მთავარი > თანამედროვე მამები > ძელი ცხოვრებისა

ძელი ცხოვრებისა


9-03-2013, 00:53
ძელი ცხოვრებისა

   ადამიანისათვის ბუნებრივია უმაღლესი ცოდნისაკენ სწრაფვა, ყოველივეში დაფარული სიბრძნის ძიება, სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობის მცდელობა... თუკი სწორი გზით ივლის. ღმერთი მას მიიყვანს უდიდესი სიბრძნის შემეცნებამდე - ქრისტეს ჯვართან - რომლის მიერაც იხსნება საიდუმლოთა საიდუმლო, კარიბჭე ყოველივე იდეალურისა და უმშვენერიესისადმი. სწორედ რომ უფლის ჯვართან მიდიან და ქედს იხრიან ჩვენი სულის ყველაზე უდიდესი ძიებანი. წმიდა მამები ამბობენ: „ვინც ქრისტეს ჯვარის საიდუმლო შეიმეცნა, მან შეიმეცნა ყოველივე!" სამოთხის შუაგულში ხარობდა ხე ცხოვრებისა, რომელიც მისი ნაყოფის გემომსმხილველს საუკუნო ცხოვრებას ანიჭებდა (შექმნა 3,22). ეს ქრისტეს ჯვარის სახეა. ტაძრის გუმბათს ჯვარი აგვირგვინებს, ჯვარი ანათლებს ქრისტიანის მკერდს! სამყაროს დასასრულს ჩვენი მსაჯულის - უფლის საშინელი მოსვლის წინ, როდესაც მზე და მთვარე დაიფარვიან, ვარსკვლავნი ზეცით გადმოცვივდებიან და თვით ცაც წარიგრაგნება ვითარცა „წიგნი წარგრაგნილი" (მათე 24, 29; გამოცხადება 6, 14) ზეცაში ბრწყინვალე ჯვარი გამოჩნდება. ქრისტეს ჯვარის მიერაა ჩვენთვის ყოველივე! შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, აზრი და მიზანი ამ ცხოვრებისა, ჩვენი სარწმუნოება, იმედი, სიყვარული - ყოველივე ჯვარის მიერ! ოდესღაც ისრაელი ერი უდაბნოს გავლით, მეწამული ზღვის შორიახლო მიდიოდა. ურწმუნოების გამო ისინი შხამიანმა გველებმა დაგესლეს, რის გამოც მრავალი მათგანი იხოცებოდა (რიცხ. 21). მაშინ ღმერთმა მოსეს სპილენძის გველის შექმნა და ძელზე მიმსჭვალვა უბრძანა. ვინც კი ამ დაგესლილთაგან შეხედავდა მიმსჭვალულ გველს - იღებდა კურნებას. სპილენძის გველი წინასახე იყო მაცხოვრის ჯვარზე გაკრული სხეულისა (Св. Макарий Егип. бес. 11). ადამის ცოდვაში ჩვენ ყველანი „დაგესლილნი ვართ გველის მიერ", ვიბადებით მომაკვდინებელი შხამით, რომელიც გვაქვს სულშიც და ხორცშიც, სასიკვდინოდ განწირულნი - სულიერად და ხორციელად. საცდურის წყაროდ, თითქოსდა გველისმიერი ცდუნების სახედ, თვით ჩვენი სხეული იქცა. უფალმა შეისხა ჩვენი სხეული, მაგრამ ცოდვის გარეშე. ღმერთმა კი „ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია" (2 კორ. 5,21). ჩვენი ცოდვების გამო უფალმა ჯვარზე აღამაღლა თავისი სხეული, და აი ჯვარზეა უსულო სხეული, მაგრამ ამ „სხეულშია ცხოვრება, აქ არის გამოხსნა, აქ არის სინათლე, აქ უფალი მიდის სიკვდილთან და უბრძანებს რათა მან განუტეოს სულები ჯოჯოხეთიდან და მას დაუბრუნოს" (Св. Макарий Егип. бес. 11). მაშინ უდაბნოში დაგესლილთაგან არავინ დარჩენილა ცოცხალი, ძელზე ამაღლებული გველის შემყურეთა გარდა! ასევე ვერავინ ადამიანთაგან ვერასოდეს მოიცილებდა გონებისმიერი გველის ნაკბენს თუ არ შეხედავდა ჯვარცმულ ქრისტეს! ვერც ძველ აღთქმაში - ვერც ახლა! უფლის განხორციელებამდე „შეჰყურებდნენ" წინასწარმეტყველთა მიმართ რწმენით, ძველი აღთქმის ეკლესიის წესებში მონაწილეობით, სადაც ყველაფერი მეტყველებდა მომავალ ქრისტეზე. არც ერთი მოქმედება, არც ერთი წინასწარმეტყველური სიტყვა არ იყო განცალკევებული ამ რწმენიდან, ამ მოლოდინიდან. ჩვენ ეხლა „შევჰყურებთ" და ვეზიარებით ჯვარს წმიდა ნათლისღების საიდუმლოს მიერ. ნათლობის დროს ჩვენ დავეფლვით ქრისტესთან ერთად, ვხდებით მისი სიკვდილის თანამოზიარენი. წმ. გრიგოლი ამბობს, რომ აღთქმის კიდობანზე ერთმანეთის პირისპირ გამოსახული ის ორი ქერუბიმი გამოსახავენ ორ აღთქმას - ძველს და ახალს, რომლებიც „შეჰყურებენ რა მათ შორის მდებარე მაცხოვარს, თავიანთი შეხედულებებით არ ეწინააღმდეგებიან ურთიერთს, არამედ იუწყებიან მისი მაცხოვნებელი განგებულების საიდუმლოს შესახებ (40беседна Еванг. бес. 25. 3). წმ. თეოფანე დაყუდებული კი წერს: „ქრისტეს ჯვარი, მისი სისხლით წარმოგვიდგება შუაში აღმართული, რომელიც თავისი განწმედელი ძალით ფარავს ყველა ცოდვილს ძველ აღთქმაში და ახლაც" (Толк. Рим. 3. 26). უცოდველი არავინაა, ყველანი ვართ დაგესლილნი გველისაგან, შევხედოთ რწმენით მაცხოვნებელ ძელს - და მივიღებთ საუკუნო ცხოვრებას. ის, ვინც ხორციელად იშვა ამ ქვეყანაზე და არ შეხებია ჯვრის საიდუმლოს, ამ ცხოვრების ხიდან არ უგემია ნაყოფი - იგი ჯერ კიდევ არ შობილა და არ უცხოვრია... ვინც ამ ცხოვრებაში არ შეეხება და არ იგემებს - მაშინ უკუნითი უკუნისამდე ვერ გაცოცხლდება!

   ჯუარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ.

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


უკან დაბრუნება