მთავარი > შეიცანი ჟამი > რა არის „გოგი“ და „მაგოგი“?

რა არის „გოგი“ და „მაგოგი“?


27-02-2013, 07:34
რა არის „გოგი“ და „მაგოგი“?

    „გოგი" და „მაგოგი" სახელებთან დაკავშირებით რამდენიმე ახსნა - განმარტება არსებობს.

    1. წმ. ანდრია კესარიელი ასეთ განმარტებას იძლევა: „ზოგიერთი ფიქრობს, რომ გოგი და მაგოგი ყველა ხალხთა და სამეფოთაგან ყველაზე მეომარი და მრავალრიცხოვანი სკვითები ან, როგორც მათ ვუწოდებთ, ჰუნებია. ეშმაკის განთავისუფლებამდე და მის მიერ სამყაროს დაპყრობამდე მათ მხოლოდ ღმრთეებრივი ხელი იჭერს. ზოგიერთი ამბობს, რომ ებრაულში გოგი კრებას ან კრებულს ნშნავს, ხოლო მაგოგი - ამაღლებულს ან ამაღლებას. ამგვარად, ამ სახელებით ან ხალხთა კრებული, ან მათი ამაღლებაა აღნიშნული. ეზეკიელიც წინასწარმეტყველებდა, რომ ეს ხალხები უკანასკნელ ჟამს მოვლენ, ისრაელის მიწას დაეცემიან და მათი საჭურველის დაწვას, სიმრავლის გამო, შვიდი წელი დასჭირდება (ეზეკიელი, 39, 2-9). მრავალი განმმარტებელი წინასწარმეტყველის სიტყვებს ეზეკიელის დროს ასირიელების სენაქერიმთან ბრძოლას უკავშირებდა. მაგრამ ეს მოვლენა ეზეკიელის წინასწარმეტყველებამდე მრავალი წლით ადრე მოხდა. სხვანი ამ სიტყვებში იმ ხალხების დამარცხებას ხედავდნენ, რომლებიც იერუსალიმის მცხოვრებთ მაშინ დაესხნენ თავს, როცა მათ, ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ, ჯერ კვიროს სპარსელის, ხოლო მერე დარიოსის ბრძანების შედეგად, ქალაქის კედლების აღდგენა მოისურვეს. იმასაც ფიქრობენ, რომ ეს სიტყვები ანტიოქეს ჯარების მისამართითაა ნათქვამი, რომელიც მაკაბელებმა დაამარცხეს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყველაზე უფრო მათი მოსვლა უკანასკნელ ჟამს შეეფერება. ასე იმიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ წმიდა წერილში იუდეველების ბრძოლა სკვითებთან ერთად  არსად არ იხსენიება; რომ გოგი, როგორც წერია, ძველი დროიდან მოემზადება და უკანასკნელ დროს მოვა და რომ, გოგი და მაგოგი ამ სოფლის აღსასრულის ჟამს მოვლენ".

    2. წმ. ამბროსი და წმ. ავგუსტინე გოგისა და მაგოგის ბრძოლაში ანტიქრისტეს მიერ ეკლესიის დევნას გულისხმობენ. გოგოს ისინი თავად ანტიქრისტეს უწოდებენ, ხოლო მაგოგს მის ურიცხვ ჯარს, ან სკვითებს, რომლებიც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც, მოსეს მოწმობით, იაფეტის ძე მაგოგი დაემკვიდრა (შესაქმე, 10,2).

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება