - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

რას ნიშნავს საკუთარი ერის სიყვარული - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


6-12-2017, 00:03

რას ნიშნავს საკუთარი ერის სიყვარული - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   ყველა ადამიანი მამათავარ ადამისა და დედათმთავარ ევას შთამომავალი არის, კაცობრიობა, თითქოს, ერთი დიდი ოჯახია. ყოველი ადამიანი - ღმრთის ხატია. ქრისტე - ღმერთი განხორციელდა, ჯვარს ეცვა, მოკვდა - ყველა ადამიანისათვის. უფალს „არა სურს სიკვდილი ცოდვილისა" (ეზეკ. 33), ვინც არ უნდა იყოს იგი და სადაც არ უნდა ცხოვრობდეს! ქრისტეს ეკლესია - საყოველთაოა, ერთია ყველა ერს შორის - არ იყოფა ცალკეულ „ნაციონალურ" ეკლესიებად (იხ. განაჩენი ფილიტიზმის მწვალებლობაზე). ყველა ერის ჭეშმარიტ - მორწმუნე ხალხს - ჰყავთ ერთი მამა „რომელ არს ცათა შინა" და ერთი დედა - ეკლესია! ქრისტეს მიერ ცხონების მაძიებელნი არა მარტო ერთ ერ - არამედ ერთ გვამ არიან (რომ. 12,5; I კორ. 12,12). ასე რომ, ქრისტეანს გული უნდა შესტკიოდეს ყველა ადამიანზე. ყველას ცხონება თანაბრად უნდა სურდეს! მაგრამ განა განსაკუთრებული სიყვარული საკუთარი ერისადმი არ არის გამართლებული?

   დავფიქრდეთ - რას ნიშნავს - „ჩემი ერი", ეს, იმ უდიდეს ზოგადსაკაცობრიო ოჯახში ჩემს გარშემოა უფრო მცირე, ჩემთვის უფრო ღრმად, მჭიდროდა ვარ გადახლართული ბედით. ჩემი ერის წარსული, მისი ძიებანი და აღმოჩენები, სიხარული და მწუხარებანი, აღზევებანი და დაცემანი - ყოველივე ამან თავისებურად აღბეჭდა ჩემი სული და არ შეიძლება ეს ჩემთვის სულერთი იყოს. როდესაც უბედურება ახლოვდება - ადამიანს პირველ რიგში გული შესტკივა მათზე, ვინც მისთვის უფრო ახლობელია: დედა, მამა, ძმა, მეგობარი, „მოყვასი", შემდეგ - თავის ერზე და ბოლოს ყველა სხვა ხალხზე - ეს ბუნებრივია და განუყრელი ჩვენი გულიდან.

   მაგრამ „სიყვარული საკუთარი ერისადმი" არ უნდა შეიცვალოს „ნაციონალური ამპარტავნებით"! მაგალითად - როდესაც ადამიანი მიილტვის, რომ სხვებს გაასწროს თავმდაბლობაში, ღმრთისადმი სიყვარულში, მცნებათა აღსრულებაში, სულიწმიდის მოხვეჭაში - ეს სანაქებო, ღმრთისადმი სათნო მოშურნეობაა. მაგრამ როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის სხვებზე უკეთესია, უფრო წმიდაა, სუფთაა, ჭკვიანია და ა. შ. - ეს ღმრთისადმი საძულველი ამპარტავნებაა! ასევეა ამ შემთხვევაშიც - კი არ უნდა აღვამაღლოთ ჩვენი ერი  სხვა  ერებზე, კი არ უნდა ვიქებდეთ თავს უპირატესობებით და ვამცირებდეთ სხვა ერს, არამედ ნამდვილად უნდა გვსურდეს ჩვენ თანამემამულეთა სულიერი წარმატება, არა მიწიერი დიდება უსურვოთ მათ, არამედ ზეციური! იმაზე კი არ უნდა ოცნებობდეს ქრისტეანი - რომ მისი ერი გამდიდრდეს დედამიწაზე ხრწნადი სიმდიდრით, მატერიალური კეთილდღეობით, სიძლიერით, ხელოვნებით - არამედ უნდა ისწრაფოდეს, რომ მან მოიხვეჭოს კეთილგანწყობა ღმრთისა, რომ თვით ზეცათა მეუფემ გამოარჩიოს ის ერთგულების, სიწმიდისა და თავისადმი სიყვარულისადმი. მან უნდა ინატროს, რომ მისმა თანამემამულეებმა პირველ რიგში გამოამჟღავნონ სიმამაცე და სიმტკიცე ცოდვებთან და ამა სოფლის საცდურებთან დაპირისპირებაში - და მარტო ამის შემდეგ შესძლებენ გარეშე მტრებთან ბრძოლაშიც ცხადჰყონ თავიანთი სიძლიერე - მხოლოდ მაშინ ექნებათ ჭეშმარიტი თავისუფლება (სხვანაირად - ისინი მას გაყიდიან მატყუარა მიწიერ სიკეთეზე, როგორც ესავმა გაცვალა თავისი პირველობა ცერცვის შეჭამანდზე (დაბ. 25)...

   ებრაელებმა რატომ არ აღიარეს უფალი იესუ - მესიად, ისინი ხომ ძალზედ ღმრთისმოსავნი იყვნენ, ჰქონდათ მრავალი წინასწარმეტყველება ქრისტეს შესახებ, იცოდნენ მისი მოსვლის ნიშნები, მოუთმენლად ელოდნენ მესიის მეუფების გახსნას, უყვარდათ თავიანთი ერი... მაშ, რატომ მოიძულეს იგი და აღამაღლეს ჯვარზე? განა, არა იმიტომ, რომ ეს მეუფება მათ მიწიერად წარმოედგინათ - თითქოსდა, მათი მესია იქნებოდა ყოვლის შემძლე მიწიერი მეფე, მბრძანებელი, რომელიც გაანთავისუფლებდა ისრაელ ერს რომაელთა მონობისაგან, განადიდებდა ებრაელების სამეფოს მთელი ქვეყნის სამეფოებზე, „ღმრთის რჩეულ" მათ ერს აღამაღლებდა სხვებზე, გაავრცელებდა იუდეველთა სარწმუნოებას და სინედრიონის ზეგავლენას მთელ სამყაროზე. მაგრამ მათ არ მოეწონათ თავმდაბალი და მშვიდი სახე მაცხოვრისა, მისი საუბრები რომელიღაც „არა ამქვეყნიურ" მეუფებაზე - და თუმცა კი ხედავდნენ, რომ ძალიან ბევრი რამ მოწმობს იმის შესახებ, რომ იგი ჭეშმარიტი მესიაა წინასწარმეტყველთა მიერ თქმული - გულით არ უნდოდათ მიეღოთ ეს, რადგანაც არ სურდათ უარი ეთქვათ მათი გულების დამატკბობელი მიწიერი. შორსმიმავალი მოლოდინისაგან და დაკარგეს ყველაფერი!

   აი, ახლაც, უკვე მართლმადიდებელ ერთა შორისაც ვრცელდება ცრუპატრიოტული განწყობილება, ბევრი გამოჩენილი პირი, (როგორც საერო, ასევე სასულიერო) პროპაგანდას უწევს რაღაც მიწიერის მოლოდინს, თავისი ერის ამაო განდიდებას, არც რცხვენიათ მისი „ღმრთის რჩეულად" გამოცხადება, დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მათი ერი გახდება მთელი მსოფლიოსათვის „ლამპარი" სარწმუნოებისა და ა. შ. როგორ დახვეწილად, ვერაგულად, მზაკვრულად და სულის საზიანოდ - საკუთარი ერისადმი კეთილშობილური სიყვარულით შენიღბული იმალება იგივე ამპარტავნება, იგივე ამაო ცუდადმზვაობრობა... გვეშინია, რომ ამ შეცდომილებამ არ მიიყვანოს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი ცრუ - მეფის, ცრუ - მესიის, ანტი - ქრისტეს თაყვანისცემამდე - როგორც ოდესღაც, ზუსტად იგივე განწყობილებამ მიიყვანა ებრაელი ერი ჭეშმარიტი მეფის, მესიის, ღმერთის უარყოფამდე!

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება