მთავარი > შეიცანი ჟამი > მოკლე ცნობები საშინელ სამსჯავროზე

მოკლე ცნობები საშინელ სამსჯავროზე


12-03-2013, 00:02

მოკლე ცნობები საშინელ სამსჯავროზე

   საშინელი სამსჯავროს შესახებ შევნიშნავთ შემდეგს:

   1.სამსჯავროზე გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა, - ე. ი. წმიდა ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა; გამოჩნდება როგორც სანუგეშოდ იმათთვის, ვინც ჯვარზე გაკრულ უფალს თაყვანი სცა და ჯვარს ეცვა, ასევე შესარცხვენად ბიწიერი იუდეველებისა, რომელთაც უფალი დიდებისა ჯვარზე გააკრეს.

   2.განცხადდება საქმენი და დაფარულნი ზრახვანი ყოველი ადამიანისა. წმ. ანდრია ამბობს: „გაიხსნება წიგნები ყოველთა საქმეთა და სინდისისა და ყველასათვის გამჟღავნდება".

   3.თავად უფალი იესუ ქრისტე სრულუფლებიანი მსაჯული იქნება, რადგან: არცაღა მამაჲ შჯის არავის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა (იოვანე, 5,22). თუმცა სამსჯავროზე ღმრთეებრივი და განუყოფელი სამების სამივე პირი იქნება, მაგრამ მთელ სამსჯავროს მაინც მხოლოდ ძე წარმართავს, რადგან მან ჩვენთვის ტანჯვანი ნებით დაითმინა. თვითონ უსამართლოდ განსჯილი ყველას სიმართლით განსჯის. წმიდა წერილი ამბობს, რომ ქრისტეს გარდა მსაჯულები კიდევ იქნებიან. რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისასა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა - ეუბნება უფალი მოწაფეებს, - განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა (მათე, 19,28). არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ?... არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ?(1 კორინთელთა, 6,2-3, შეადარე მათე, 12,41-42: კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და, აჰა ესერა, უფროჲს იონაჲსსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და, აჰა ესერა, უფროჲს სოლომონისსა არს აქა.). მოციქულები და ზოგიერთი წმიდანი არა თვითმპყრობელური და დამოუკიდებელი სამსჯავროთი, არამედ თანამონაწილეობითა და თანანებელობით განსჯიან. განადიდებენ რა ქრისტეს სამსჯავროს, მართალთაგან არა მხოლოდ კაცნი, არამედ დემონებიც გასამართლდებიან.

   4.ქრისტეს სამსჯავრო განსხვავებული იქნება კაცთა სამსჯავროსაგან, რადგან მასზე არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აზრითაც იქნებიან მხილებულნი. მსაჯული ყველას გასაგონად ეტყვის მის მარჯვნივ მდგომთ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხორებასა საუკუნესა (მათე, 25,34,41,46).

   აი, რას გვასწავლის წმიდა წერილი საშინელ სამსჯავროზე! - ყოველი ჩვენგანი მას რწმენით უნდა ჩასწვდეს და არა ცნობისმოყვარეობითა და წვალებით. „იცი შენ, - ამბობს იოანე ოქროპირი, - მოციქული, გამოცდის გამო, როგორ გვსაყვედურობს? (1 ტიმოთე, 6,20: ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და სიტყჳს - გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა), რადგან იქ, სადაც რწმენაა, გამოცდას ადგილი არა აქვს, ხოლო სადაც გამოსაცდელი არაფერია, იქ კვლევა ზედმეტია". გამოცდა დამღუპველია რწმენისა, რადგან მას, ვინც ცდის, რწმენა არ შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც ამბობენ: „გამოცდაში ნუ ვივარჯიშებთ", რადგან თუკი ვწვალობთ, - ეს რწმენა არაა; რწმენა აზროვნებას ამშვიდებს. ამგვარად, ნუ გამოვცდით, რათა მორწმუნენი გვეწოდოს.

   თუ სიტყვა კაცობრივია, ის უნდა გამოვიკვლიოთ; ხოლო თუ ღმრთისა - მისი მხოლოდ მოსმენა და რწმენა გვმართებს; თუ სიტყვებს არ ვირწმუნებთ, არც იმას ვირწმუნებთ, რომ ღმერთი არსებობს. ღმრთის რწმენის უპირველესი საფუძველი მისი მოძღვრებისადმი გამოჩენილი ნდობაა. ძველი მოღვაწენი სწორედ ამგვარი რწმენისათვის იყვნენ შექებულნი, რომლის გარეშეც ყოველივე იხრწნება" (საუბარი 1).

   


წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება