მთავარი > თანამედროვე მამები > მორჩილების შესახებ

მორჩილების შესახებ


7-03-2013, 00:18
მორჩილების შესახებ

   პირველი ადამიანის მიერ ჩადენილი პირველი ცოდვა, დასაწყისი ყველა ჩვენი ცოდვისა და დანაშაულისა - იყო ღმრთისადმი დაუმორჩილებლობა, როდესაც ეშმაკისაგან ცდუნებულმა ადამმა, ამჯობინა რა თავისი ნების აღსრულება, ღმრთის მცნება დაარღვია. ამრიგად, პირველ რიგში დასნეულდა და დღემდე ავადმყოფობს - ჩვენი ნება! ასე რომ, ცხონება უპირველეს ყოვლისა - ღმრთისადმი მორჩილებაში, მისი ნების ძიებასა და აღსრულებაში მდგომარეობს.

   ჩვენი ცხონების მთავარი მტერი - გარეთ კი არა, ჩვენს შიგნითაა, თვით ჩვენს გულებში, ჩვენს მეობასა და თვითნებობაში. ამიტომ ვნებებთან ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს თვითნებობის აღკვეთით, საკუთარი გონებისა და გრძნობების მიმართ უნდობლობით. რამდენადაც ცოდვიანი მიდრეკილებანი ათრობენ გონებას, ატყუებენ სინდისსა და ატყვევებენ გულისთქმას, ჩვენ ძალიან გვიძნელდება ვაიძულოთ საკუთარ თავს ღმრთის ნებით ცხოვრება. ამიტომაცაა საჭირო გამოცდილი მოძღვრის პოვნა, რომელიც დაგვეხმარება ამაში.

   „ჭეშმარიტი მორჩილება - ღმრთისადმი მორჩილებაა, ერთადერთი ღმრთისადმი! - ამბობს წმ. ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლელი - ის, ვისაც არ ძალუძს თვითონ, თავისთავად დაექვემდებაროს ამ მორჩილებას, დამხმარედ ირჩევს ადამიანს, რომლისთვისაც ღმრთისადმი მორჩილება უფრო ნაცნობია". მაგრამ საჭიროა განვასხვაოთ: დაქვემდებარება, თავის ნების მოკვეთა და მორჩილება. ჩვენ უნდა დავექვემდებაროთ არა მარტო საეკლესიო, არამედ საერო ხელისუფლებასაც კი (იქ სადაც იგი არ ეწინააღმდეგება სარწმუნოებას). თავის ნების მოკვეთა გვმართებს თითქმის ყოველთვის და ყველაფერში - არა მარტო კაცთა, არამედ გარემოებათა წინაშეც (რამდენადაც ეს შესაძლებელია და არაა სულისათვის საზიანო). სულიერ საკითხებში კი, რომელნიც განსაზღვრავენ ჩვენი რელიგიური ცხოვრების მიმართულებას - შეიძლება ვენდოთ მხოლოდ სულიერ პირებს, რომელნიც ნამდვილად მართლმადიდებლობის ერთგულნი არიან და გააჩნიათ გარკვეული სულიერი მიმართულება, კარგად უწყიან წმიდა მამათა სწავლება: მხოლოდ მათ მიმართ შეიძლება გვქონდეს ჭეშმარიტი მორჩილება. ის კი ვინც ბრმად მიენდობა ისეთ მასწავლებელს, რომელსაც დამახინჯებულად ესმის ქრისტეანობა - ის უსათუოდ თვითონაც ჩავარდება იმავე შეცდომილებაში, გახდება არა ღმრთის - არამედ დაცემული ადამიანის აღმასრულებელი.

   არა მარტო მღვდელი, არამედ მღვდელმთავარიც კი არაა დაზღვეული ხელდასხმის საიდუმლოთი, სერიოზული სულიერი სულიერი შეცდომებისაგან. ის კი მართალია, რომ ხელდასხმისას სულიწმიდა მიმადლებს მათ წმიდა წერილის გაგებისა და მასწავლებლობის ნიჭს - მაგრამ არა მათი ნების, გულისა და გონების მონაწილეობის გარეშე. თუკი ადამიანი არა დგას სწორ სულიერ გზაზე, წმიდა მამათა სწავლების წინაშე არ გააჩნია შიში და მოკრძალება, ეკლესიის მასწავლელი ხმის მიმართ არა აქვს მორჩილება - მაშინ ხელდასხმის მიერ ნაბოძები ყველა ნიჭი „ხვიმირსა ქვეშე" (ლუკ. II.33) დარჩება: ასეთ შემთხვევაში სამღვდელო ხარისხი მხოლოდ საფარველი - ლამაზი შესამოსელია, ის არ ცვლის ადამიანს, რომელიც ასეთივე სულიერების ამ მქონე ცოდვილად რჩება და თავისთავად ასწავლის არა სულიწმიდის - არამედ კაცობრივი გაგებისაგან გამომდინარე სწავლებით. ამ დროს სულიერ მორჩილებაზე ზედმეტია საუბარი: ამ შემთხვევაში შეიძლება პატივი მივაგოთ ხარისხს, მივიღოთ მის მიერ აღსრულებული საიდუმლონი, გვქონდეს საკუთარი ნების უარყოფა და დაქვემდებარება, შეგვიძლია ავიღოთ კურთხევა - მაგრამ მორჩილება მრავალ სიფრთხილესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენ არ შეგვიძლია უსიტყვო მორჩილება გამოვიჩინოთ მის მიმართ, ვინც თვითონ არ იჩენს მორჩილებას ეკლესიის სწავლებისადმი. ასეთ შემთხვევაში - მორწმუნეს აქვს უფლება მოითხოვოს არა მართო მღვდლისაგან, არამედ მღვდელმთავრისაგანც კი ანგარიში იმისა - თუ როგორა სწამს მას (რაც ხშირად ხდებოდა ეკლესიის ისტორიაში - იხ. მაგ. წმ. პატრიარქ მელეტის ცხოვრებაში - 12 თებერ.).

   ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ქრისტეანისაგან მოითხოვება შეგნებული, გონიერი რწმენა. როგორც ჩვენი დროის გამოჩენილი ღმრთისმეტყველი, ვლადიმერ ლოსკი ამბობს: „ქრისტეანს, რომელსაც წმ. მირონცხების საიდუმლოში მინიჭებული აქვს სულიწმიდის ნიჭები, არ შეუძლია არ იყოს შეგნებული თავის რწმენაში, ის ყოველთვის პასუხისმგებელია ეკლესიაზე". არა მხოლოდ ეკლესიის მსახურნი, არამედ ყოველი ერისკაცი მოწოდებულია აღიაროს და დაიცვას ჭეშმარიტება, წინ აღუდგეს თვით ეპისკოპოსთაც კი თუ ისინი ვარდებიან მწვალებლობაში..." ("Очеркмист. богосл".гл.1). აუცილებელია ნათლად გვახსოვდეს, რომ უეჭველად დავიღუპავთ სულს, თუ „მორჩილების გულისათვის", თვით ეპისკოპოსისადმიც კი, დავთანხმდებით „ვიცრუოთ" ჩვენი სარწმუნოების დოგმატთა აღმსარებლობაში. ასე რომ - ვეძიოთ სულიერი მოძღვრის მორჩილებაში „ღმრთისადმი მორჩილება, ერთადერთი ღმრთისადმი", დაე, გვახსოვდეს მოციქულის გაფრთხილება: „ნუ იქმნებით მონაჲ კაცთა" (I კორ. 7.23).

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


უკან დაბრუნება