მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > საყოველთაო აღდგომის შესახებ — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
საყოველთაო აღდგომის შესახებ — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძედღეს, 14:58 |
|
მოდერნისტულ-ეკუმენისტური კონცეფცია საეკლესიო საზღვრების გაფართოებისა და „ეკლესიათა გაერთიანების" ერთგვარი მოწოდებაა. ის პირდაპირ უკავშირდება ორიგენეს ესქატოლოგიურ სწავლებას. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ესქატოლოგია (სწავლება ბოლო ჟამის შესახებ) მოდერნისტებისათვის „ბნელ საუკუნეთა" გადმონაშთია. ორიგენისეული აპოკატასტატისი (ბუნების ტოტალური, საყოველთაო აღდგენა) პირდაპირ კავშირშია ეკუმენისტურ ეკლეიოლოგიასთან საყოველთაო გაერთიანების შესახებ. მოდერნისტებს ახასიათებთ წმ. მამათა სწავლებაში ნაპოვნ კერძო მოსაზღებათა (თეოლიგუმენის) გადოგმატურების მცდელობა, თითქოს ესა თუ ის „კერძო აზრი" იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის უტყუარი სწავლება. განსაკუთრებით „მიმზიდველი" აღმოჩნდა მათთვის წმ. გრიგოლ ნოსელის ღვთისმეტყველება — აქ მართლაც ვპოულობთ ორიგენისტულ საზრისებს, მაგრამ ეკლესიამ ყველა მათგანი წმინდანის კერძო შეხედულებად მიიჩნია: „დიდი დროის გასვლის შემდეგ ბუნებიდან აღმოფხვრილი იქნება ბოროტება, შერწყმული მასთან (ბუნებასთან), ვინაიდან აღსრულდება ამჟამად ბოროტებაში მყოფი ბუნების პირველქმნილ მდგომარეობაში აღდგენა, ერთხმად მიეგება მადლი ყველა ქმნილებასა და ყველას, ვინც გადაიტანა განწმენდელი ტანჯვა და მათაც, ვინც არ საჭიროებდა განწმენდას".1 სხვა ნაშრომში წმ. მამა ამბობს: „აღდგომილი მადლი გვაუწყებს პირველად მდგომარეობაში დაცემულთა აღდგენას (აპოკატასტატისს), ვინაიდან აღდგომის მადლი ნიშნავს აყვანას პირველად ცხოვრებაში, კვლავ აყვანას სამოთხეში იქედან გამოდევნილისა".2 მოდერნისტები (მაგ. ი. ალფეევი, ა. ოსიპოვი და მრავალი სხვა) წმ. მამის მსგავს კერძო აზრებს, სინამდვილეში კი მას ამოფარებულ ორიგენეს შეხედულებებს სათავისოდ იყენებენ. ისინი მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომას მთლიანად პირველქმნილი ბუნების აღდგენასთან აიგივებენ. საყოველთაო აღდგომა ჯერ არ ნიშნავს, რომ ყველა ცხონებულია, არა — ამის შემდეგ იწყება კაცობრიობის დაყოფა: ერთნი სამოთხეს იმკვიდრებენ, მეორენი — ჯოჯოხეთს. მოდერნისტების კონცეფციაში ზღვარი მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და დანარჩენი კაცობრიობის წარმომადგენლებს შორის, მხოლოდ მისასვლელი გზების სხვასასხვაგვარობაშია. მათი სწავლებანი განმწმენდელი ტანჯვის შესახებ, რასაც თურმე ცოდვილი ფიზიკურ სიკვდილსა და აღდგომას შორის გადის, „მოზომილი ორიგენიზმის" ნიმუშია და აშკარად ეწინააღმდეგება ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებას. ამიტომ ასეთი აღტყინებული რენესანსი წმ. გრიგოლ ნოსელის აპოკატასტატისისა (კერძო აზრისა) კრებსითი განსაზღვრების (V მს. კრება) შემდეგ, ან უვიცობის (ნაკლებად სავარაუდოა), ან მიზანმიმართული სპეკულაციის შედეგია. მოდერნისტების „მოზომილ ორიგენისტობას" ავლენს ის ფაქტიც, რომ აღდგენას ექვემდებარებიან მხოლოდ ადამიანები, არადა ორიგენესთან საბოლოოდ ეშმაკებიც ცხონდებიან. ა. ოსიპოვი წერს: „საშინელ სამსჯავროზე საბოლოო ხვედრი ადამიანისა თავად მის ხელშია, მისი ნებით გადაწყდება".3 თავად ეს იდეა, რომ საშინელ სამსჯავროზე ბრალდებულები თურმე თავად გადაწყვეტენ, სად იცხოვრონ — სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, მკრეხელობის ნიშნების შემცველია. მრწამსის მართლმადიდებლურ სიმბოლოში ვკითხულობთ: „მოვედი განსჯად ცხოველთა და მკვდართა". მოდერნისტების მიხედვით კი უფალი მხოლოდ დაესწრება „ადამიანის თვითგარკვევის" პროცესს, სად სურს ყოფნა — სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში. ღმერთს მათ კონცეფციაში უმნიშვნელო ადგილი უკავია. ოსიპოვის აზრით „საშინელ სამსჯავროზე ყოველი ადამიანის წინაშე გაიხსნება ზნეობრივი სიდიადე იესო ქრისტეს ჯვარცმისა. ეს გარემოება უთუოდ დიდწილად განსაზღვრავს დადებით არჩევანს ადამიანში.4 როგორც ვხედავთ, იესო ქრისტეს ჯვარცმა მათთვის მხოლოდ ზნეობრივი მაგალითია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გარდაცვლილს არჩევანის გაკეთებაში, ე.ი. არ დარჩეს ჯოჯოხეთში (იქ ცხელა) და აირჩიოს გადაბრძანება სამოთხეში ორთოდოქსული ესქატოლოგიის მიხედვით. თავად ეს მიდგომაა კატეგორიულად მიუღებელი — ის უფრო ჰუმანისტურ-რომანტიკულ მოგზაურობას წააგავს, რაც მოკლებულია ქრისტიანული სათნოებების, ღვთის შიშის ცნებებს და ქრისტიანობის პროფანაციას ჰგავს უფრო. წმ. კირილე იერუსალიმელი წერს: „ჩვენ აღვდგებით, ყველას გვექნება მარადიული სხეულები, მაგრამ ყველა როდი იქნება ერთნნაირი. მართლები მიიღებენ ზეციურ სხეულს, რათა შეძლონ ანგელოზებთან ურთიერთობა, ხოლო შეუნანელი ცოდვილები მიიღებენ ისეთ სხეულს, რომელიც დაექვემდებარება ტანჯვას, ტანჯვას მარადიულს, არასდროს რომ არ დასრულდება. „საყოველთაო აღდგომის" დროს ქრისტეს აღდგომის მადლი შემდეგშია: მოკვდავი შეიმოსება უკვდავებით".5 წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის: „ლიტურგიის დროს სახარების წაკითხვის შემდეგ კათაკმეველებისთვის კარების დახურვა გვიჩვენებს მართლების შესვლას სულიერ სამყაროში, ე.ი. ქრისტეს საქორწილე წიაღში, რაც მოხდება საშინელი გამიჯვნისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ".6 წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: „მართალთა სულები, სხეულთან გაყრის შემდეგ ნეტარებენ ზეცაში და ელიან სხეულის აღდგენას, როგორც გვაუწყებს იოანე მახარებელი (გამოცხ. 6. 10-11), ხოლო ცოდვილები ელიან ჯოჯოხეთს (გამოცხ. 20. 13). როდესაც ახმიანდება აღდგომის საყვირი, მაშინ სამოთხე წარადგენს ზეციურ მცხოვრებლებს, შემოსავს მათ ახალ სხეულებში, როდესაც გაცოცხლდებიან ძე ღვთისას სიტყვით (ინ. 5. 23). ჯოჯოხეთი კი წარადგენს თავის მკვიდრთ საშინელი სამსჯავროსა და საბოლოო განჩინებისთვის".7 ღირსი იუსტინე პოპოვიჩი: „საიქიოში მყოფი გარდაცვლილის სამშვინველს (душа), რომც სურდეს საკუთარი თავის გარდაქმნა და ახალი ცხოვრების დაწყება, ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. საიქიოში მას არ გააჩნია სხეული — პიროვნებისთვის აუცილებელი პირობა ნების გამოსახატავად და სამოქმედოდ. მას აღარ გააჩნია სათანადო პირობა და საშუალება ცხონებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ: საიქიოში სინანული შეუძლებელია, ვინაიდან იქ სისავსით მიეცემა ის, რაც დათესა, რაც ამოძრავებდა დედამიწაზე. ამაზე მიუთითებს წმ. წერილი (შეად. გალ. 6. 7).8 ე.ი. თუკი ადამიანი მიწიერი ცხოვრების პერიოდში ებრძოდა ვნებებს, იყო ჭეშმარიტი ეკლესიის შვილი, მის ნაკლულოვანებებს სულიწმინდა შეავსებს, ვით „ნაკლულოვანებათა აღმავსებელი", ხოლო თუკი მცნებების საპირისპიროდ ცხოვრობდა, ამასაც სისავსით მიიღებს ჯოჯოხეთში. ამრიგად, ეკლესიოლოგიური მერყეობა, საეკლესიო საზღვრების უკიდეგანო გაფართოება, „ქარიზმატული საზღვრების" ტერმინის შემოღება (გ. ფლოროვსკი) და მისთანანი, პირდაპირ უკავშირდება აპოკატასტატისის (საყოველთაო ცხონების) საკითხს. მოდერნისტთა კონცეფციაში, გარდაცვლილ ადამიანსაც აქვს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, განურჩევლად იმისა, იყო ეს ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ არა. ამის შედეგია ცნებათა აღრევაც: განურჩევლობა კერძო და საყოველთაო სამსჯავროს შორის, სადაც ცხონების საშუალება ეკლესიის უძლურ შვილებს შესაძლოა მიეცეს პირველი სიკვდილის შემდეგ (კერძო სამსჯავროზე); მეორეს (საყოველთაო სამსჯავროს) დროს ღვთის მადლი (და მხოლოდ ის) წყვეტს, ვის მიჰმადლოს ცხონება და ვის — არა. ამ საკითხით სპეკულირება — საყოველთაო აღდგომის დროს მთელი კაცობრიობის გადარჩენა, ცხონება, თითქოს შესაძლებელია „სააპელაციოზე" საკუთარი „სიმართლის" დამტკიცება, თითქოს შესაძლებელი იყოს საბოლოო განჩინების შემდეგ საკუთარი ძალებით რაიმეს შეცვლა, მორიგი ორიგენისტული ნიმუშია. ორთოდოქსული სწავლებით კი არა ჩვენი „სიმართლით", არამედ ღვთის კაცთმოყვარებით შეიძლება ცხონდეს მართლმადიდებელი ქრისტიანიც კი, არაფერს ვამბობთ დანარჩენ კაცობრიობაზე.
1 Св. Григорий Нисский. Большое огласительное слово, 26/ Восточные отцы и учители церкви IV в. Антология. Т. II. M. 1995. C. 181. 2 Св. Гр. Нисский. Об устроении человека. XVIII. СПБ. С. 57. 3 А. Осипов. Посмертная жизнь души. 2006. С. 42. 4 იქვე. ოსიპოვთან. 5 Св. Кирил Иерусалимский. Слово о суде и воскресении. Поучения огласительное. XVIII. 19/ Собрание Творений. 6 Прп. Максим Исповедник. Мистология XV. Творения. Кн. 1. Богословие и аскетические трактаты. С. 172. 7 Св. Игнатий Брианчанинов. Слово о смерти. Т. 3. с. 70. 8 Прп. Иустин Попович. Челийский. Догматика православной церкви. Ч. 6. Гл. 4-5. С. 364-367.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |