მთავარი > შეიცანი ჟამი > როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?

როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?


13-03-2013, 00:09
როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?

   მართლმადიდებლებს ისე როდი ჰრწამთ, თითქოს საშინელ სამსჯავროზე პირდაპირი გაგებით გადაიშლებიან „მსაჯულთა წიგნნი", „სასწორზე" აიწონებიან ცოდვანი და მათ გამო გამოიტანენ სხვადასხვა საუკუნო სასჯელს - ეს მხოლოდ სახეებია, ამაში კი იგულისხმება უფრო უდიდესი რამ: ღმერთმა ეს სამყარო იმ მიზნით შეჰქმნა, რომ საბოლოოდ მიიზიდოს იგი თავისკენ თავისი დიდებით გააბრწყინვოს ის და იყოს მასში „ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორ. 15,28). მისი სიყვარულის გამო ეს ყველაფერი შეუძლებელია მოხდეს ქმნილების ნების გარეშე. გომიერმა ქმნილებამ ამგვარი დაახლოება, ერთობა, ზიარება ღმრთაებრივ ბუნებასთან რომ იტვირთოს (2 პეტრ. 1,4) აუცილებელია მისი საფუძვლიანი მომზადება. ღმერთი ყოველივეს დაიახლოვებს, სიყვარულით მოიცავს და თავისი დიდებით აღავსებს - არა იმისათვის, რომ დაგვსაჯოს და განგვიკითხოს - არამედ რათა უსასრულოდ გააბედნიეროს. ღმრთის დიდებაში, მასთან ერთობაში მარტო ის შესძლებს შევიდეს, ვინც მოელოდა, ემზადებოდა და თანდათან ეზიარებოდა ღმრთაებრივ ნათელს. ღმრთის სიყვარული, ნათელი და მისი დიდება - აი ის ცეცხლი, რომელიც აღავსებს თავისით ყოველივეს: ეს ცეცხლი განანათლებს და გაამხიარულებს იმათ, ვინც ამ ცხოვრებაში მოიხვეჭა „სასუფეველის საწინდარი" და დაწვავს მათ, ვინც შინაგანად დარჩა უცხო ამ ნათლისათვის.

   „არ უნდა ჰქონდეს ადგილი ისეთ აზრს, თითქოსდა ცოდვილნი გეენიაში აკლდებიან ღმრთაებრივ სიყვარულს... მაგრამ სიყვარული თავისი ძალით მოქმედებს ორგვარად: იგი სტანჯავს ცოდვილთ... და ახარებს მათ ვინც იზრუნა თავისი მოვალეობის აღსრულებისათვის" (Св.Исааксирин Слово 18). მართალნი - რომლებსაც ამ ცეცხლის ნაწილი უკვე გულში აქვთ - საუკუნოდ განიხარებენ, განათლდებიან, ღმრთაების თავის თავში მატარებელნი, შეერთდებიან ღმრთაებასთან, მაგრამ არ შეირევიან მასში, არამედ დარჩებიან ადამიანებად, როგორც ცეცხლში გახურებული რკინა, ცეცხლად იქცევა, ამავე დროს რკინადაც რჩება. მადლისათვის უცხონი საუკუნოდ ალმოდებულნი, დატანჯულნი, მგლოვიარენი და მგოდებელნი იქმნებიან ამ ცეცხლში.

   „მართალი გამობრწყინდება ვითარცა მზე" (მათე 13, 43). ვინც რამდენადაც იქნება მომზადებული ღმრთის თავის თავში მისაღებად - იმდენად იქნება ნეტარი ან უბედური. ღმრთის ხედვის - ესე იგი მის დიდებაში ყოფნის შეძლება ან არ შეძლება არის სამოთხის და ჯოჯოხეთის საწყისი. უფალი ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს მისი (ძისა ღმრთისა - ავტ.) არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა... და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარეს კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი" (იოანე 3, 18-19). ძე ღმრთისა იმიტომ მოვიდა ქვეყანაზე, ხორცი შეისხა, რათა ჩვენ შევძლოთ მომზადება ნათლის მისაღებად, როდესაც იგი გამოჩნდება დაუფარავად. „მისი ღმრთაებრიობის გამოჩენა - ამბობს წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი - თუ მხოლოდ იგი მოგვევლინებოდა ადამიანური ბუნების გარეშე, ვერანაირი ხორციელი ვერ გაუძლებდა მის დიდებას... თუ გამოჩნდებოდა მხოლოდ ღმრთაებრიობა, მაშინ, სრულიად გაქრებოდა მთელი ქმნილება (ეს იმიტომ, რომ იმ დროს თითქმის ყველანი იყვნენ ურწმუნოებაში ჩაფლულნი); ღმრთაება კი არასდროს არავის გამოცხადებია რწმენის გარეშე, იქნება საშინელი და შემაძრწუნებელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იგი კი არ განანათლებს, არამედ სწვავს, კი არ განაცხოველებს, არამედ სტანჯავს... ეხლა ამ ცხოვრებაში შევდივართ რა ნათელში სინანულის საშუალებით, ჩვენ ვიმხილებით და განვიკითხებით ჩვენი სულის სიღრმეში, განსაწმედელად და ცოდვების მისატევებელად. ვინც ამ ცხოვრებაში განიკითხება ასეთი განკითხვით, იგი არ შეშინდება არავითარი სხვა ამგვარი ტანჯვით. მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მათთვის, რომელთაც არ უნდათ ამჟამად ნათელში შესვლა და მის მიერ, რომ იყვნენ განკითხულნი, არამედ ვერ იტანენ მას, გამოუბრწყინდებათ ნათელი აწ დაფარული და გამოააშკარავებს მათში ყოველივე იდუმალებით მოცულს; მაშინ ყველა ისინი, რომლებმაც არ შეიმოსეს ქრისტე - ესე იგი არ შევიდნენ ნათელში, არ მიიღეს ნათელი, არ გახდნენ ნათელნი - ყველა ისინი აღმოჩნდებიან შიშველნი, მოვლენ უდიდეს შიშსა და ძრწოლაში (Слов.57, Слов. 79). „სრულყოფილებისა და უხრწნელებისათვის მოსამზადებლად, ჩვენ ამჟამად მისი სულის რაღაც ნაწილი გვეძლევა, რათა თანდათან მივეჩვიოთ მივიღოთ და ვატაროთ ღმერთი (Св.Ириней. леон. Прот. ересей кг. 5,8). როგორც სნეული თვალების მქონე - მზის უბრწყინვალესი ნათებისას, როდესაც მთელი სამყარო ხარობს და ხალისობს ნათლის სიკაშკაშით - იტანჯება, წვალობს და სიბნელეს ეძებს. მაგრამ ღმერთი იქნება „ყოვლად ყოველსა შინა", ყველგან გამობრწყინდება მისი ნათელი, ხოლო მისგან უცხო ქმნილნი „კაცნი ეძიებდენ სიკვდილსა... და სიკვდილი ილტოდეს მათგან" (გამოცხადება 9,6). ამაშია საუკუნო ტანჯვის არსი, ამაში მდგომარეობს საშინელი სამსჯავროს საიდუმლოება.

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


უკან დაბრუნება