მთავარი > შეიცანი ჟამი > აღმდგართ ადრინდელი სხეულები ექნებათ თუ სხვაგვარი?

აღმდგართ ადრინდელი სხეულები ექნებათ თუ სხვაგვარი?


17-03-2013, 00:19
აღმდგართ ადრინდელი სხეულები ექნებათ თუ სხვაგვარი?

   ამ კითხვას ვუპასუხებთ სიტყვებით: ა) ფსალმუნთა მაგალობელისა: დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს (ფსალმუნი, 33,21); ბ) პავლე მოციქულისა: რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი (2 კორინთელთა, 5,10); რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ (1 კორინთელთა, 15,53).

   წმ. წერილის ამ სიტყვებიდან ვასკვნით, რომ სხეული, რომელიც მიწიერ ტანჯვათა და ტკბობათა თანამონაწილე იყო, მარადიული დიდების, ან დაუსრულებელი ტანჯვის თანამონაწილეც იქმნება. ისევე, როგორც უფალი მარცვალს სხვა სხეულს აძლევს, ასევე აღმდგართაც ახალი ხორცი ხომ არ ექნებათ? განა ამაზე არ ამბობს მოციქული: რომელ  დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის..., არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი (1 კორინთელთა, 15,36-38).

   მოციქული თესლის არა არსზე, არამედ გარეგნულ სახეზე ლაპარაკობს, რადგან არსი მაგარი და დამპალი და აღმონაცენის მომცემი მარცვლისა ერთი და იგივე რჩება; თუ ჩვენ ხორბლის მარცვალს დავთესავთ, თავთავიც ხორბლისა იქნება და არა - ქერის. ისევე როგორც ხორბალი, როცა მისგან ღერო აღმოცენდება, თავის ტიპურ თვისებებს არ კარგავს, ასევე შეინარჩუნებენ აღდგომისას თავიანთ დამახასიათებელ თვისებებს ადამიანთა სხეულები და მხოლოდ გარეგნულად შეიცვლებიან: დაითესვის ხრწნადი და აღდგების უხრწნელი.ჩვენი სიტყვების პირდაპირ მტკიცებას აღმდგარი ქრისტეს სხეული წარმოადგენს, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა (ფილიპელთა, 3,21).

   ურიცხვი შემთხვევაა ცნობილი, როცა ადამიანის სხეულის ფერფლი სრულიად განადგურდა და ქარით განიბნა, სამეცნიერო თუ სხვა სახის გათხრებისას დაიფანტა, ცეცხლით დაიწვა და კვამლად იქცა. ასევე ვიცით, რომ ადამიანებს მხეცები, ფრინველები და თევზები ჭამენ. როგორ შეიკრიბება ამ ადამიანთა სხეულები და თავის პირვანდელ სახეს როგორ მიიღებენ?

   ამგვარი კითხვის პასუხად, როგორც ადრე, ახლაც იმას ვიტყვი, რომ ეს რწმენის საქმეა და არა ცნობისმოყვარეობისა, რადგან: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს (მათე, 19,26). - ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ(ფსალმუნი, 142,5) - ამბობს თავისი თავის შესახებ დავითი. ფიქრობდა რა ღმრთის ყოვლისშემძლეობაზე, მას ურყევად სწამდა, რომ ზეცა, დედამიწა, ჰაერი, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, ერთი სიტყვით შეიქმნა: რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს (ფსალმუნი, 32,9). თუკი ღმერთმა მთელი სამყარო უმყოფობიდან ყოფიერებაში მოიყვანა და მიწის მტვერიდან ადამიანი შექმნა, მით უმეტეს შეუძლია განახლება ადამიანის სხეულისა, თუნდაც ის მთელ ცისქვეშეთში იყოს გაბნეული. იოანე დამასკელს უკიდურესად უკვირს იმათი, რომელნიც კითხულობენ: მკვდრები როგორღა აღდგებიან? „როგორი სიგიჟეა! - ამბობს იგი, - როგორი ურწმუნოებაა იმისადმი, რომელმაც, მხოლოდ ნებით, მტვერი სხეულად გარდააქცია, რომელმაც პაწაწინა თესლს საშოში გაზრდა უბრძანა! შემეკითხებით: როგორი სხეულებით მოვლენ? - უგუნურო! თუ სიბრმავე არ გაძლევს საშუალებას ღმრთის სიტყვებს ერწმუნო, საქმეებს ერწმუნე! რომელ დასთესი არა ცხოვნდის, ვიდრე არა მოკუდის და ა. შ.

 

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება