მთავარი > თანამედროვე მამები > მშობლების მაგალითი
მშობლების მაგალითი13-02-2013, 17:40 |
_ წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუკი ბავშვი არ უგონებს მათ და ჭირვეულობს? _ თუ ბავშვი გაუგონარია და ცუდად იქცევა, ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა საკუთარ სახლში ის უწესო სცენებს ხედავს, ან - უწესო საუბრებს ისმენს. რაც უნდა იყოს, სულიერ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ძირითადად იძულებით კი არ ვეხმარებით ბავშვებს, არამედ- პირადი მაგალითით. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებულ დახმარებას შვილებს დედა მაგალითით, მეუღლისადმი მორჩილებით და მისდამი პატივისცემით უწევს. თუკი რაიმე საკითხთან დაკავშირებით დედას მამისაგან განსხვავებული აზრი აქვს, მან ეს აზრი ბავშვების თანდასწრებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოთქვას, რომ ამით მზაკვარმა არ ისარგებლოს. დედამ არასოდეს არ უნდა წაუხდინოს მამაზე შეხედულება ბავშვებს. მამა დამნაშავეც რომ იყოს, დედა მას უნდა ამართლებდეს. მაგალითად, თუკი მამა ცუდად მოიქცევა, დედამ ბავშვებს უნდა უთხრას: „მამა დაღლილია, ის მთელ ღამეს მუშაობდა, რომ ერთი ძალიან სასწრაფო საქმე დაემთავრებინა. ის ხომ თქვენთვის ცდილობს " . ბევრჯერ მშობლები შვილების თვალწინ ჩხუბობენ და ამით მათ ცუდ მაგალითს აძლევენ. საბრალო ბავშვები წუხან და დარდობენ. მერე კი მშობლები, იმისათვის, რომ ისინი ანუგეშონ, ყოველგვარ ახირებას უსრულებენ მათ. მამა, იმისათვის, რომ ბავშვს აამოს, მის „მოსყიდვას’’ იწყებს: „ აბა, ჩემო ოქრო, მითხარი, რა გიყიდო ’’? დედა თავის მხრივ იწყებს საკუთარი პირმშოს ყველა სურვილის შესრულებას. საბოლოო ჯამში კი ბავშვები უაღრესად განებივრებულები იზრდებიან. შემდეგ კი, თუ ამ მშობლებს აღარ შეუძლიათ, მისცენ შვილებს ყველაფერი, რასაც მოინდომებენ, შვილები მშობლებს ემუქრებიან და შესაძლოა, მათზე ხელიც კი აღმართონ. მე ვხედავ, რამდენად ეხმარება ბავშვებს მშობლების კეთილი მაგალითი. დღეს ჩემთან სტუმრები იყვნენ: ორი გოგონა, ერთი სამი და მეორე ოთხი წლის, - მშობლებთან , ძალიან ღვთისმოსავ ადამიანებთან ერთად. რაოდენ დიდი სიხარული მომიტანეს ამ ნამცეცებმა! ისინი ნამდვილი ანგელოზები იყვნენ! გვერდიგვერ ისხდნენ და კაბის კალთებს მუხლებზე იწევდნენ. რაოდენ დიდი მოკრძალება და პატივისცემა ჩანდა მათში! და ყოველივე ეს იმიტომ, რომ ისინი მშობლების საქციელს ხედავდნენ. რაკიღა ხედავდნენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ, კეთილგონივრულად იქცეოდნენ, ლოცულობდნენ, ბავშვების სულში ეს ყველაფერი აღიბეჭდებოდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ თუკი მშობლები საკუთარ ღვთისმოსაობას შვილებსაც გადასცემენ, ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც მათ შეუძლიათ. თქვენ რომ მხოლოდ განახათ ერთი ქალიშვილი, რომელიც ავსტრალიაში გავიცანი! რაოდენი კეთილშობილება იყო მასში! ჩვენ კანბერაში მივედით. როდესაც ჩემი ნახვის მოსურნე ორი სოლიდური სტუმარი მივიღე, გამგზავრებას ვაპირებდი . ვხედავ ავტომანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოვიდა ცოლ-ქმარი,-პატარა გოგონასთან ერთად. ,,წმიდაო მამაო, მაინც მოგისწარით’’. მითხრეს მათ. ,, დიახ, ჩვენ უკვე გამგზავრებას ვაპირებდით’’. მივუგე მე. მაშინ ქმარმა მითხრა : ,,წმიდაო მამაო, ჩემი მიღება აუცილებელი არ არის. თუ ვერ შეძლებთ, არაფერი დაშავდება. აი, ჩემი ცოლი კი მცირე დროს წაგართმევთ, თორემ ძალიან შეწუხდება, ის ხომ მეტისმეტად მგრძნობიარეა’’. მე მის მეუღლესთან ერთად გვერდზე გავედი, რადგან მას ჩემთვის რაღაცის თქმა სურდა. გოგონას უნდოდა დედას დადევნებოდა. მაგრამ მე მას ვუთხარი:,, აქ იჯექი დედაშენი მოვა , მალე მოვა’’.,, შენ გყავს დედა ’’? მკითხა მან. ,,არა’’. ვუპასუხე მე. დავინახე მე მის თვალებში ცრემლმა გაიბრწყინა. ,,გინდა, ჩემს დედას მოგცემ’’. შემომთავაზა მან. მაშინ მე თავად ვკითხე:,, შენ თუ გყავს პაპა’’? ,,არა’’ მიპასუხა მან.,, გინდა, რომ პაპა გყავდეს’’? ,, მინდა, მინდა, შენ თვითონ გადმოხვალ ჩვენთან საცხოვრებლად, თუ გირჩევნია, რომ ჩვენ გადმოვიდეთ შენთან’’. ,,როგორც გინდა’’! როგორი კეთილშობილებაა! პატარა გოგონა თავის დედას მჩუქნის. აბა შეხედეთ: მან ხომ ეს თავისი მშობლებისაგან შეიძინა. მამამისი საოცარი კეთილშობილებით გამოირჩეოდა. მე გადავეხვიე ამ ადამიანს და მივულოცე, რომ მას ასეთი შესანიშნავი ქალიშვილი ჰყავდა. რამდენი ლოცვა-კურთხევა გავიმეტე მისთვის! ასეთი ადამიანები თვით ყველაზე მკაცრი ადამიანების გულებს მოალბობენ და ღმერთზე რაღა უნდა ითქვას.
მამა პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |