მთავარი > შეიცანი ჟამი > ბაბილონის დაცემა

ბაბილონის დაცემა


28-02-2013, 00:02
ბაბილონის დაცემა

   წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი დაწვრილებით აგვიწერს ბაბილონს მეძავი ქალის სახით. და ვიხილე დედაკაცი - ამბობს იგი, - მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსასა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილოვნი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის (გამოცხადებაჲ, 17, 3-6, 9).

   იმის თაობაზე, თუ მოციქული ბაბილონს რომელ ქალაქს უწოდებს, მრავალი ვარაუდი არსებობს. პირველთა შეხედულებით ბაბილონად ან ყველა ბიწიერთა საერთო კრებული, ან საერთოდ მთელი ხილული სამყარო იწოდება თავისი დიდებულებითა და მშვენიერებით. მეორენი ბაბილონს მაჰმადიანებს უწოდებენ, რომელთა ბოროტმსახურება და ღმრთის საწინააღმდეგო რწმენა ყოველგვარ სისაძაგლეს ასწავლის და მრავალი ცოლის ყოლის ნებას იძლევა. ამ სახელს მიაკუთვნებენ აგრეთვე თურქეთის ქალაქ - კონსტანტინეპოლს (სტამბულს), რომელიც შვიდ ბორცვსა და წყალთა მათ ზედა მრავალთაა (გამოცხადებაჲ, 17, 1) დაფუძნებული. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ მოციქული ძველ ბაბილონზე ლაპარაკობს, რომელშიც ანტიქრისტეს პირველსახენი და წინამორბედნი - ნებროთი, ნაბუქოდონოსორი და ანტიოქე მეფობდნენ. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაბილონში ძველი რომი უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც სამყაროს აღსასრულს ჟამს დაეცემა. მოციქულთა თავი პეტრე, თავის პირველ ეპისტოლეში ამბობს: გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილოვნს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოზ, ძე ჩემი (1 პეტრე, 5, 13). - ძველი მასწავლებლებიდან ერთ - ერთი ამ სიტყვებს ასე განმარტავს: „პეტრე მოციქული კერპთაყვანისმცემლობის შერწყმისა და შერევისათვის რომს ბაბილონს უწოდებს. მაშინ მათ შორის მცირერიცხოვანი ეკლესია ბრწყინავდა, რომელიც პირველობდა. იგი მსგავსი იყო ებრაელი ხალხისა, რომელიც ბაბილონის ტყვეობაში წმ. სიონისაგან განშორებას „დასტიროდა და არ სურდა ღმრთისათვის უცხო მიწაზე ეგალობა".

   წმ. ანდრია ამბობს: „წმ. წერილის მრავალი ადგილიდან შეიძლება შევიტყოთ, რომ ქალაქებს სახელები მათი საქმიანობის შესაფერისად ეძლევათ. სწორედ ამ მიზეზით ეწოდება რომს ბაბილონი. უძველეს იერუსალიმზეც ნათქვამია: „მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი" (იერემია, 3, 3). წინასწარ განჭვრიტა რა რომის დაცემა, იოანე ღმრთისმეტყველს აღმოხდა: დაეცა ბაბილონი დიდი (გამოცხადებაჲ, 18, 2).

   ანტიქრისტეს საბოლოო დაცემა გამოცხადებაშია აღწერილი: და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანასა და გარემოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი (გამოცხადებაჲ, 20, 9).

   წმ. ანდრია კესარიელი ამბობს: „ან ცეცხლი შთანთქავს, ისეთივე ხილული, როგორც წმ. ელიას დროს იყო, როცა ორი ორმოცდაათეული შთაინთქა, ან კიდევ, ქრისტეს დიდებით მოსვლის ჟამს მისი ბაგეების სულით განადგურდებიან და მათი ბელადი - ეშმაკი, ანტიქრისტესთან ერთად ცეცხლის ტბას მიეცემა, რათა იქ საუკუნოდ ეწამონ. ხოლო ჩვენ, ქრისტე მაცხოვრის მიერ განსწავლულნი, გულით ვილოცებთ, რათა არც მოსვლა ანტიქრისტესი და არც სიკვდილშემოსილი უბედურებანი, რომელნიც მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან განდგომას გვაიძულებენ, - არ ვიხილოთ. დავიცავთ რა შეუბღალავად სინდისის დამოწმებას და ვუჩვენებთ რა ჩვენს მაცხოვარს მგზნებარე სიყვარულს კეთილი საქმეებით, მარადიულ სიკეთეთა მოპოვებისა და ღმრთის გულუხვობის სასოებით ვისულდგმულებთ და თაყვანს ვცემთ ყოვლადწმიდა სამებას აწ და მარადის და უკუნითი - უკუნისამდე".

 

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება