მთავარი > შეიცანი ჟამი > წინასწარი ცნობები ანტიქრისტეს შესახებ
წინასწარი ცნობები ანტიქრისტეს შესახებ8-02-2013, 15:22 |
„ანტიქრისტე" ორი ბერძნული სიტყვისაგან შედგება: Ανтί - ანტი - საწინააღმდეგო, საპირისპირო ან მაგიერი, და Χρισтός - ქრისტე. მაშასადამე, ანტიქრისტე სიტყვასიტყვით ქრისტეს მტერს, მოწინააღმდეგეს ან ქრისტეს მაგიერს ნიშნავს. როგორც სახელს „იესუ", ასევე გამოთქმას „ანტიქრისტე" წმ. წერილში ორი წარმოდგენა უკავშირდება: საერთო და კერძო. საერთო გაგებით, სახელი „Ιησούς" - იესუ" ძველ აღთქმაში მრავალ მართალ ადამიანს ერქვა, მაგალითად: იესუ ნავეს ძე, იესუ ზირაქის ძე და სხვა. კერძოდ კი „იესუ", როგორც წმიდა სახელი, მხოლოდ ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტესათვისაა დამახასიათებელი. მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ეუბნება: და, აჰა ესერა, შენ მუცლად - იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ (ლუკა, 1,31). ორმაგი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, აგრეთვე, გამოთქმა თუ სიტყვა, „ქრისტე". როგორც საერთო სახელი, ბერძნული სიტყვა Χρισтός - ზოგადად ღმერთის ცხებულს ნიშნავს. ძველ აღთქმაში ცხებული ებრაელთა ყველა მეფეს ეწოდება, რომელთაგან პირველი საული იყო: და ჰრქუა დავით ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა მიერ, რათამცა ვნებაჲ რამე შევამთხჳე უფალსა ჩემსა, რამეთუ ცხებული უფლისა არს იგი! (1 მეფეთა, 24,7). მეფეთა მეორე წიგნში დავითი საყვედურით მიმართავს საულის მკვლელს: და შენ ვითარ იკადრე მიყოფად ჴელი შენი და მოკლვად ცხებული უფლისა? (2 მეფეთა, 1,14). ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა (ფსალმუნი, 104,15; ასევე ფსალმუნი, 83, 10: მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა) - ამბობს საული წმიდა ფსალმუნთა მგალობელის პირით. კერძო მნიშვნელობით სახელი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, ღმერთის ცხებულისა და ღმერთისთვისაა დამახასიათებელი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა (ფსალმუნი, 44,8); შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათვის (ფსალმუნი, 2,2). ამრიგად, თუ მხედველობაში ამ სიტყვის საერთო მნიშვნელობა გვექნება, ანტიქრისტე შეიძლება ქრისტიანთა ყველა მდევნელსა და მწამებელს ეწოდოს, რომელნიც ასე მრავლად იყვნენ ქრისტიანობის პირველ პერიოდში (მაგალითად: ტიბერიუსი, ნერონი, დომიციანე, ტრაიანე, ადრიანე, ჰელიოგაბალი, მაქსიმიანე, დიოკლიტიანე, იულიანე განდგომილი და მრავალი სხვა). აქვე უნდა მოვიხსენიოთ მრავალრიცხოვან ერესთა და განხეთქილებათა ფუძემდებლები თავიანთი მიმდევრებითურთ, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: სიმონ მოგვი, არიოზი, მაკედონიუსი, ნესტორი, საბელიოზი, აპოლინარე და სხვანი. ესენი ყველანი ანტიქრისტეებია, რადგან ერთნი ქრისტიანებს დევნიდნენ და ავიწროებდნენ, ხოლო მეორენი, ამახინჯებდნენ რა ქრისტიანულ მოძღვრებას, ერეტიკოსებად იქცნენ და თავიანთი ცრუ სწავლებით მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება დათესეს. სწორედ ამგვარ ანტიქრისტეთა შესახებ ამბობს იოვანე ღმრთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში: საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ - წინაჲსწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმერთისაგან არს. დაე ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსვლად არს და აწცა სოფელსა შინა არს (1 იოვანე, 4, 1-3). სხვა ადგილას: ვითარცა - იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან... (ისინი) ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი (1 იოვანე, 2,18-19). გამოთქმით ჩვენგან განვიდეს მოციქული ნათლად მიუთითებს იმგვარ ანტიქრისტეებზე, რომელნიც სხვადასხვა ცდომილების გამო ქრისტიანთა წრიდან გავიდნენ. წინამდებარე ნაშრომში ჩვენ იმ ანტიქრისტეზე გვინდა ვისაუბროთ, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოვა. ქრისტიანობის ყველა მტერი ქრისტეს უძლიერესი მტრისა და მოწინააღმდეგის მხოლოდ წინამორბედია. და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, - წერს თესალონიკელებს მოციქული პავლე, - შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი (2 თესალონიკელთა, 2, 3-4).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე" უკან დაბრუნება |