მთავარი > თანამედროვე მამები > ავადმყოფი ბავშვები
ავადმყოფი ბავშვები25-02-2013, 17:38 |
- წმიდაო მამაო, დღეს რომ მშობლებმა მოიყვანეს, ის ავადმყოფი ბავშვი ძალიან იტანჯება. _ არაუშავს. თანდათანობით მისი ავადმყოფობა გაივლის. მაგრამ ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მგრძნობიარე ადამიანი იქნება და თავისი ავადმყოფობა მუდამ ემახსოვრება. ეს მგრძნობიარობა მას სულიერად დაეხმარება. _ წმიდაო მამაო, სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებიც ძალიან იტანჯებიან. _ ასეთ ბავშვებს ძალიან ეხმარება საღმრთო ზიარება. ბევრი ბავშვი საღმრთო ზიარებამ განკურნა კიდეც. ასორმოცდამეხუთე ფსალმუნის წაკითხვისას ვევედრებით უფალს, რომ განკურნოს ისინი, ვინც სისხლდენით იტანჯებიან. ამ დროს სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვებისთვისაც ვილოცოთ. ასევე იმისთვის, რომ საავადმყოფოებში ყველა თალესამიით დაავადებული ბავშვისთვის საკმარისი სისხლი ჰქონდეთ. ეს ბავშვები იმ ყრმებზე მეტად იტანჯებიან, ჰეროდემ რომ გაწყვიტა. ავადმყოფობისაგან გაწამებულ პატარა ბავშვებს დიდი საზღაური ელით, რადგანაც ისინი უცოდველები არიან. რომ იცოდეთ, იმ ქვეყნად რამდენ ბავშვს ვნახავთ მოწამეობრივად აღსრულებულ , ანგელოზების დასთან შერთულ ბეთლემში მოწყვეტილ ყრმებთან ერთად. ორი თვის ჩვილს ოპერაციას და ნემსებს უკეთებენ, წვეთოვანს უდგამენ! როგორ გინდა, რომ ამ ნამცეცა ხელზე ვენა მოძებნო?! მათ კი უკეთებენ და უკეთებენ ნემსებს. ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე აქვს და მას ასხივებენ, უფროსებსაც კი არ შეუძლიათ ასეთი რამის გადატანა და რაღა ითქმის ბავშვებზე?! _ წმიდაო მამაო, ეს ბავშვები ბოლოს და ბოლოს გამოჯანმრთელდებიან თუ კვდებიან? _ ეჰ, ბევრი მათგანი, რა თქმა უნდა, კვდება. მაგრამ განა მშობლებს შეუძლიათ, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვონ ისინი. _ წმიდაო მამაო, აქვს კი რაიმე აზრი იმას, რომ ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებულ ბავშვებს პედიატრები სიცოცხლეს უნარჩუნებენ? _ ექიმებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და ამავე დროს ილოცონ ამ ბავშვებისათვის. ეს ექიმები ღმერთს უნდა ევედრებოდნენ: ,,ღმერთო ჩემო, თუ ეს ბავშვი გადარჩება და მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტანჯვა მოუწევს, მაშინ გევედრები, წაიყვანე ის ახლავე.’’ ამავე დროს, მათ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ ბავშვი წმიდა ნათლისღების გარეშე არ დარჩეს. მაშინ ეს ბავშვები თავიანთ ექიმებს სამოთხეში დანთებული სანთლებით დახვდებიან. ხოლო, როდესაც ბავშვები უკვე იმ ასკში იმყოფებიან, როდესაც რაღაცის გაგება შეუძლიათ, ექიმებს უდიდესი ყურადღება მართებთ, რათა დიაგნოზის გამოცხადებით მათი ტრამვირება არ მოხდეს. ერთ რვა წლის ბავშვს ექიმმა უთხრა: ,,შენ დაბრმავდები .’’ ბავშვის მამა ჩემთან მოვიდა და პირდაპირ ამ ბავშვის თანდასწრებით მომიყვა: ,,ჩვენ მას გამოკვლევებზე საზღვარგარეთ დავატარებდით, გვითხრეს, რომ ის დაბრმავდება.’’ ასეთი რამ სრულიად ჯანმრთელმა ბავშვმაც რომ მოისმინოს , შესაძლოა, შინაგანმა აშლილობამ პირდაპირ სუსტ ადგილზე დაარტყას. აბა, ავადმყოფ ბავშვებზე რაღა ითქმის! მამა პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |