მთავარი > თანამედროვე მამები > თუ როგორ აღვიქვათ „ცხოვრებაჲ მერმისა მის საუკუნისაჲ“?
თუ როგორ აღვიქვათ „ცხოვრებაჲ მერმისა მის საუკუნისაჲ“?11-03-2013, 00:09 |
მართლმადიდებლებს სწამთ: მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველგანაა, ამჟამად ჩვენი სამყარო რაღაც გაუგებარი სახით თითქოსდა განშორებულია ღმერთისაგან. საშინელი სამსჯავროსა და მისი შემდგომი მოვლენების არსი იმაში გამოვლინდება, რომ ღმერთი აიღებს ამ მიუწვდომელ საზღვარს, მიიზიდავს მთელ სამყაროს თავისკენ და იქნება ღმერთი „ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორ. 15,28). სწორედ ესაა საბოლოო მიზანი რისთვისაც ეს სამყაროა შექმნილი. ეს ყველაფერი ხილულ სამყაროში ერთადერთი გონიერი არსების, უმაღლესი ქმნილების - ადამიანის საშუალებით უნდა აღსრულდეს. ღმერთი სიყვარულია (1 იოანე 4,8), მას არ სურს, რომ ვინმე თავისუფალი ნებისა და არჩევანის გარეშე მიუახლოვდეს. ღმერთი ჩვენგან ჩვენს სიყვარულსა და თავისუფალი ნებით მისადმი ლტოლვას ელოდება. როცა იგი თავის თავს სრული სახით ამა სოფელს გამოუცხადებს - მაშინ მხოლოდ ისინი შესძლებენ მასთან შეერთებას, ვინც ამჟამად ნებსით შეიწყნარა იგი თავის გულში, ვინც ფლობდა „სასუფევლის საწინდარს", მოიხვეჭა „ღმრთაებრივი ცეცხლი" (როგორც ამბობენ წმ. მამები), ე. ი. სულიწმიდის მადლი, რომელსაც ვერსად ვერ მივიღებთ თუ არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებში. ვინც წმიდა ნათლობის საიდუმლოებაში იქნება თანაზიარი მაცხოვრის ჯვარზე დათმენილი ვნებებისა - იგი მიიღებს თავის გულში ერთგვარ საიდუმლო „ბეჭედს", „ზეციურ სამოსს", „ნაწილს ღმრთაებრივი ცეცხლისა". მხოლოდ ეს შინაგანი ზიარება ჰყოფს მათ „თავისიანად" ანუ ღმრთისადმი „ცნობილად". „ის რაც ეხლა ადამიანმა შეკრიბა თავის თავში, ის გამოაშკარავდება მაშინ გარეგნული სახით, როგორც ხეში დაფარული ნაყოფი" (Св. Макарий егип. „Семьслов" гл.25). მაშინ - ყველაფერი რაც არ იყო შეწირული ღმრთისადმი - როგორც თავისუფლად არ მიძღვნილი, ვერ შესძლებს იყოს მასთან ურთიერთობაში. ეს იმიტომ, რომ ღმერთი სრულია სიყვარულში და არ სურს მიიახლოვოს თავისთან ვინმე თავისუფალი ნების გარეშე. ადამიანი - როგორც უმაღლესი არსება, გვირგვინი ქმნილებისა, რომელსაც სწამს, სასოებს და უყვარს - უძრვნის ღმერთს არა მარტო თავის გრძნობებსა და ძალებს, არამედ საგნებს, მის გარშემო მყოფ სამყაროს, განსწმედს ლოცვით და საკუთარ თავთან ერთად მიჰგვრის შემოქმედს. ამიტომაა იგი მეფეცა და მღვდელმთავარიც. ადამიანის საშუალებით ემზადება ეს სოფელი თავისი შემოქმედის მისაღებად. როდესაც იგი გამოცხადდება - ყველაფერი მისადმი მიძღვნილი იქნება განსულიერებული. მისი ბეჭდის მქონე - აღივსება ღმრთაებრივი ნათელით, ადამიანი იქნება „ღმერთი მადლის მიერ". „მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მათე 13,43). მაშინ იმ ადამიანთა სხეულნიც, რომელთაც აქვე შეიწყნარეს თავის თავში ქრისტე - „საღმრთო ნათლის დიდებით შეიმოსებიან", „იქ ყველანი ეზიარებიან ღმრთაებრივ ბუნებას, შეიქმნებიან კეთილნი, ღმერთნი და ძენი ღმერთისანი" (Св. Макарий, Беседа 34ë). ღმრთის სასუფევლის სავანეებში ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, თითქოს იქ იქნებიან კეთილმოწყობილი და მორთული სახლები და ბაღჩები, როგორც დედამიწაზეა, არამედ ის, რომ „თითოეული თავისი საზომის და მიხედვით ნათლდება ერთი გონებისმიერი მზით" (Св. Исаак сир. Слова 58), ე. ი. სხვადასხვა ზომით ჭვრეტს ღმერთს. „ეგრეთწოდებულ სავანეთა და ადგილთა ნაცვლად იქნებიან სიყვარულის სხვადასხვა საზომნი" ამბობს წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი; იგივე მამის თქმით „თითოეულის მიერ ღმრთის შემეცნების ხარისხი იქნება მათი სიმაღლის საზომი, დიდება, ნეტარება და პატივი". სწორედ ეს „არის სხავდასხვა პალატნი", „სავანენი მრავალნი, გვირგვინნი სხვადასხვაგვარნი, ტახტი და სარეცელნი... და ყოველივე რაც კი არის სასიამოვნო ტკბობისათვის, იყო, არის და იქნება ჭვრეტა ერთადერთი ღმრთისა" (Гимни 27). „ადამიანები იხილავენ ღმერთს, რათა ცხოველ იყვნენ ხილვის მიერ" (Св. Ириней Лионск. „Противересей" кн.4гл.20). ყველაფერი რაც კი არ იყო მიძღვნილი, განეშორება პირისაგან ღმრთისა ზოგიერთ მიუწვდომელ შორეულ ადგილებში. ღმრთის ხილვისაგან განეშორება, სწორედ, რომ ჯოჯოხეთის დასაწყისია.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკან დაბრუნება |